დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სამი წელი გაზის მოლოდინში
2013/03/11 12:46:36

სატრაქტორო ქარხნის ადმინისტრაციის ყოფილ შენობაში (რომელიც ამჟამად ახალგაზრდობის გამზირის 19 ნომრით არის რეგისტრირებული) 2009 წელს დევნილები შეასახლეს. ისინი იმ დრომდე სასტუმრო  „თბილისში“ ცხოვრობდნენ. კორპუსის რეაბილიტაცია კომპანია „პროჯორჯიამ“ განახორციელა, რის შემდეგაც 108 დევნილი ოჯახი ცხრა სართულზე გადაანაწილეს. მოგვიანებით კი პირველ სართულზე ადგილობრივი უსახლკაროების შესახლება მოხდა.  

 

როგორც „P.S.“-სათვის გახდა ცნობილი, დევნილები სამი წლის განმავლობაში კორპუსის გაზიფიცირებას უშედეგოდ ითხოვდნენ. მათთან სწორედ ამ თემის გასაშუქებლად მივედით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქ მცხოვრებ დევნილებს, გარდა გაზიფიცირებისა, სხვა მრავალი პრობლემაც აქვთ.

ლალი ჩერქეზია, ადგილობრივი მცხოვრები: რომელი ერთი პრობლემით დავიწყო? ჯერ ერთი, შენობა უხარისხოდაა გარემონტებული. უბრალოდ არის მიბათქაშებული. შენობას არ აქვს ჟოლოფი, რის გამოც ნესტში ვიხრჩობით, დამპალია და ყველა კედელზე სოკო გაჩნდა, რაზეც აფციაურმა (ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი. რედ.) შემოგვითვალა: „სოკო თუ ამოდის, მაგაზე კარგი რა არის, მოწყვიტეთ და ჭამეთო“. მეორეც, როდესაც მომხდარა შენობის რეაბილიტაცია, ნარჩენი მასალები და ნაგავი      „შახტებში“ ჩაუყრიათ, გაჭედილია და, რომ გასკდეს, მთელ პირველ სართულს დაფარავს, იმდენი ნაგავია. მეორე სართულზე მცხოვრებთ ფართები არ აქვთ კანონიერ მფლობელობაში. რაზეც თავის დროზე განუცხადეს, რომ გამორჩათ და გამოასწორებდნენ, მაგრამ ამ დრომდე არაფერი მოგვარებულა. არ გვაქვს ეზო, ბავშვებს ატრაქციონები რომ დავუდგათ, შემოვღობოთ და გავალამაზოთ. გვეშინია, ბავშვები არხში არ გადაცვივდნენ. მიწა არ დაგვიკანონეს. რაც ჰაერშია გამოკიდებული, მხოლოდ ისაა ჩვენს საკუთრებაში, მაგრამ უმთავრესი პრობლემა რაც გვაქვს, ეს გაზია! ზამთარში სიცივეში ვიყინებით, დენის „ფეჩებით“ ვათბობთ სახლს, რის გამოც ძალიან დიდი გადასახადები მოგვდის, გადახდის საშუალება კი არ გვაქვს. იმის მაგივრად, რომ დაგვეხმარონ, აქეთ მოგვდეს შარი: „თუ ვერ იხდიდით, რაღას რთავდითო?“ ამიტომ მობინადრეთა ნახევარს შუქი ჩაჭრილი აქვს, პატარა ბავშვების მეპატრონეები შუქის და გაზის გარეშე ცხოვრობენ.

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დევნილებს კომუნალურ გადასახადს სახელმწიფო უნდა უფარავდეს... 

- ვიდრე სასტუმრო „თბილისში“ ვცხოვრობდით, გვიხდიდა სახელმწიფო ამ გადასახადს, მაგრამ, აქ რომ შემოგვასახლეს, გვითხრეს, რომ უკვე ადგილობრივები ვიყავით და გადასახადებს ვეღარ დაგვიფარავდნენ. შემოსვლის დღიდანვე ჩვენ ვფარავთ კომუნალურ ხარჯებს. დევნილთა სამინისტროსთვის ადგილობრივები ვართ და აღარ გვეხმარებიან, ადგილობრივი მთავრობისათვის კი - დევნილები. ვეღარ გავიგეთ, ვინ ვართ? ვითხოვთ, შემოგვიყვანონ გაზი. მივმართეთ ძველ და ახალ მთავრობასაც, მერიასაც, მაგრამ - უშედეგოდ. რაც შეეხება სააქციო საზოგადოება „ქუთაისგაზს“, მისმა დირექტორმა გვითხრა, რომ ჯერ საჭირო თანხები არ დარიცხულა და ვერაფერს მოგვიხერხებენ. ჩვენს კორპუსს უნდა შემოერტყას გაზის მილების სარტყელი და შემდგომ მოხდება ბინებში გადანაწილება. კომპანია ითხოვს, თანხები წინასწარ იქნას დარიცხული, ჩვენ კი გვინდა, რომ ამ თანხის გადანაწილება მოხდეს განვადების სახით, ერთიანად ვერ დავფარავთ, თან მეორე პრობლემაცაა: ყველას არ შეუძლია გაზის შეყვანა, რაზეც კომპანიის დირექტორმა გვითხრა - თუკი სრული სია არ იქნებოდა, გაზიფიცირება ვერ მოხდებოდა. მაგრამ, მთავარი ინჟინრის თქმით, 20 მოსახლეც რომ იყოს თანახმა, კომპანია ვალდებულია, კორპუსი გაზით უზრუნველყოს.

ელისო ჩიქოვანი: „უკიდურეს გაჭირვებაში ვართ. მთელი ჩვენი შემოსავალი დენის გადასახადში მიდის. 130-150 ლარს ვიხდით ყოველ თვეში. თქვენ წარმოიდგინეთ, ამის გამო სოციალური დახმარება არ მომცეს, მაღალი სარეიტინგო ქულები დამიწერეს. იმის გამო, რომ ქვითარზე მაღალი ჩვენება ნახეს და, ვინაიდან მე ამხელა გადასახადის გადახდა შემიძლია, ესე იგი, შემოსავალიც მაქვს და დახმარება აღარ მეკუთვნის! მაგრამ იმას კი არავინ კითხულობს, როგორ ვახერხებთ ამის გადახდას. წინასწარ ვიღებთ პენსიებს, რომ დენი არ ჩაგვიჭრან. ბავშვებს და მოხუცებს მთლად სიცივეში ხომ ვერ გავაჩერებთ? გაიყვანონ გაზი, კიდევ ვივალებთ და გადავიხდით, რაც საჭირო იქნება.“

საკითხი ცალმხრივად გაშუქებული რომ არ გამოგვსვლოდა, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება სააქციო საზოგადოება „ქუთაისგაზის“ ხელმძღვანელობას ვთხოვეთ.

გელა ლობჟანიძე, „ქუთაისგაზის“ დირექტორის მოადგილე: „გაზი მათ კორპუსამდე მიყვანილია, მხოლოდ „ლეჟატის“ გაკეთებაა საჭირო. რაღაც დროის უკან მოხდა ამ საწარმოს გაყიდვა. ძირითადი საკონტროლო პაკეტი რუსეთის „იტერას“ მფლობელობაში იყო. ახლა შეისყიდა „სოკარმა“ და დღედღეზე გადაწყდება დაფინანსების საკითხი. ძალიან ბევრი განცხადება არის შემოსული მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა განკარგულება გასცა განვადებით გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით, რასაც ეტაპობრივად ვასრულებთ. ამას მოჰყვა საწარმოში ცვლილებები. ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული და ეს საკითხები ნელ-ნელა რეგულირდება. ისე კი, გაზეთის წარმომადგენლის მაგივრად, სჯობდა, თვითონ მოსულიყვნენ და ეს საკითხი თვითონ დაეყენებინათ.“

- რამდენადაც ცნობილია, არაერთხელ მიმართეს საწარმოს განცხადებით და რატომაა საჭირო განმეორებით მომართვა?

- გასაგებია, რომ რაღაც გარკვეულ ეტაპზე იყვნენ და განცხადება დაწერეს, მაგრამ მერე დაინტერესება აღარ ყოფილა მათი მხრიდან. თორემ ეს საკითხი არ დარჩებოდა ასე. საერთოდ, საკითხავია ვისთან იყვნენ? ამ საკითხზე მთავარ ინჟინერს უნდა გასაუბრებოდნენ. მგონი, განვადების საკითხი არც კი უხსენებიათ. თავიდან თუ მოვლენ და მოგვმართავენ განცხადებით, ეს დროის და ფინანსების ფაქტორია, მაგრამ ხსენებული კორპუსის გაზიფიცირება მოხდება მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნის საფუძველზეც კი. გვესმის, რომ ყველას არ შეუძლია თანხის დაფარვა, მაგრამ ამ საკითხს უნდა გააქტიურება.“

 

*** 

 

საწარმოში მიღებული პასუხის დასაზუსტებლად, თუ როდის მიმართეს დევნილებმა უკანასკნელად „ქუთაისგაზის“ ხელმძღვანელობას, აღნიშნული ბინის მოსახლეობასთან გადამოწმება ვცადეთ, ჩვენმა რესპონდენტმა, ჯანო ჩერქეზიამ გვიპასუხა: „ჩვენ ერთი კვირის წინაც ვიყავით მისულები საწარმოში  და ხელმძღვანელობასაც გავესაუბრეთ, მაგრამ მათი უშედეგო დაპირებები არ დასრულდა, ასევე ხელმძღვანელობისთვის ისიც კარგადაა ცნობილი, რომ გაზიფიცირების განვადებას ვითხოვდით. რაც შეეხება განცხადებას, ოთხჯერ უკვე დავწერეთ და, თუკი საჭიროა, არაა პრობლემა, კიდევ დავწერთ. იმედია, შედეგი ამჯერად მაინც იქნება.“

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1337
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია