დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
"საზოგადოებრივი მაუწყებელი არასოდეს ყოფილა მოწოდების სიმაღლეზე"
2013/04/03 19:24:47

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI)  საზოგადოებრივი მაუწყებლის  სამეურვეო საბჭოზე  მოსაზრებას აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის თქმით, პარლამენტში ამ ეტაპზე  განხილვადი  კანონპროექტით, სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა  მთლიანად  იცვლება, რასაც, სავარაუდოდ, მაუწყებლის მენეჯმენტის ცვლილებაც მოყვება.

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არასოდეს ყოფილა მოწოდების სიმაღლეზე. სამეურვეო საბჭომ  მაუწყებელზე  ვერც  ეფექტური  ფინანსური  ზედამხედველობის განხორცილება შეძლო და ვერც საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული პროგრამა შეიმუშავა. საზოგადოებრივი მაუწყებლის  საქმიანობა, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური ინტერესებითაც კი იყო მართული. საბჭომ გარე ზეგავლენისგან ვერც თანამშრომელთა დაცვა შეძლო“ - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა.“

ზემოთქმულიდან გამომდინარე, არსებული საბჭოს დაშლის სურვილი სრულებით გასაგებია. თუმცა, TI-ის  აზრით, ეს  ძალიან საშიშ პრეცედენტს შექმნის, რაც საპარლამენტო უმრავლესობებს  მომავალშიც მისცემს  მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სურვილისამებრ შეცვლის შესაძლებლობას.

რა შეუშლის ხელს მომავალ მთავრობას იგივე გააკეთოს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებად ხელისუფლებისადმი უფრო ლოიალური პირები დანიშნოს?

„ასეთ პირობებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და მენეჯმენტის წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობის ყოველი ცვლილებისას სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგებიან. ამ გზით, პოლიტიკური ჩარევის რისკი მატულობს არა მარტო საზოგადოებრივი მაუწყებლის, არამედ, ყველა იმ სამთავრობო სტრუქტურის საქმიანობაში, რომლებიც პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს უნდა ინარჩუნებდნენ“ - მიიჩნევს „საერთაშროსო გამჭვირვალობა“

ორგანიზაციის განცხადებით, მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის დაკვეთით  შესრულებული  ანალიზიც,  რომელიც პარლამენტში  შესულ  კანონპროექტს  შეეხება,  გარკვეულწილად იზიარებს  მოსაზრებას, რომ  უმჯობესია  საბჭოს  წევრები  თანდათანობით  ჩანაცვლდნენ,  ვიდრე საბჭო  ერთბაშად შეიცვალოს.

როგორია  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს”  ხედვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საზოგადოებრივი  მაუწყებლის   სამეურვეო  საბჭოს წევრების  დანიშვნის  ახალ მოდელს  სთავაზობს  საზოგადოებას.  კერძოდ:

სამეურვეო საბჭოს წევრები კონკურსის წესით შეირჩევიან, რომელში მონაწილეობაც ფართო საზოგადოებრივი ნდობის, უმაღლესი განათლებისა და მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამცოდილების მქონე საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება.

ამასთან ვფიქრობთ, რომ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ არსებულ წესებს რამდენიმე პუნქტი უნდა დაემატოს: ადამიანებს, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ასრულებენ რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ნებისმიერი მაუწყებლისთვის, ისევე, როგორც იმ პირებს, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში არიან პოლიტიკური პარტიის წევრები ან ასრულებენ რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს პოლიტიკური პარტიისთვის, არ ეძლევათ ამ პროცესში მონაწილეობის მიღების საშუალება.

პარლამენტის თავმჯდომარე ქმნის საპარლამენტო კომისიას, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს კანდიდატთა განცხადებები. ეს მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომისია შედგება ყველა საპარლამენტო ფრაქციის თითო წარმომადგენლისგან, მათ შორის საქართველოს პარლამენტის განათლების,  მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარისგან.  ეს უკანასკნელი ამავე დროს არის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე. 

საპარლამენტო კომისია შერჩეულ კანდიდატებს საჯარო სხდომაზე საკუთარი ხედვის წარდგენის და კითხვებზე პასუხების გაცემის საშუალებას მისცემს.

საჯარო მოსმენის შედეგად, კომისია პარლამენტს 1 ვაკანტურ თანამდებობაზე მინიმუმ 3 კანდიდატურას წარუდგენს, რისთვისაც კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის მინიმუმ ორი მესამედი იქნება საჭირო. 

ამის შემდეგ საქართველოს  პარლამენტი ფარული კენჭისყრით ირჩევს მეურვეს.  კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება, თუ იგი მიიღებს სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საქართველოს  პარლამენტის  სიითი  შემადგენლობის  ნახევრისა.

„საზოგადოებრივი  მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სრულად ჩანაცვლების ნაცვლად, პარლამენტი  ახალ  მეურვეებს  მოქმედი  წევრების ვადის გასვლის შემდეგ აირჩევს. გამომდინარე  იქიდან, რომ წარმოდგენილი  მოდელი პარლამენტის  სხვადასხვა  ფრაქციებს შორის  პოლიტიკურ  კომპრომისს  მოითხოვს, ჩვენ გვჯერა, რომ ამ გზით მრავალფეროვან საბჭოს მივიღებთ, რომელიც არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის გავლენის ქვეშ არ იქნება.

დღეისათვის  15  წევრიანი  სამეურვეო  საბჭოს  ორი  მეურვის  ადგილი ვაკანტურია. კიდევ ოთხი წევრი პარლამენტმა 2013 წლის 1 სექტემბერისთვის უნდა აირჩიოს. შესაბამისად, შემოთავაზებული  ეტაპობრივი  გარდაქმნის პროცესი მხოლოდ ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ მაუწყებელში ასე საჭირო რეფორმებს“ - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ  გამოქვეყნებულ  ხედვაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1398
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია