დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„სია“, რომელშიც ყველა ვიკითხებით
2012/12/17 13:12:52

ახალი ფილმის პრემიერა ქუთაისში

ისინი ამბობენ, რომ ქალაქი ფილმების გადაღების კუთხით განებივრებული არ არის. ამიტომაც მოვიდა იდეა, რომელსაც ხორცი შეასხეს და გადაიღეს თვრამეტწუთიანი, მოკლემეტრაჟიანი დრამა, სახელწოდებით „სია“.  

 

ფილმის პრემიერა 12 დეკემბერს, 12 საათსა და 12 წუთზე ქუთაისში, პრესის სახლის მეხუთე სართულზე შედგა. კრეატიულად გაფორმებული გარემო მოწვეულ სტუმრებს დასაფლავების დღეზე დასწრების ემოციას უქმნიდა... ადამიანებს, რომლებიც პრემიერაზე მოდიოდნენ, ვერ გაეგოთ, რატომ იყო გაშლილი სუფრა, რომელზეც ლობიო, ფლავი და ყველა ის კერძი იდო, რასაც, ტრადიციიდან გამომდინარე, მიცვალებულის დასაფლავების შემდეგ თუ მანამდე, დაკრძალვაზე მიპატიჟებული ადამიანები მიირთმევენ ხოლმე. კედელზე გაკრული სიებიც ერთგვარ ორიგინალურობას მატებდა გარემოს. მერე ფილმიც დაიწყო და კვანძიც გაიხსნა.

70-80 წლის მარტოსულ, გაღარიბებულ, ძალაგამოცლილ ადამიანს ლაპარაკი არ შეუძლია, თუმცა ესმის, რასაც ესაუბრებიან. მას ურეკავენ და აგებინებენ, რომ მისი ახლობელი გარდაიცვალა. კადრებში კარგად სჩანს მოუვლელი და ცარიელი ოთახი, სადაც მთავარი გმირი ცხოვრობს, ის მიდის და მისთვის ყველაზე ძვირფასს - ღირსების ორდენს ჰყიდის, სულ რაღაც 30 ლარად, რადგან გარდაცვლილს, რომლის დაკრძალვაზეც უნდა წასულიყო, 30 ლარი ჰქონდა   „გადახურული“ მასთან.

სუფრასთან მშიერი ჯდება და აქ ისახება უკვე ადამიანის მეორე სახე: სულმოუთქმელად, „გადმოვარდნილი“ თვალებით შეექცევა საჭმელს, შემდეგ კი ორ ნაჭერ პურს ქაღალდის ხელსახოცში ახვევს და მიდის. შინ მისვლამდე კიდევ ბევრი საინტერესო კადრია... სახლში მისული კაცი კი აღნიშნულ „სია“-ს წვავს, ფურცელზე ორ სიტყვას წერს და, მდივანთან მისული, გარდაიცვლება. ფურცელზე წერია: „დამმარხეთ უბრალოდ“.

რთული სათქმელია სიტყვებით, ამ ფილმში კადრები უფრო მეტს ამბობენ.

დავით აბულაძე, „105 პროდაქშენის“   დამდგმელი   ოპერატორი:    „ფილმის გადაღება მიმდინარეობდა ერთი დღის განმავლობაში. გადაღების პროცესში მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ფილმი კრეატიული ყოფილიყო, ბევრი საინტერესო ფაქტი და დეტალი გვინდოდა, ჩაგვეტია.“

კადრები, სადაც მთავარი როლის შემსრულებელი თავისი ოსტატური თამაშით ყველას გულამდე მიდის, ალბათ, დიდხანს დაამახსოვრდება მაყურებელს.

ვალერი ფესტვენიძე, მთავარი როლის შემსრულებელი: „ეს ფილმი იყო როგორც პირველი მერცხალი, როგორც გაზაფხული,რადგან ჩვენ არა ვართ ამ ქალაქში განებივრებული ასეთი სიახლეებით.

ადამიანები მოდიან, მიდიან, რჩება მხოლოდ „სია“, ეს „სია“ უკვე არის გადმონაშთი, რომელიც თავად თრგუნავს და ანადგურებს ადამიანს. რაც შეეხება ფილმს, ეს არის პროტესტი - გამოთქმული სოციალური ფენისგან კი არა, ადამიანისგან, ინდივიდისგან. დამსწრე საზოგადოების მიმართ იმას ვიტყოდი, რომ თავიანთ თავს უნდა მოუწოდონ, მეტად იყვნენ აქტიურები ასეთი სიახლეების მიმართ, არ ღირს ყველაფრის ისე მიჩუმათება, რომ რაღაც კომენტარი არ გააკეთო... რაც არ მოგწონს, ისიც უნდა თქვა.“

ფილმის იდეა და რეჟისურა დავით კეთილაძეს ეკუთვნის.

დავით კეთილაძე: „იდეა, რომელიც არაადეკვატურ სიტუაციაში მოვიდა, ითვალისწინებდა ამ თემატიკაზე ფილმის გადაღებას. მის ხორცშესხმას სჭირდებოდა გარკვეული ჯგუფი, რომელიც ამ ყველაფერს გააკეთებდა. მთელი შემოქმედებითი ჯგუფი შევიკრიბეთ და ყველა იმ ნიუანსზე შევთანხმდით, თუ როგორ უნდა შეფუთულიყო რეალურად ფილმი. ფილმის საბოლოო შეფუთვა ჩემს მეუღლეს, რუსუდან ხეცურიან-კეთილაძეს ეკუთვნის, მისი დამსახურებაა დრამის საბოლოო სახე.  ძირითადად ავიღეთ ის თემატიკა, რაც მხოლოდ ქართველი ერისთვის არის დამახასიათებელი ჩვენი გადასახედიდან და ჩვენი შეხედულებით. ეს სენია. ფილმს დაერქვა „სია“. სია, რომელიც დაუსრულებელია, სია, რომელსაც ბოლო არა აქვს და ადრე თუ გვიან ყველა ჩვენგანი მოხვდება ამ ჩამონათვალში, რომელსაც ტრადიცია ჰქვია. ამ ფილმის არსი გახლავთ ღირსება ღირსების წილ.“

ფილმის ჩვენების შემდეგ კომენტარის გაკეთება ცოტამ ისურვა, თუმცა ზოგიერთმა მაყურებელმა ჩვენთან ნათლად დააფიქსირა თავისი აზრი.

თათია კვენეტაძე, ფილოლოგი: „ძალიან საინტერესო იყო. მე გამოვიტანე აზრი, რომ ყველა ჩვენგანი შევალთ ამ სიაში. მივესალმები, რომ ჩვენს ქალაქში გადაიღეს ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი. მე არ მივესალმები თვითონ ფაქტს, რომელიც ასახავს ეგრეთწოდებულ                  „გადასახურავს“ და ადამიანის დასაფლავების შემდეგ სუფრასთან ჯდომას.“

პრემიერა შედგა, დამსწრე საზოგადოების დიდმა ნაწილმა შემოქმედებით ჯგუფს წარმატებები უსურვა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1589
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია