დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ალასანია უმრავლესობას და უმცირესობასაც მადლობას უხდის
2013/03/21 13:16:20

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ანგარიში ჩააბარა. მინისტრი დეპუტატებს უწყების მიერ დაგეგმილი ღონისძიებებისა და უკვე გაწეული სამუშაოს შესახებ ესაუბრა.

მინისტრის თქმით, სადაზვერვო თანამეგობრობის მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმვალობაში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება პრაქტიკულად არ შეცვლილა. ამასთან, იგი მძიმდება იმით, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში დამატებითი საიერიშო ნაგებობები და ბაზები ჩნდება როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში. სწორედ ამაზეა მორგებული თავდაცვის დოქტრინა.

„არსებული საფრთხეების მიუხედავად,  ბოლო მოლაპარაკებებმა რუსეთთან სავაჭრო რეჟიმთან დაკავშირებით, საბრძოლო მოქმედებების განახლების პოტენციური შესაძლებლობა შეამცირა. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენი შეიარაღებული ძალები მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში გვყავდეს. ამ კუთხით ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ. საფრთხედ რჩება უკვე დაგეგმილი სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ ტერორიზმის შესაძლო საფრთხე. აქედან გამომდინარე, ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებული ქმედებები გვაქვს, რომ იგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებაში მაქსიმალურად ჩაერიოს. აღნიშნული საკითხების განხილვა თურქეთსა და სომხეთში ჩემი ვიზიტების დროსაც მქონდა", - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, სამხედრო სავალდებულო სამსახური 15 თვიდან 12 თვემდე შემცირდება. 2016 წლიდან კი ქართული არმია სრულიად საკონტრაქტო პრინციპზე გადავა. ალასანიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ეფექტური სარეზერვო სამსახურის ჩამოყალიბება წარმოადგენს. „ჩვენ უნდა მივიღოთ საბრძოლო ოპერატიული და სამოქალაქო რეზერვი,"- აღნიშნა მან.

მისივე თქმით, გამჭვირვალეობა შესყიდვებისა და ფინანსების მართვის სფეროში თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი პრიორიტეტია.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, დავით დარჩიაშვილმა კი, მინისტრს უთხრა, რომ არ შეიძლება მუდმივი აპელირება იმაზე, თუ რა ცუდ მდგომარეობაშია სამხედრო ბაზები. მან მინისტრს 2003 წლამდე არსებული კატასტროფული მდგომარეობა შეახსენა. ალასანიას თქმით, ის ეთანხმება, რომ მანამდე ბაზებზე უფრო რთული სიტუაცია იყო, მაგრამ წინა ხელისუფლების პერიოდში გამოყოფილი 8 მილიარდი არამიზნობრივად დაიხარჯა. ამ საქმეზე უკვე მიმდინარეობს გამოძიება და ის დაადგენს რას მოხმარდა ეს თანხები, აცხადებს მინისტრი.

ალასანიას თქმით, თავდაცვის სამინისტომ შეიმუშავა ქვეყნის გრძელვადიანი თავდაცვის სტრატეგია, რომელიც გადაეგზავნა ნატოს და ამის შემდეგ ხელის მოსაწერად და ძალაში შესასვლელად პრეზიდენტსაც გადაეგზავნება. სტრატეგიის შინაარსზე, ბუნებრივია, მინისტრმა საჯაროდ არ ისაუბრა, რადგან ინფორმაცია ქვეყნის დავდაცვის სტრატეგიას ეხება და კონფიდენციალურია.

შეხვედრის შემდეგ ირაკლი ალასანიამ მედიისთვის კომენტარი გააკეთა და დღევანდელი შეხვედრა შეაფასა.

„ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა იყო. ეს იყო ორმხრივი აზრთა გაცვლა ჩვენთვის მნიშვნელოვან სამხედრო საკითებზე. კმაყოფილი ვარ, რომ მოვახერხეთ, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსების  საშუალებით, მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა დეპუტატებისთვის. რამდენიმე სიახლეზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რაც ეხება საპარლამენტო ზედამხედველობის კიდევ უფრო მეტად გამყარებას. მაგალითად, ინიციატივით გამოვედით, რომ დახარჯულ 2 მილიონზე ზევით მომსახურეობაზე და ასევე 4 მილიონზე ზევით შესრულებულ სამუშაოებზე ვალდებულება არის, რომ შეტყობინება გავუკეთოთ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს. ასევე მინიმუმ ერთხელ წელიწადში მთლიან ანგარიშს წარვუდგენთ თვდაცვისა და უშიშროების კომიტეტს მთლიანად ჩატარებულ შესყიდვებზე. ეს არის ინიციატივა, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს საპარლამენტო კონტროლს და გამჭვირვალობას. კმაყოფილი ვარ და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა როგორც უმცირესობას, ასევე უმრავლესობას, რომ ასე ერთსულოვნად უჭერენ მხარს ქართული არმიის გაძიერებას,“ - განაცხადა ალასანიამ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წელს თავდაცვის სამინისტროში სულ 55 ტენდერია დაგეგმილი, მათგან 26 უკვე ჩატარებულია.

ირაკლი ალასანიას უწყება პერიოდული საინფორმაციო ბიულეტენის გამოშვებასაც გეგმას.

დღევანდელ შეხვედრას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრების გარდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1359
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია