დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ნატო-ს მინისტერიალი - ტრამპლინი 2014 წლისათვის?
2012/12/12 15:03:18

საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეუცვლია

5 დეკემბერს ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. სხდომას ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი თავმჯდომარეობდა. ქართულ  დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ხელმძღვანელობდა. საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნის ევრო-ატლანტიკური საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეცვლილა და, მიუხედავად ხელისუფლების შეცვლისა, საქართველო მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ავღანეთში - ნატო-ს 2014 წლის შემდგომ მისიაში.

 

 

„მოკავშირეებმა მადლიერება გამოხატეს ქვეყნის მიერ ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველ-ყოფაში შეტანილი წვლილისთვის, ხაზი გაუსვეს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულებას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და აღუთქვეს ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა ევრო-
ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ალიანსის წევრებმა, ასევე, დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა,“ - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„ჩვენ დღეს დავადასტურეთ, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში მშვიდობიანად ჩატარდა. ამ კუთხით საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი ჩააბარა. ახლა ველოდებით, რომ მომავალ წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდება. დღევანდელ შეხვედრაზე ქვეყანაში ბოლოდროინდელ დაკავებებზეც ვისაუბრეთ. ხაზი გავუსვით, რომ ნატო არ აპირებს პროცესებში ჩარევას, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ კანონის უზენაესობას სცეს პატივი და დაპატიმრებულ ხალხს ჰქონდეს გარანტია, რომ მათთან მიმართებაში შესაბამისი პროცესი ჩატარდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმეები არ იყოს პოლიტიკური გამოძიება, ამ შემთხვევაში აღქმასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება,“ - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა  ანდერს ფოგ რასმუსენმა. მისივე თქმით, „ჩვენ ვაფასებთ მიღწეულ პროგრესს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ გასაკეთებლი ჯერ კიდევ ბევრია სასამართლო სისტემის, კანონის უზენაესობის განმტკიცების, მედიის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის კუთხით. ჩვენი დიალოგი და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.“

ახალი ხელისუფლების ნატო-ს მინისტერიალზე მიღწეული შედეგები სკეპტიკურად შეაფასა სახელმწიფოს მეთაურმა. როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, საქართველოს ჰქონდა შანსი, მიეღო MAP-ი, მაგრამ ვერ მიიღო ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების, ანუ მაღალჩინოსნების დაჭერის გამო.

„ჩვენ შანსი გვქონდა, მიგვეღო არჩევნების შემდეგ MAP-ი. იყო დისკუსიები, რადგან ასე მაგრად ჩატარდა არჩევნები, ჩვენ გვქონდა კონსენსუსი ახალ კოალიციასა და პრეზიდენტს შორის, რომ ჩვენ უნდა შევიდეთ ნატო-ში. იყო შანსი და ამის შესახებ მითხრეს პირადად ძალიან მაღალ დონეზე ყველგან, რომ ჩვენ შეგვეძლო დეკემბრისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი გაგვეკეთებინა, უკვე ნახევარი ნაბიჯი, წევრობიდან და მიგვეღო როგორმე ეს „მაპი“. სამწუხაროდ, ბოლო თვეების მოვლენების გამო და ამას ვამბობ დიდი დანანებით, ამ ეტაპზე ამის საშუალება გუშინ არ მოგვცა. გუშინ სხდომამ ჩაიარა ისე, რომ, პრაქტიკულად, ახალი ინსტიტუციური წინსვლა არ გვქონია,“ - განაცხადა მინისტერიალის მეორე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთში, ქვეყნის პირველ პირთან, ბრონისლავ კომოროვსკისთან შეხვედრის შემდეგ, ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში.

თუმცა, სააკაშვილის აზრით, ეს გამოსწორებადია და არაფერი არ არის დაკარგული. „ვფიქრობ, თუ რაღაცებს გადავხედავთ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებში - ცოტათი, შევძლებთ, რომ ისევ გავაგრძელოთ წინსვლა. ეს არის საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალის ინტერესებში, მიუხედავად იმისა, მოგვწონს ერთმანეთი თუ არ მოგვწონს... აქ პარტიული განსხვავებები არ შეიძლება იყოს. მე არ შემიძლია გახარებული ვიყო, რამე ცუდად თუ მიდის. პირიქით, ეს ცუდი ფაქტი იქნება ყველასთვის. მე ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ თუ სადმე შევფერხდით და წავფორთხიალდით, ეს გადაილახოს და ჩვენ გავაგრძელოთ საქართველოსთვის წინსვლა,“ - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის იმ შეფასებას, რომ ნატო-ს 4-5 დეკემბრის მინისტერიალიდან ვერ მივიღეთ ის, რაც უნდა მიგვეღო, არ ეთანხმება სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი. 

„...ამ მხრივ მცდარი და გადაჭარბებული მოლოდინი იყო შექმნილი. ამ მინისტერიალზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი საერთოდ არ განიხილებოდა. ეს მინისტერიალი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. დადებითად შეფასდა საქართველოს არჩევნები.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ აქვს სრული ნდობა საქართველოს მთავრობის, -  ის დაიცავს კანონის უზენაესობას და კონსტიტუციას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, MAP-ზე არჩევნების შემდეგ არც ერთხელ  არ ყოფილა საუბარი და ადრეც მცდარი მოლოდინი იყო შექმნილი,“ - განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისი აზრით, პრეზიდენტი ან შეცდომაში იყო შეყვანილი, ან მცდარი განცხადება გაკეთდა, რადგან MAP-ის მინიჭების შესაძლებლობა ამ მინისტერიალზე არ ყოფილა. მინისტრი პეტრიაშვილი ბრიუსელში გამართული ნატო-ს მინისტერიალს ძალიან მნიშვნელოვნად აფასებს. მისივე განცხადებით, ძალიან ნიშანდობლივია გენერალური მდივნის შეფასებები, რომელიც მის ვებ-გვერდზეც არის ასახული, რომ ანდერს ფოგ რასმუსენი მიესალმება საქართველოს მთავრობის მტკიცე ნებას სრულად იქნეს უზრუნვეყოფილი კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობის დაცვა.

ასევე, პეტრიაშვილის თქმით, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, ძალიან გულწრფელი საუბარი წარიმართა ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე და ამ კომისიის სხდომა მინისტრების დონეზე ყოველთვის მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობ, კითხვები იმის თაობაზე, არის თუ არა ახალი მთავრობის კურსი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მოიხსნა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი შედგა ბრიუსელში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დარჩება ავღანეთის მისიაში 2014 წლის შემდეგაც. ეს არის აუცილებელი ელემენტები იმისთვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ნატო-ში ინტეგრაცია. რაც შეეხება იმას, რა პრობლემებს ვხედავ მე დღეს ინტეგრაციის თვალსაზრისით, მას შემდეგ, რაც არჩევნებმა საქართველოს მოუტანა გარკვეული შესაძლებლობები, რომ მინისტერიალზე გადადგმულიყო ნაბიჯი წინ, ჩვენ ნამდვილად ვერ დავეთანხმებით იმ გაჟღერებულ ფორმულირებას, რომ აი, MAP-ს გვაძლევენ და მივალთ და ავიღებთ თუ არა, ეს არასერიოზულია. რა თქმა უნდა, არანაირი გარანტია იმისა, MAP-ს თუ სხვა რამეს მივიღებდით, არ გვაქვს, მაგრამ მთავარია, ჩვენ მოვახერხეთ თუ არა იმ მაქსიმუმის მიღება, რაც შეგვეძლო?“ - კითხულობს საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) თანადამფუძნებელი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე ელენე ხოშტარია საზოგადოებრივი მაუწ-
ყებლის ეთერში, გადაცემაში „დიალოგი დავით პაიჭაძესთან“ სტუმრობისას.

როგორც ელენე ხოშტარია ამბობს, ის, რომ დღეს ვერ გავხდებოდით ნა-ტო-ს წევრი, ცხადი იყო. თუმცა აქ  მთავარი საკითხია ინტეგრაციის ის დინამიკა, რომელიც იყო 2003 წლიდან 2012 წლამდე, შეიცვალა თუ არა. ექსპერტის აზრით, ეს დინამიკა ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებოდა - 2005 წელს მივიღეთ ინტენსიური დიალოგი გაწევრიანების თვალსაზრისით და გაჩნდა ირიბი ტერმინი ნატო-ში გაწევრიანებისა; შემდეგ იყო ბუქარესტის გადაწყვეტილება, შემდეგ - ნაბიჯი ლისაბონში, სადაც გაიქარწყლა ყველა ეჭვი იმის თაობაზე, გრძელდება თუ არა ინტეგრაცია ომის შემდეგ და ბოლოს იყო ჩიკაგოს სამიტი, როცა საქართველო ევროატლანტიკური სივრცის ნაწილად განისაზღვრა და დაჯგუფდა ბალკანეთის ქვეყნებთან.

„ეს არის დინამიკა, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის დღეს. ჩვენ ვართ ბევრად უსაფრთხოდ, როცა ვართ ინტეგრაციის პოზიტიურ დინამიკაში. მე რაც მაწუხებს დღეს ყველაზე მეტად, არის ის, რომ პოზიტიური დინამიკიდან გადავედით ნეგატიურ დინამიკაში, სადაც ჩვენ გვიწევს, როგორც მინიმუმ, მტკიცება იმისა, ხდება თუ არა საქართველოში პოლიტიკური რევანში, არის თუ არა კანონის უზენაესობის პატივისცემა, მაგრამ ფაქტია, რომ ახლა ვართ ამ რეჟიმში, როდესაც მიგვითითებენ შემდგომ ტესტებზე და შეცდომებზე.  მეორე, არის ფაქტი, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ იმ პოზიტიურის მიღება, რაც დაიმსახურა საქართველომ არჩევნების შემდეგ. მე არ მინდა სპეკულაციები, რა შეგვეძლო მიგვეღო, მაგრამ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო თუნდაც ფორმულირება, რომელიც გააძლიერებდა საქართველოს შანსებს 2014 წლისთვის, რაც არის გარკვეული ორიენტირი ჩვენთვის ყველასთვის. ეს მინისტერიალი ერთგვარი ტრამპლინი იყო 2014 წლის სამიტისთვის. თუ ეს მაგალითი გამოუყენებელი შესაძლებლობისა გვასწავლის ყველა პოლიტიკურ მხარეს, რომ გვერდზე გადავდოთ ვიწრო-პოლიტიკური ინტერესები და მოვახერხოთ იმ მაღალი მოლოდინის გამართლება, რაც საერთაშორისო საზოგადოებას აქვს, ეს შესაძლებელია მოხდეს,“ - აცხადებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1311
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია