დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ოკუპირებული ტერიტორიის გადმოკვეთა სისხლის სამართლის დანაშაული აღარ იქნება
2013/04/02 20:04:43

დღევანდელ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. ცვლილებების თანახმად, სხვა ქვეყნის მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრის გადმოკვეთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა სისხლის სამართლის დანაშაულის ნაცვლად, ადმინისტრაციული დანაშაული ხდება.

კანონპროექტის არსი უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა გედევან ფოფხაძემ შემდეგნაირად განმარტა:

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე უნებართვოდ შესვლის შემთხვევაში პირველ ჯერზე იქნება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო თუ ერთი წლის განმავლობაში პირმა კვლავ გაიმეორა აღნიშნული დანაშაული, მხოლოდ ამ შემთხვევაში დადგება მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ჩვენ ეს ცვლილება კანონპროექტში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შევიტანეთ. რადგან, შეიძლება ზოგიერთ ადამიანს საერთოდ არ ჰქონდეს ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და, შესაბამისად, არ იცოდეს, რომ  კანონს არღვევს. სწორედ ამიტომ არ შეიძლება ასეთი ადამიანების პირველივე ჯერზე კრიმინალებად გამოცხადება. მე მგონია, რომ ამ თემის გადაჭარბებულად პოლიტიზირება ხდება.“ - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

უმცირესობა აღნიშნულ კანონპროექტს ნეგატიურად აფასებს და აცხადებენ, რომ კანონის ლიბერალიზაცია რუსეთის მოქალაქეებს წაახალისებს და ისინი ადმინისტრაციულ საზღვარს რაც შეიძლება ხშირად დაარღვევენ.

„ამ ცვლილებით იხსნება პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გადმოკვეთენ ადმინისტრაციულ საზღვარს საქართველოს ნების საწინააღმდეგოდ. უმთავრესი დარღვევა და შეცდომა არის ის, რომ კანონში „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ პირდაპირ არის მითითება, რომ  ამ კანონის შემსუბუქება უნდა მოხდეს დეოკუპაციის პარალელურად. თუმცა, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ მიმდინარეობს დეოკუპაციის პროცესი და შესაბამისად, ამ ეტაპზე ამ კანონის გამარტივება სწორი არ არის.“ - განაცხადა მარიამ საჯაიამ.

საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი წევრი დავით საყვარელიძე კი თვლის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს საზღვარს გადაკვეთს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.
როგორც საყვარელიძე ამბობს, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ის უმრავლესობის იმ არგუმენტს ვერ გაიზიარებს, რომ უცხოეთის მოქალაქე არ არის ვალდებული, იცოდეს საქართველოს კანონმდებლობა.
„იგივე ლოგიკით საფრანგეთის აფთიაქში ადვილად შეიძლება სუბოტექსის შეძენა და საფრანგეთის ტერიტორიაზე მოხმარება. თუმცა, სუბოტექსით შემოსული ადამიანი არა მგონია ,საქართველოს საზღვარზე შემოწმებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გარეშე დარჩეს.“ – ამბობს საყვარელიძე.

უმცირესობის დეპუტატის თქმით, ისინი უმრავლესობას თავაზობენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში ძირითადი სასჯელი იყოს ჯარიმა, მაგრამ პირს სახდელი არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის კუთხით შეეფარდოს.
„ადმინისტრაციული სახდელის შემთხვევაში, სახდელის ვადის გასვლის შემდეგ, ყოველ ერთ წელიწადში პირს ადმინისტრაციული საზღვრის გადმოკვეთა თავიდან შეეძლება. ვერც ერთი საგამოძიებო ორგანო მას ვერ დაუსვამს ვერც ერთ საგამოძიებო კითხვას, რას აკეთებს ეს კაცი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, რადგან ამის სამართლებრივი საფუძველი არ იარსებებს,“ – ამბობს საყვარელიძე.

არსებული შენიშვნების მიუხედავად, კანონპროექტს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1368
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია