მიმდინარე წელიწადმა ქართული პოლიტიკური სცენა რადიკალურად შეცვალა. 2 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საქართველოს პრემიერ-მინისტრი მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი გახდა. შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ 8 წლიანი მმართველობის ხანა დასრულდა, თანაც ისე, რომ საქართველომ „დემოკრატიის ტესტი“ გაიარა.
გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა, ალბათ, ის იყო, რომ მოხდა „ვარდების რევოლუციის“ ტრანსფორმაცია „ცოცხების რევოლუციაში.“ მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ სცენაზე შემოსვლისთანავე ნამდვილად ძლიერი და ანგარიშგასაწევი ოპონენტი იყო მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობისათვის,“ ხელისუფლების ცვლაში ლომის წილი მაინც ე.წ. ციხის კადრების გავრცელებას მიუძღვის. რომ არა ციხეში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოები, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა და მაშინდელმა მმართველმა პარტიამ შესაბამისი რეაგირებაც კი ვერ მოასწრო, მილიარდელი ივანიშვილის კოალიციის - „ქართული ოცნების“ გამარჯვება არც თუ ისე გარანტირებული იყო, მით უმეტეს - 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების ფონზე, როდესაც გამარჯვებულ და დამარცხებულ პარტიებს შორის სხვაობამ, დააახლოებით, 10 მანდატი შეადგინა. სხვა დანარჩენმა პარტიამ თუ კოალიციამ კი ბარიერიც ვერ გადალახა და, შესაბამისად, მივიღეთ ორპარტიული პარლამენტი, სადაც საკონსტიტუციო უმრავლესობა მმართველ პარტიას არა აქვს.
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების სრული პოლიტიკური შეფასებისათვის მნიშვნელოვანია ასევე ერთი გარემოება - მიხეილ სააკაშვილმა, ყველასთვის მოულოდნელად, პირველმა აღიარა დამარცხება და განაცხადა, რომ ის ოპოზიციაში გადადის. ეს მართლაც რომ მოულოდნელობა იყო იმ ფონზე, როდესაც წინასაარჩევნოდ პრეზიდენტი ყველა შესაძლო მეთოდებით ებრძოდა ბიძინა ივანიშვილის კოალიციას და იმდენად შეუზღუდა ოპოზიციონერ მილიარდელს წინასაარჩევნო მოქმედების არეალი, რომ საზოგადოებაში ხუმრობდნენ კიდეც - სააკაშვილს რომ შეეძლოს, ივანიშვილის გამო ფულსაც კი გააუქმებდაო. თუმცა, ასეთი მძიმე წინასაარჩევნო ბრძოლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც გახდა იძულებული, ოპოზიციაში გადასულიყო და ხელისუფლება დაეთმო.
„ქართული ოცნების“ ტრიუმფი და მიხეილ სააკაშვილის მიერ დამარცხების აღიარება - წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია ქართული დემოკრატიისათვის“ - ამგვარი შეფასებები მიიღო საერთაშორისო არენაზე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში. ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების განცხადებებით, საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა. შედეგად ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალი ტერმინიც კი დამკვიდრდა - „კოჰაბიტაცია“. ტერმინი ქართულ თარგმანში „თანაარსებობას“ ნიშნავს, თუმცა რეალობაში ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის ბრძოლის ამსახველ ტერმინად უფრო იქცა!
მოკლედ რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ზედმეტი გართულებების გარეშე მისცა ბიძინა ივანიშვილს მთავრობის დაკომპლექტების უფლება და არ გამოიყენა თავისი კონსტიტუციური უფლებები, როგორც აღმოჩნდა, მთლად ასე მარტივად არ ყოფილა საქმე და 2012 წლის ბოლოს განვითარებულ მოვლენების ქრონიკაც სწორედ ამის დამადასტურებლად იქცა.
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკვე საკმაოდ ხშირად, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ე.წ. ყბადაღებული კოჰაბიტაციის დარღვევაში ადანაშაულებს და ცდილობს აჩვენოს, რომ ის სახელისუფლებო ვერტიკალიდან არსად წასულა. მაგალითად, ამ კვირაში საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუკი საპარლამენტო უმრავლესობა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში იმ ცვლილებებს მიიღებს, რომელიც ახლა წარმოადგინა, პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს. ამ მუქარას კი ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა ასე უპასუხა - თუ მიხეილ სააკაშვილს კონფრონტაცია სურს, ის ამას მიიღებს. „ქართული ოცნების“ ლიდერი მზად არის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ხვალვე გაჰყვეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში.
ამჟამინდელი და ყოფილი მმართველი პოლიტიკური ძალების თანაცხოვრება ერთი მარტივი მიზეზის გამო ვერ შედგა - ბიძინა ივანიშვილის კაბინეტმა საკმაოდ აქტიურად დაიწყო ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირების - სამართლიანობის აღგენის შესრულება და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე „ნადირობის სეზონი“ გახსნა. როგორც საპარლამენტო უმცირესობის - „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ამბობენ, გამარჯვებული პარტია სოციალურ დაპირებებს ვერ ასრულებს და ამის გადაფარვას პოლიტიკური დაკავებებით ცდილობს. რომ არაფერი ვთქვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებზე, სისხლის სამართლის დევნაში მიცემულია სამი მინისტრი, რომლებსაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა სამინისტროს პორტფელები ებარათ.
ჯერ დააპატიმრეს ბაჩო ახალაია, რომელიც ბოლოს შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ, თუმცა ბრალდების ეპიზოდები მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდს ეხებოდა. უნდა ითქვას, რომ ბაჩო ახალაიას დაკავებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში უფრო სხვა მოლოდინები არსებობდა, კერძოდ, ელოდნენ, რომ მას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსობის დროინდელ „ცოდვებს“ გაუხსენებდნენ და არა თავდაცვის მინისტრობისას. თუმცა, შესაძლოა მისი ბრალდების ეპიზოდები ამ კუთხით კიდევ გაიზარდოს მომავალ 2013 წელიწადში. გარდა ბაჩო ახალაიასი, ქრთამის აღების ბრალდებით დაპატიმრებულია ყოფილი ფინანსთა და ენერგეტიკის მინისტრი ალეკო ხეთაგური და იუსტიციის, განათლების ყოფილი მინისტრი და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ნიკა გვარამია.
ყოფილი მაღალჩინოსნების დაჭერას მძაფრი რეაქცია მოჰყვა ამერიკასა და დასავლეთში. გამოქვეყნდა რიგი პუბლიკაციები, სადაც ივანიშვილის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ დევნაზე იყო საუბარი. „ქართულმა ოცნებამ“ ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილს დააბრალა და განაცხადა, რომ ყოფილი ხელისუფლების ლობისტები ცდილობენ გამარჯვებული პოლიტიკური ძალის იმიჯი შელახონ. გარდა პუბლიკაციებისა, დაკავებების თაობაზე განცხადებები გაკეთდა ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მხრიდან. უფრო მეტიც, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ პოლიტიკური დაჭერების თაობაზე შეშფოთება სპეციალურ რეზოლუციაშიც კი გამოხატა. მოკლედ რომ ვთქვათ, საერთაშორისო არენაზე მიხეილ სააკაშვილი, აშკარად, ბევრად უკეთ გრძნობს თავს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები გამიზნულია უფრო საერთაშორისო, ვიდრე შიდა აუდიტორიისათვის.
ამგვარად, მართალია 2012 წელი სრულდება, მაგრამ ამ წელში დაწყებული პოლიტიკური მოვლენების „კუდები“ 2013 წელსაც გადაწვდება. როგორც აღმოჩნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს ხელისუფლების ადვილად დათმობას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ის არ გეგმავს არც მთავრობის და არც პარლამენტის დათხოვნას, პოლიტიკური ბრძოლა ხელისუფლებისათვის ჯერ კიდევ არ დასრულებულა - მიხეილ სააკაშვილი სახელისუფლებო ვერტიკალში, ჯერ კიდევ, საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა. ადგილობრივ თვითმმართველობებთან და სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენები - თვითმმართველობებში შეჭრა და „ნაციონალი“ გამგებლების გადადგომის მოთხოვნა, იუსტიციის საბჭოსა და სასამართლოს რეფორმირების გეგმები - ადასტურებენ, რომ ბრძოლა პოლიტიკური ძალაუფლებისათვის ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.