დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რა სამართლებრივი აქტით ახდენს პრეზიდენტი ძეგლების ლიკვიდაციას?
2013/02/25 12:40:12

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ (ტელევიზიით) აღიარა, რომ სწორედ მან უბრძანა პეტრე ცისკარიშვილს, აეღო ალვანელების მიერ მეორედ აღმართული სტალინის ძეგლი. მან მუქარაც მიაყოლა: რამდენჯერაც აღმართავენ ამ ძეგლს ალვანელები, იმდენჯერ დავანგრევო. ორი „მოწვევით“ გვყავდა ქართველებს პრეზიდენტი, რომელსაც იმის მინიმალური ცოდნაც კი არ გააჩნია, რომ იცოდეს: ძეგლებს კანონი იცავს, როგორც საქართველოში, ისე - საერთაშორისო სივრცეში და ვინც ამას დაარღვევს - მკაცრად ისჯება.

 

მიხეილ სააკაშვილის ვანდალიზმი სტალინის ძეგლის მარტოოდენ ალვანში ნგრევა-მტვრევით არ შემოიფარგლება და მის დანაშაულებრივ ქმედებებს გაცილებით ფართო არეალი აქვს. იგი თავისი კრიმინალური ბანდით ასევე მუხანათურად დაესხა სტალინის ძეგლს გორში, ბელადის მშობლიურ ქალაქში, სადაც მომავალმა დიდმა სახელმწიფო მოღვაწემ და სამხედრო სტრატეგმა 14 წლის ასაკში დაწერა შედევრი ამ ასაკისათვის - „ვარდს გაეფურჩქნა კოკორი“. მაგრამ სააკაშვილისთვის ხომ ქართული კულტურა და ღირსეული ქართული ინტელიგენცია არაფერს ნიშნავს. ამას ისიც ამტკიცებს, რომ მან დიდი დავით აღმაშენებელიც კი არ გააჩერა პირვანდელ ადგილზე - არც ქუთაისში და არც თბილისში. თბილისში აღმაშენებლის ძეგლი დიღომში გადაიტანა, ქუთაისში კი - ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, რკინიგზის სადგურის წინ.

მანვე ქუთაისში ააფეთქა ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად აღმართული საბრძოლო დიდების მემორიალი, რომელსაც შეეწირა დედა-შვილის სიცოცხლე. მარტო ამ გრანდიოზული ძეგლის აფეთქება, შემდეგ მისი ნაწილებად მტვრევა დაჯდა ასეულ ათასობით ლარი!

ქუთაისში, გამარჯვების მოედანზე, სკვერში იდგა სტალინის ძეგლი, რომელიც აგებული იყო პენსიონერთა დანაზოგი სახსრებით. ეს ძეგლიც მოიპარა კრიმინალმა პრეზიდენტმა. საქართველოს სხვა ქალაქებშიც იქნა განადგურებული ძეგლები სააკაშვილის ბრძანებით.

ბუნებრივია, ჩნდება ლოგიკური კითხვა: რა სამართლებრივი აქტით ჰქონდა პრეზიდენტს ძეგლების ლიკვიდაციის უფლება? ეგებ პარლამენტს მიაღებინა პრეზიდენტმა ასეთი ბარბაროსული გადაწყვეტილება? სააკაშვილს ხომ ყველაფერი შეუძლია.

მოგმართავთ თხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს - დაავალოთ შესაბამისი ორგანოების ხელმძღვანელებს, შეისწავლონ აღნიშნული საკითხი და მისცენ სამართლებრივი შეფასება პრეზიდენტისა და მისი დანაშაულებრივი გარემოცვის ანტისახელმწიფოებრივ, ანტიხალხურ კრიმინალურ ქმედებებს. დადგენილ იქნას როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანი, რომელიც მიადგა ქვეყნის ეკონომიკას და მოსახლეობას, აიძულონ პრეზიდენტი, აანაზღაუროს მიყენებული ზარალი.

მიუხედავად ახალი ხელისუფლებისადმი ჩემი დიდი მხარდაჭერისა და პატივისცემისა („ქართული ოცნების“ დაარსებიდან ვარ მისი მხარდამჭერი და საარჩევნო კამპანიის აქტიური მონაწილე ქუთაისში), მინდა კრიტიკის ნიშნით განვაცხადო, რომ ზედმეტად შემწყნარებელი ბრძანდებით დამნაშავე პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის მიმართ. თქვენ ხშირად აცხადებთ, ეგებ მოვახერხოთ და ვაპატიოთ პრეზიდენტს ჩადენილი კრიმინალური დანაშაულებებიო. ბატონო ბიძინა, ეს მარტო თქვენი გადასაწყვეტი არაა, ხალხს უნდა ვკითხოთ, სასამართლო პროცედურა უნდა გაიმართოს, მოსამართლემ უნდა გამოიტანოს ვერდიქტი და ყველაფერი მაშინ გაირკვევა. მხოლოდ, კუბლაშვილებისა და ადეიშვილების სასამართლოში კი არა, სტრასბურგში უნდა გაირჩეს ეს საქმე. სამწუხაროდ, ლიფსიტების დაჭერით ვართ დაკავებული, ღლავები კი თავისუფლად დასეირნობენ, აქეთ გვედავებიან და ჭკუასაც გვასწავლიან - რა უნდა ვაკეთოთ და როგორ. სხვა ბევრ რამესთან ერთად ეს მცდარი მიდგომაც უნდა გამოსწორდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩნდება ეჭვი: ხომ არაა გარიგება ძველსა და ახალ ხელისუფლებას შორის? ღმერთმა დაგვიფაროს, ამის წარმოდგენაც კი საშინელებაა.

 

პატივისცემით - პროფესორი სიმონ პაპიძე,

80 წლის, პენსიონერი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1361
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია