მარგველაშვილი გამომცემელთა „გაკულაკებას“ შაშკინის „მუხლით“ ახდენს?
2013-2014 სასწავლო წლისათვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, 650000 ათასი მოსწავლე სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისის 145-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას გააკეთა. მინისტრის ამ განცხადებას კი საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება და მძაფრი კრიტიკა მოჰყვა.
„საქართველოს მთავრობის მიერ საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის სასკოლო სახელმძღვანელოების უფასოდ გადაცემის პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა. წელს პირველად, ყველა საჯარო სკოლის მოსწავლისათვის სახელმძღვანელოებს
სახელმწიფო შეიძენს.
თითოეული ოჯახი ყოველწლიურად, ერთი მოსწავლის სახელმძღვანელოების სრულ პაკეტში 100-160 ლარს იხდიდა, ორი მოსწავლის შემთხვევაში კი - 200-320 ლარს,“ - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, მომავალში განათლების სამინისტრო გამომცემლობებთან ისევ ითანამშრომლებს, თუმცა, ეს განსხვავებული ფორმატით მოხდება - სამინისტრო ყველა იმ სამუშაოსთვის, რაც წიგნის გამოცემას სჭირდება (დაკაბადონება, დიზაინი და ა.შ.) იქირავებს გამომცემლობას და კონკრეტული სამუშაოსთვის ფულს გადაუხდის, თუმცა, მინისტრის განცხადებით, გამომცემელს საავტორო უფლება წიგნზე აღარ ექნება.
მარგველაშვილი ამბობს, რომ ამავე ფორმით ითანამშრომლებენ ავტორებთანაც და მათ მიერ გაწეულ სამუშაოში კონკრეტულ თანხას გადაიხდიან, მაგრამ არა - შუამავლების გზით. მინისტრის თქმით, 9 წლის განმავლობაში გამომცემლებს საკმაოდ დიდი შემოსავალი ჰქონდათ სახელმძღვანელოების გასაღებისას, მაშინ, როდესაც მოსახლეობის ნაწილი წიგნებს საკვების სანაცვლოდ ყიდულობდა.
„9 წლის განმავლობაში ანაზღაურდა ის ღვაწლი, რაც გამომცემლებს აქვთ. ეს ბაზარი 9 წელი ხომ შეერგოთ? კიდევ მე მესაუბრებით სამართლიანობაზე?“ - კითხვითვე უპასუხა მინისტრმა ჟურნალისტებს. მინისტრის თქმით, ყოველწლიურად ამ ბიზნესში 50-დან 80-მდე მილიონი ლარი ტრიალებდა, რაც საქართველოს რიგითი მოქალაქეების, მშობლების ჯიბიდან ამოდიოდა.
გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ დღეს სახელმწიფოს წიგნების დარიგება 12 მილიონი უჯდება. „მაშინ, როდესაც წინა წლებში მხოლოდ სოციალურად დაუცველებისთვის წიგნების დასარიგებლად 10 მილიონი იხარჯებოდა. ბუნებრივად ჩნდება რაღაც კითხვები.“ კითხვაზე, ხომ არ ლახავს ეს გადაწყვეტილება გამომცემლების უფლებებს და ხომ არ გამოიწვევს საგამომცემლო ბიზნესის გაკოტრებას, მინისტრმა უპასუხა, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებშია, რადგან სახელმწიფო გამომცემლებს და ავტორებს აძლევს კანონით განსაზღვრულ თანხას. მინისტრის თქმით, ისინი გამომცემლობებს მილიონ ლარს გადაუხდიან.
„ეს თანხა მათ მიეცემათ და, ვფიქრობ, ეს თანხა საკმარისზე ბევრია. მოსახლეობის მიზანმიმართული გაღარიბება უნდა დამთავრდეს. მთავრობა თავის თავზე იღებს კონსტიტუციურ ვალდებულებას!“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
2011 წელს გრიფირების წესში შესული ცვლილება აძლევს უფლებას განათლების სამინისტროს, სასკოლო სახელმძღვანელოები გამომცემლების გვერდის ავლით, სტამბაში დაბეჭდოს. წესი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას უდევს საფუძვლად, სახელმწიფოს გამომცემლებისთვის ტირაჟის ღირებულების 10%-ის გადახდას ავალდებულებს, რაც, დაახლოებით, ერთ წიგნზე 18-20 თეთრს უტოლდება. გამომცემლებმა ეს თანხა (18-20 თეთრი) უნდა გაუნაწილოს ავტორებს და უნდა გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი. რაც შეეხება მილიონი ლარის გადახდას, გამომცემლები ამბობენ, რომ მათ, საერთო ჯამში, 4 მილიონი ლარის წიგნები აქვთ დაბეჭდილი და მილიონი ნიშნავს ყოველ ლარზე 25 თეთრის გადახდას.
„წინა მთავრობის დროს წილში უსხდებოდნენ, ახლა წილში აღარ უსხდებიან, მაგრამ საქმეს ართმევენ...“
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებას - ყველა მოსწავლისთვის სასკოლო სახელმძღვანელოს უფასოდ დარიგებასთან დაკავშირებით, „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი, ეკონომისტი პაატა შეშელიძე ცალსახად უარყოფითად აფასებს. როგორც შეშელიძემ TSpress-ს განუცხადა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას კორუფციისკენ მივყავართ და ეს წარსულში დაბრუნების კიდევ ერთი მაგალითია. მსგავსი პრეცენდენტი ადრე იყო და ამას სიკეთე არ მოუტანია.
„წინა მთავრობის დროს წილში უსხდებოდნენ, ახლა წილში აღარ უსხდებიან, მაგრამ საქმეს ართმევენ, კერძო საწარმოს საქმეს თვითონ აკეთებენ. ამით მივიღებთ იმას, რომ ეკონომიკური საქმიანობა იქნება არა მეწარმეების, არამედ - ბიუროკრატების ხელში. ეს არის ტოტალური კორუფციისკენ უზარმაზარი ნაბიჯებით სვლა და აშკარა, დემონსტრაციული დაბრუნება საბჭოთა კავშირის სისტემისკენ,“ - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი.
ეს გადაწყვეტილება საგამომცემლო ბიზნესის დახურვას გამოიწვევს?!
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა საზოგადოება მიესალმება სამინისტროს ინიციატივას საჯარო სკოლებში მოსწავლეთა სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების შესახებ, მაგრამ, მათი განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების, კერძოდ, ინტელექტუალური საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპს. ისინი ამ გადაწყვეტილებას თავისუფალი ბაზრის შეზღუდვად აღიქვამენ და სამინისტროს კონსტიტუციის და ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევაში ადანაშაულებენ.
„მსგავსი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, უახლოეს მომავალში, მოსალოდნელია თავისუფალი კონკურენციის მკვეთრი შეზღუდვა, რომელიც ავტომატურად გამოიწვევს ქართულ ენაზე შექმნილი საგანმანათლებლო ლიტერატურისა და სწავლების ხარისხის დაცემას,“ - ნათქვამია განცხადებაში. ასევე, გამომცემლების თქმით, ეს გადაწყვეტილება გამოიწვევს საგამომცემლო ბიზნესის დახურვას, ისინი ვეღარ შეძლებენ სხვა სახის ლიტერატურული პროდუქტის შექმნას, რაც, ავტომატურად, წიგნის მაღაზიების გაკოტრებასაც გამოიწვევს.
გამომცემლობა „ინტელექტის“ დირექტორის კახმეგ კუდავას თქმით, ასეთი კაბალური პირობები და უკანონო ჩარევა საბაზრო ეკონომიკის რეგულაციებში გამოიწვევს გამომცემლობათა დიდი ნაწილის და არაერთი წიგნის მაღაზიის დახურვას.
„საგამომცემლო ბიზნესი, ძირითადად, სწორედ სახელმძღვანელოების გამოცემით ახერხებს მხატვრული თუ შემეცნებითი ლიტერატურის საინტერესო პროექტების მომზადებასაც, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების განვითარებაში, რომ არაფერი ვთქვათ სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილ სოლიდურ თანხებზე,“ - აცხადებს კუდავა.
ის, რაც უპირატესობას გვაძლევდა... პოპულისტურ პოლიტიკას უნდა გადავაყოლოთ?!
„დასანანია, რომ ის, რაც ჩვენ მნიშვნელოვან უპირატესობას გვაძლევდა რეგიონში, კერძოდ კი, განათლების სფეროში ინოვაციების სიმრავლე, კერძო გამომცემლობებში დაგროვილი სიმძლავრეები, სახელმწიფოს მხრიდან კორუფციის ნაკლებობა და მასწავლებლებისთვის არჩევანის სიმრავლეც, პოპულისტურ პოლიტიკას უნდა გადავაყოლოთ,“ - აცხადებს განათლების ექსპერტი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია „ლიბერალთან“ საუბრის დროს.
ექსპერტის აზრით, ის, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პრობლემას ხედავს სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, მისასალმებელია. მაგრამ ის გზა, რომელიც სახელმწიფომ აირჩია ვითარების გასაუმჯობესებლად, უსამართლოა და გრძელვადიან პერსპექტივაშიც საზოგადოებას სარგებელს მოუტანს. მისივე თქმით, დღევანდელი მიდგომით სამინისტრო, ანუ პოლიტიკური ორგანო თავის თავზე იღებს იმ პროცესის ადმინისტრირებას (მაგ. ფასების დადგენა, წიგნის გამოცემა და სხვ.), რაც მისი მანდატის ნაწილი ვერანაირი ლოგიკით ვერ იქნება და რის განხორციელებასაც ვერასოდეს ვერ შეძლებს იმავე ხარისხით ან ეფექტურობით, როგორც ამ ფუნქციებისთვის სპეციალურად შექმნილი ორგანიზაცია.
სიმონ ჯანაშიას აზრით, ამით სახელმწიფო პასუხისმგებლობას იმ საკითხებზე იღებს, რაზეც საჯარო მოხელეების კომპეტენცია ვერასოდეს გაუტოლდება აკადემიურ სფეროში ან საგამომცემლო ბიზნესში ჩართულების კომპეტენციას.
„სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესი რთული, შრომატევადი პროცესია, რომელიც მნიშვნელოვან ინვესტიციებს ითხოვს გამომცემლის მხრიდან. მაღალი ხარისხის წიგნი რომ შეიქმნას, საჭიროა დიზაინერის, რედაქტორის, ავტორების, ფსიქოლოგების, მარკეტინგის სპეციალისტების, დამკაბადონებლის, კორექტორის და სხვა დამხმარე პირების მუშაობა,“ - ამბობს განათლების ექსპერტი.
„იაფად ბეჭდვაზე საუბარი იოლია, როცა გამომცემლობას გამზადებულ საქმეზე ჩაენაცვლები“
„განათლების სამინისტრო გამომცემლობებს აყაჩაყებს. ამას ჰქვია სახელმწიფო რეკეტი და ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ. სასამართლოში გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას, სტრასბურგამდე მივალთ. ასეთი რამ არავის გაუკეთებია,“ - ამბობს გამომცემლობა „ინტელექტის“ დირექტორი კახმეგ კუდავა.
„იაფად ბეჭდვაზე საუბარი იოლია, როცა გამომცემლობას გამზადებულ საქმეზე ჩაენაცვლები, გრიფირება გავლილი, აკრეფილ-გარედაქტირებულ-გაკორექტირებული, დაკაბადონებული და ყველა საგამომცემლო ეტაპგამოვლილი სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსიები, კომპაქტდისკზე ჩაწერილი, სამინისტროში გაქვს დატუსაღებული და ისღა დაგრჩენია, მხოლოდ სტამბის ხარჯი გაიღო და დაბეჭდო. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ საავტორო უფლებები აღნიშნულ სახელმძღვანელოებზე გვეკუთვნის იმ გამომცემლობებს, რომლებმაც მოვამზადეთ ეს ინტელექტუალური პროდუქტი და რომელთა „გვერდზე გაწევასაც“ გულისხმობს თამაშის ახალი წესები,“ - აცხადებს გამომცემლობა „ინტელექტის“ დირექტორი.
მისივე თქმით, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ განათლების სისტემაში მოსულმა ახალმა ხელმძღვანელმა, დიმიტრი შაშკინმა, გამოაცხადა სახელმძღვანელოების ორი კონკურსი და გამომცემლობებს მოსთხოვა, რომ თითოეული სასკოლო წიგნის ფასს არ გადაეჭარბებინა 10 ლარისთვის.
„უშუალოდ კონკურსში მონაწილეობის წინ, განათლების მაშინდელმა მინისტრმა საგანგებოდ დაიბარა გამომცემლები და წაგვიყენა პირობა - დავთანხმებულიყავით სახელმძღვანელოების გრიფირების წესში შეტანილ მუხლს,“ - აცხადებს კახმეგ კუდავა. გრიფირების ახალი წესი იმპერატიულად აძლევდა უფლებას სახელმწიფო დაწესებულებას, გადასცემოდა საავტორო (ქონებრივი) უფლებები და გამხდარიყო ინტელექტუალური საკუთრების მფლობელი, მიუხედავად გამომცემლის ნებისა.
მიუხედავად იმისა, რომ, გამომცემლების აზრით, გრიფირების ეს ახალი წესი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლს, შეუსაბამო იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსსა და „საავტორო და მომიჯნავე უფლების შესახებ“ კანონთან, ბატონი კუდავა ამბობს, რომ ეს მოთხოვნა უპირობო იყო - სხვაგვარად კონკურსში მონაწილეობას ვერც ერთი გამომცემლობა ვერ შეძლებდა. გარკვეული წნეხითა და შესაბამისი ბერკეტების გამოყენებით, ხელისუფლებამ შესძლო გამომცემელთა დათანხმება.
მაშინდელმა მინისტრმა ეს ახსნა, როგორც აუცილებლობა ისეთი პრობლემის სწრაფად აღმოსაფხვრელად, როგორიცაა გამომცემლობების მიერ ტირაჟის გვიან ან არასათანადო რაოდენობით დაბეჭდვა ბაზარზე ხელოვნური დეფიციტისა და ფასის ზრდის მიზნით. ოღონდ, დიმიტრი შაშკინის დაპირებით, თუკი ასეთი რამ არ მოხდებოდა, მუხლიც არ ამოქმედდებოდა.
„დიმიტრი შაშკინმა პირობა შეასრულა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ასეთი რამ არ მომხდარა, შესაბამისად, არც „აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე“ ვითარება შექმნილა და ახალი მუხლიც აუმოქმედებელ ნაღმად დარჩა ძველი ხელისუფლების კანონშემოქმედებაში,“ - აცხადებს გამომცემლობა „ინტელექტის“ დირექტორი და მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრემიერი ამ პრობლემებს სიღრმისეულად არ იცნობენ და იმედოვნებს, რომ ახალი ხელისუფლება, რომელიც წინამორბედს სწორედ უკანონობას ედავება, თავისი სამომავლო გეგმების სამართლებრივ საფუძვლად უსამართლოდ დაწერილ კანონებს არ შეარჩევს.
„კეთილ პროგრამას გრძელვადიან პერსპექტივაში სერიოზული პრობლემები მოჰყვება“
განათლების ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, რომლის მიერაც ხელშეკრულებაში შეტანილი „მუხლი“ ახლანდელმა განათლების მინისტრმა აამოქმედა, „ნიუპოსტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მოსწავლეთათვის სასწავლო ლიტერატურის უფასოდ გადაცემის უარყოფით მხარეებზე საუბრობს.
მისი თქმით, ერთის მხრივ, ეს არის კეთილი პროგრამა, როცა ყველა ბავშვს აძლევ სახელმძღვანელოს, ეს კარგად ჟღერს, მაგრამ ამას გრძელვადიან პერსპექტივაში მოჰყვება სერიოზული პრობლემები. მას ასეთი შედარება მოჰყავს: „მაგალითად, პური ღირს 70-80 თეთრი. ახლა რომ სახელმწიფომ განაცხადოს, ეს მძიმე ტვირთად აწვება ხალხს და ამიტომ, ჩვენ, სახელმწიფო, თავად გავაკეთებთ სახელმწიფო ქარხნებს, ფქვილი რაც არის შემოტანილი, ამას წავართმვთ შემომტანებს და ამ ფქვილით გამოვაცხობთ პურს და ეს პური იქნება უფასო ან ეღირება 10 თეთრი, დამეთანხმეთ, ეს მომგებიანი იქნება ხალხისთვის და ყველას მოგვეწონება, რომ პური იქნება უფასოდ მაღაზიაში. მე სულ მომყავს მაგალითად, რომ კომუნიზმი მეტი კი არაფერი იყო - იყო ხორცი, კარაქი ფიქსირებული ფასით, არ იყო კონკურენცია და ყველაფერი კვდებოდა. ასეთი იდეები, შესაძლოა, ბევრი იყო. მაგალითად, შეიძლება მქონდეს იდეა, რომ შაქარი, რომელიც შემოდის, მოდით, გავიგოთ რა არის მისი თვითღირებულება და წავართვათ შემომტანს და თვითღირებულებით გავიტანოთ, ეს რას გამოიწვევს? ქვეყანას ეკონომიკა აღარ დარჩება საერთოდ“.