ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო კვეთის“ ბრალდებით დაკავებული ხვიჩა გლურჯიძე და ვასილ სალამაშვილი გათავისუფლებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს 2 მოქალაქის გათავისუფლება შსს-ს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების მიერ, „ცხელი ხაზის“ მეშვეობით, გამართული მოლაპარაკებების შედეგია.
ამავე წყაროს ცნობით, გორის რაიონის სოფ. ბერშუეთში მცხოვრები ხვიჩა გლურჯიძე 3 მაისს, ხოლო კასპის რაიონის სოფ. საკორინთლოში მცხოვრები ვასილ სალამაშვილი 8 მაისს დააკავეს. დაკავების საფუძვლად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო კვეთა“ დასახელდა.