გასულ კვირას ვარლამიშვილის ქუჩის ნომერ 4-ში მდებარე კორპუსში, ნაქირავებ ბინაში, მეზობლებმა იპოვეს გარდაცვლილი მამაკაცი, რომელიც ხაშურის რაიონის მკვიდრი, 43 წლის დავით წიქარიშვილი აღმოჩნდა.
როგორც ბინის მფლობელის მამა, ზაალ ებანოიძე აცხადებს, მისი ქალიშვილისგან წიქარიშვილმა სამი თვის წინ იქირავა ბინა. მისი თქმით, გარდაცვლილს პირადად არ იცნობდა.
„არ ვიცი მისი გვარი და სახელი, ერთი საათის წინ დარეკეს მეზობლებმა, შენი ქალიშვილის ბინაში გვამი იპოვესო. ძალზე გაოგნებული ვარ. როგორც ვიცი, გარდაცვლილი თბილისური ფირმის წარმომადგენელი იყო ქუთაისში. ჩემმა შვილმა თქვა, ხშირად არ იმყოფება ბინაშიო. ფულიანი არ ჩანდა, ქირის ორი თვის ფული წვალებით გაისტუმრა,“ - განუცხადა psnews.ge-ს ზაალ ებანოიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დეტექტივ-გამომძიებელმა დავით კუხიანიძემ დაადასტურა, რომ გარდაცვლილი 43 წლის, ხაშურის რაიონის მკვიდრი დავით წიქარიშვილია. გარდაცვლილი, სავარაუდოდ, ყაჩაღობის მსხვერპლი გახდა.
„პირველადი ინფორმაციით, ჩვენ გამოვცხადდით მითითებულ მისამართზე, დაწყებულია გამოძიება. ტარდება შემთხვევის ადგილის დათვალიერება, გამოკვლეული იქნება სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. შემდეგ შეგვიძლია, პრესსამსახურის საშუალებით მოგაწოდოთ დაწვრილებითი ინფორმაცია,“ - განაცხადა დავით კუხიანიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 აპრილს გაავრცელა მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს, ტყიბულის რაიონული სამმართველოსა და იმერეთის კონტრდაზვერვის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული გიორგი ხ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2013 წლის 11 აპრილს, ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა 1965 წელს დაბადებულ დავით წიქარიშვილს. გიორგი ხ.-მ მოკლულის ზურგჩანთა, მობილური ტელეფონი და საფულე გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ძიების მსვლელობისას, შესაძლოა, საქმე გადაკვალიფიცირდეს და გიორგი ხ-ს სისხლის სამართლის სხვა მუხლებითაც წარედგინოს ბრალდება.