დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ბიძინა ივანიშვილი: „გააცნობიერეთ, რომ ყველა პრობლემას ერთ დღეში ვერ გადავწყვეტთ...“
2012/12/17 13:22:07

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-რეზიდენციასთან სოციალურად დაუცველმა მოქალაქეთა ჯგუფმა, რომლებიც რკინიგზის საავადმყოფოში არიან შეჭრილები,  საპროტესტო აქციები მოაწყვეს. პრემიერ-მინისტრი აქციის მონაწილეებს პირადად შეხვდა. „მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერს, მაგრამ ძალადობით არაფერი გამოვა.“ - განაცხადა პრემიერმა შეხვედრის დროს.

 

სოციალურად დაუცველი ოჯახები რკინიგზის საავადმყოფოში ოქტომბერში შეიჭრნენ. მათი თქმით, მოქმედი ხელისუფლება მათ დაჰპირდა, რომ შენობაში ელექტროენერგიას ჩაურთავდნენ, თუმცა დაპირება არ შესრულდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები  აცხადებდნენ, რომ შენობის გამრიცხველიანება 21 ათასი ლარი ჯდება. ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან გამართულ აქციაზე ოცამდე სოციალურად დაუცველი ადამიანი იმყოფებოდა და მათგან ორი შიმშილობდა. სოციალურად დაუცველების მოთხოვნა იყო ე.წ. რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში დარჩენა და ელექტროენერგიის ჩართვა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ბინის ქირის გადახდაზე უარს აცხადებდნენ და მუდმივი საცხოვრებელი ფართით დაკმა-ყოფილებას ითხოვდნენ. სოციალურად დაუცველების შეფასებით, მათი საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გამო-ყოფილი რამდენიმე მილიონი ლარი დედაქალაქის მერიამ გახარჯა, რის გამოც ისინი სოციალურად მძიმე პირობებში არიან.

აქციის მონაწილე მოქალაქეების განცხადებით, საავადმყოფოს შენობაში ისინი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. ამ დრომდე მათ მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი შეხვდათ, რომლისგანაც გარკვეული დაპირებები მიიღეს,  თუმცა მას შემდეგ დასახმარებლად არავინ გამოჩენილა:

„ჩვენ არ გვინდა სხვა ბინაში ქირით გადასვლა, თუკი ქირას გვიხდიან, მოგვცენ 200-200 ლარი და ჩვენ ამ შენობაში დავრჩებით, იმ თანხას კი სხვა საჭიროებებისთვის გამოვიყენებთ. შენობაში არ გვაქვს ელექტროენერგია, ვართ საშინელ პირობებში, სანამ დენს არ ჩაგვირთავენ და სანამ პირადად არ შევხვდებით ბიძინა ივანიშვილს, არ დავიშლებით. ხელზე დაგვიხვიეს და შემდეგ ყურადღება აღარ მოგვაქციეს,“ - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

პრემიერ-მინისტრი ბიზნეს-ცენტრთან შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და დაჰპირდა, რომ უახლოეს დღეებში ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი მათ შეხვდება და არსებული პრობლემის გადაჭრის გზებს დასახავს.

ამავე დროს, როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, სოციალურად დაუცველებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ყველა პრობლემა ერთ დღეში ვერ დასრულდება.

„მე ვიცი თქვენი პრობლემები და ძალიანაც განვიცდი ამ ყველაფერს, მაგრამ თქვენ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, ასეთია დღეს ჩვენი ქვეყანა. ძალიან ბევრი შეცდომები დავუშვით, ძალიან ბევრი პრობლემები მოხდა ჩვენს გარეშე. აუცილებლად წინა ხელისუფლების ბრალი არ იყო ყველა ის პრობლემა, რაც ახლა არსებობს, მაგრამ წინა ხელისუფლების და იმის წინა ხელისუფლების ბრალია ბევრი რამ, რა შედეგებსაც ჩვენ დღეს ვიმკით. თქვენ უნდა გააცნობიეროთ, ჩვენ მოვედით დღეს, მაგრამ ყველაფერს ერთ დღეში ვერ გადავწყვეტთ, ეს წარმოუდგენელია, პირობას გაძლევთ, რომ ყველაფერი მოგვარდება, მაგრამ ამას დრო სჭირდება,“ - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საკმარისია დღეს იქ შეკრებილი სოციალურად დაუცველები დააკმაყოფილოს, რომ ხვალ და ზეგ უკვე მთელი საქართველო ბიზნეს-ცენტრთან მივა.

„ვიცი, რომ პრობლემები გაქვთ, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს გაჩვენებთ, რომელსაც თქვენზე მეტად უჭირს. არ გვაქვს საშუალება, რომ ყველაფერი ერთ დღეში დავამთავროთ. თქვენ ალტერნატივას გთავაზობენ, მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერს, მაგრამ ძალადობით არაფერი გამოვა,“ - აღნიშნა პრემიერმა.

სოციალურად დაუცველებთან შეხვედრის დროს პრემიერი ჩინოვნიკების აგარაკების და პრივილეგიების საკითხსაც შეეხო. ჩინოვნიკებს ყველანაირი პრივილეგია ჩამოერთმევათ - განაცხადა ივანიშვილმა და განმარტა, რომ ამოღებული თანხები სწორედ გაჭირვებული ხალხისკენ წავა.

„დაჩები“, ყველანაირი მშენებლობები, ყველანაირი პრივილეგიები, რაც ჰქონდათ ჩინოვნიკებს, ყველაფერს ჩამოვართმევთ და გამოვაქვეყნებთ. არანაირი წყნეთი, არანაირი „დაჩები“, ყველაფერი გავაჩერეთ, ეს თანხები თქვენკენ წამოვა.“ - მიმართა ივანიშვილმა სოციალურად დაუცველებს.

პრემიერის თქმით, მთავრობა ცდილობს, პრიორიტეტები სწორად გადაანაწილოს და, პირველ რიგში, სწორედ ყველაზე გაჭირვებულ მოსახლეობას დაეხმაროს. ამ კონტექსტში, პრემიერმა მის ბიზნესცენტრთან გამართული აქციის მონაწილეებს თხოვნით მიმართა, „პრიორიტეტებს ასეთი წესით ნუ დაარღვევენ.“

„წელს გავაორმაგეთ თქვენი დახმარება, გაისად ოთხმაგს გავხდით. ამ თანხის იქით არ გვაქვს საშუალება, ასეთია ბიუჯეტი, ამისგან სასწაულს ვერ მოვახდენთ. მაშინ სხვას უნდა მოვაკლოთ. დამატებით, რასაც შეიძლება კიდევ გადავხედო, ისაა, რომ სულადობის მიხედვით შეიძლება გრადაცია გავაკეთოთ. გაგებით მოეკიდეთ, ძალიან გთხოვთ,“ - აღნიშნა ივანიშვილმა.

პრემიერის თქმით, დაშვებულ შეცდომებზე ძველი ხელისუფლება პასუხს აგებს, თუმცა, აქვე დასძინა, რომ ვერავის დაადანაშაულებს, მათ შორის - თბილისის მერს გიგი უგულავას.

 

ცოტნე პახუმიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1392
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია