დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქართული სოფლები რევოლუციური ცვლილებებისათვის ემზადებიან
2013/03/11 12:44:56

საპარლამენტო უმრავლესობაში აქტიურად განიხილავენ სოფლებისათვის  უფლებების გაფართოების საკითხს. იდეის ავტორი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველოის კომიტეტის თავმდომარის პირველი მოადგილე გია ჟორჟოლიანია. აღნიშნული პროექტი სოფლებისათვის იურდიული სტატუსის მინიჭებას გულისხმობს, რომლის თანახმადაც სოფელს სასოფლო-სამეურნეო მიწები, ტყე, საძოვარი და სათიბი უვადო სარგებლობაში გადაეცემა. სოფელს შესაძლებლობა მიეცემა, თვითონაც შეიძინოს ქონება და ასევე თვითონვე განკარგოს ის.

 

 

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ჟორჟოლიანი „P.S.“-სთან საუბარში აცხადებს, რომ კანონპროექტის მიზანი სოფლისათვის მეტი დამოუკიდებლობის მინიჭებაა.

„სოფელი ყალიბდება საზოგადოებრივ თვითმმართველობად, სოფლის ყველა სრულწლოვანი მოქალაქე იქნება საერთო კრების წევრი, რომელიც ჩამოყალიბდება მუდმივმოქმედ ორგანოდ. კრება შეიკრიბება წელიწადში ოთხჯერ და ის იქნება მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი.“

რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სოფლის რწმუნებულის ინსტიტუტის გაუქმებაა, საერთო კრების მიერ მოხდება თავმჯდომარის არჩევა, რომელიც რწმუნებულის ფუნქციებს შეასრულებს.

როგორც უკვე გახდა ცნობილი, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში გუბერნატორის ინსტიტუტი უქმდება. საპარლამენტო უმრავლესობა უკმაყოფილოა იმით, რომ მთელი ძალაუფლება თავმოყრილია გუბერნატორის ხელში, რომელიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებზე კონტროლს ახორციელებს. გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმების შემდეგ გაჩნდა აზრი იმის შესახებ, რომ სოფლისათვის იურიდიული სტატუსის მინიჭება დეცენტრალიზაციისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმება ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობის უფრო მეტ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ასევე საქართველოს მთავრობა ამით შეასრულებს იმ ვალდებულებებსაც, რომელიც მას ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ ევროპული ქარტიით აქვს მინიჭებული.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ ისიც განაცხადა, რომ გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმების შემდეგ შეიქმნება სამხარეო საბჭოები, რომლებიც შეარჩევენ სამ კანდიდატს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, ხოლო მთავრობა აქედან ერთ-ერთს დაამტკიცებს.

იდეის ავტორი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმებას სოფლისათვის იურიდიული სტატუსის მინიჭებასთან საერთო არ აქვს, რადგან ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ წინადადებებია, რომელიც მთავრობის მიერაა მოწონებული.

პროექტის  განხილვა   უკვე   დაიწყო სხვადასხვა რეგიონში. პირველი შეხვედრა ოზურგეთში გაიმართა, 6 მარტს კი პროექტის განხილვა ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობდა. გია ჟორჟოლიანი აცხადებს იმასაც, რომ ეს განხილვები უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და მოსახლეობასთან ინტენსიური შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში შედგება. პროექტის ავტორები საზოგადოების გამოხმაურებით კმაყოფილები არიან და საუბრობენ, რომ მოსახლეობა ამას დიდი ინტერესით ხვდება.

ცნობილია, რომ აღნიშნული პროექტის მიმართ დადებითადაა განწყობილი საპარლამენტო უმცირესობა, თუმცა კანონპროექტის დაწვრილებით შესწავლას გეგმავენ. მიუხედავად ამისა, ყველა თანხმდება იმაზე, რომ დეცენტრალიზაცია აუცილებელია. საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ იმასაც, რომ სოფლის მეტი უფლებებით აღჭურვის სურვილი „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ჰქონდა, რაც არ მოხერხდა, მიზეზი კი ის არის, რომ მაშინ ქვეყანაში სხვა რეალობა იყო და საზოგადოება ამისთვის მზად არ იქნებოდა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის  თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ჟორჟოლიანის განცხადებით მოსახლეობასთან შეხვედრები, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართება, პროექტის უფრო მასშტაბური განხილვა მარტიდან დაიწყება. 

 

თათია ოქროპილაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1408
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია