დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ანას 70 წელი სკოლაში
2012/12/03 12:23:13

ერთფეროვანი პოლიტიზებული გარემო მაიძულებს, ადამიანურ ისტორიებზე ჩავფიქრდე და გარკვევით ვუთხრა ჩემს თავს: პოლიტიკის მიღმაც არსებობს ისეთი რამ, რაზედაც საუბარი ღირს.

 

 

1948 წელს, როცა მეორე მსოფლიო ომი სამიოდე წლის დასრულებული იყო და სამყაროს ისევ ეტყობოდა ომის მიერ მიყენებული ჭრილობები, საჩხერის ერთ-ერთ სოფელში ომგადახდილი ახალგაზრდა კაცი მათე ლომიძის სახლს მიადგა ქალიშვილის ხელის სათხოვნელად.

მათე ფრიად გამოცდილი კაცი იყო, მეურნეობის გარდა ზოგჯერ შორეულ მგზავრობასაც არ ერიდებოდა იმისთვის, რომ შვილმრავალ კაცს ოჯახისთვის ღონიერი ლუკმა შეენარჩუნებინა. აზერბაიჯანსაც კი სწვევია ხოლმე, ალბათ - აღზევანური მარილისათვის. მათეს წერეთლის ასული ესვა ცოლად და, მისი გონიერების წყალობით, შვილები გზაზე დააყენა კიდეც. მათემ გარეგნობითაც გამორჩეული ერთი შვილი, ანა, საჩხერის პედსასწავლებელს მიაბარა და მასწავლებლის დიპლომი გოგონამ სწორედ იმ დღეს აიღო, როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო... საჩხერის რამდენიმე სოფელში 7 წელი ასწავლიდა, მერე კი ბედმა მოუკაკუნა კარზე...

ასე ამოყო თავი ანა ლომიძემ საჩხერიდან ჭიათურის ყველაზე შორეულ სოფელში - გეზრულში. ბუნებრივია, კუდაბზიკა იმერული ესკიზი ამ ქორწინებაშიც იყო. სასიძოს მოსთხოვეს ნიშნობის ბეჭედი, მიხეილ შეყილაძემ ნიჩბისხელა ხელი ჯიბეში ჩაიყო და გაზეთში გადახვეული ფული ამოიღო. თავად იყიდოს პატარძალმა ბეჭედი თავის ნებაზეო, - უთქვამს სასიძოს. მომხიბლავმა ჭაბუკმა და გაზეთის დიდმა შეკვრამ ერთბაშად მოხიბლა მთელი სამოყვრო. თურმე გაზეთში დაძენძილი 21 მანეთიანი იყო გულდაგულ გადახვეული, ამ ფულმაც ვერ „მოიცალა“ მერე ბეჭდის შესაძენად... ნაომარ ქვეყანაში ოჯახებს რა ებეჭდებოდათ, როცა საჭმელი ისევ ჭირდა!

ახლადმოყვანილ პატარძალს ყველაზე დიდი სანახაობა რაც სოფელში აჩვენეს, ეს პატარა მდინარის ხეობაში ჩადგმული წისქვილი იყო. არადა, ძირულას ნაპირზე გაზრდილს რომელი წისქვილი გააკვირვებდა? როცა წყალი ადიდდებოდა, ოჩოფეხებით დაუბრკოლებლად გადადიოდა ძირულაზე. ეს კიდევ არაფერი, როცა სამხედრო გადამზადების კურსებს გადიოდა ზესტაფონში, ყმაწვილქალმა „ფეროს ტრუბაც“ დალაშქრა!

მუშაობასთან ერთად მოახერხა და თბილისის პედინსტიტუტის ორი ფაკულტეტი დაუსწრებლად დაასრულა წარმატებით, სამი შვილიც გაზარდა!

თითქმის 63 წელი ერთ სკოლაში მუშაობდა. იყო გეზრულის სკოლის დირექტორის მოადგილე, დირექტორიც, მაგრამ მისთვის ადმინისტრაციული საქმიანობა  ბორკილი იყო. პრაქტიკოს მასწავლებელს დირექტივების გაცემაზე მეტად ბავშვებთან მუშაობა ერჩივნა. თითქმის 80 წლის ნამოწაფრებიც მორიდებით და სიყვარულით უცქერიან წლებისგან გადათეთრებულ ანას. ქალს, რომელსაც არასდროს შეუმჩნევინებია ვინმესთვის, რომ ბევრი გადაიტანა.

„ახლა რა გაჭირვებაა! გაჭირვება 40-იან წლებში იყო, სკოლიდან გაკვეთილებს შორის, ათწუთიან დასვენებაზე, შინ გადმოვრბოდი, აკვანში ჩაწოლილ შვილს გადავამოწმებდი, როგორ იყო, გაკვეთილების დასრულების შემდეგ დიდ ნუგბარად ითვლებოდა პურის ფქვილის ფაფა, რომელსაც მჭადით ვჭამდით“, - თქვა ერთხელ მოწუწუნე თანამშრომლებთან.

შეიძლება, ვინმეს მცირე დახმარებად მოეჩვენოს 90-იანი წლების ბოლოს მრავალშვილიან ოჯახისთვის გადაგზავნილი ერთი ვედრო კარტოფილი თუ ფქვილი, მაგრამ ქვრივ ქალს ახლაც ახსოვს უპრეტენზიოდ მიწოდებული ეს მცირედიც. ისიც მცირედად მოეჩვენოთ იქნებ, 80 წელს გადაცილებული ქალი მოხსნილი დირექტორის აღდგენაზე რომ ზრუნავდა... ასეთი ბევრი ფაქტი ახსოვთ ანას ბევრ მეზობელსა თუ კოლეგას. საერთო ჯამში კი ბევრი იყრის ერთად თავს!

ანა არც ისე დიდი ხნის წინ „ღირსების ორდენის“ კავალერიც გახდა. მუდმივად ოპოზიციურად განწყობილი ქალის ამ ორდენზე წარდგენა და მისი მიღება თანაბრად გაუკვირდათ, მაგრამ თუ ამ ორდენის სახელს გავითვალისწინებთ, მართლა უპრიანი იყო ეს ჯილდო.

მედალი „ზურგში მამაცობისათვის“ და „ღირსების ორდენი“ ანას ჯილდოებს შორის ყველაზე დიდი არ არის. მისთვის სკოლა და მოსწავლეების სიყვარულია ფასმიუწვდომელი ჯილდო.

90 წლის 1 მაისს გახდება ანა. სუსტად ვარ, ვეღარ შევძლებ მუშაობას, - თქვა ოქტომბრის ბოლოს და განცხადებაც დაწერა.

თანამშრომლებმა არ დაანებეს და ჩუმად არ გაუშვეს სახლში. გაცილების პატარა საღამო მოუწყვეს და იმ დღეს სამასწავლებლოში ცრემლების ყლაპვით შევიდა, მერე ვერ შეძლო და აცრემლებული ყველა მასწავლებელს მიეახლა, მოეფერა, სკოლას არ უღალატოთო, შეახსენა და მორჩილად ჩამოჯდა იმ ადგილას, სადაც თითქმის 6 ათეული წელი გაატარა.

ვიდრე მცირე ღონისძება დაიწყებოდა, მუნიციპალიტეტის გამგებელმაც დაურეკა, ხანგრძლივი შრომისათვის მადლობაც გადაუხადა და მოუბოდიშა, პირველი სამუშაო კვირა მაქვს, ამიტომ ვერ შევძელი ამოსვლაო. თურმე რა ცოტა კმარა ადამიანებისთვის! მხრებიდან ამ სატელეფონო ზარმა თითქოს 20 წლის სიმძიმე ჩამოუხსნა, დარბაზისკენ ამა-ყად  წავიდა, ყურადღებით ისმენდა მოწაფეთა და მოწაფეთა მოწაფეების სამადლობლებს.

გამომშვიდობებისას კოლეგები და-ჰპირდნენ, არ დაგივიწყებთ, ხშირად გეწვევით და თავსაც მოგაბეზრებთ სტუმრობითო.

შემდეგ დღეს ანას სკამზე ახალგაზრდა მასწავლებელი იჯდა და გაკვეთილის ჩასატარებლად ემზადებოდა... ვინ იცის, როგორი მტკივნეულია თაობათა ცვლის პროცესი...

სამწუხაროდ, უცვლელი მხოლოდ ისაა, რომ ყველაფერი ცვალებადია!

 

როლანდ ხოჯანაშვილი

ჭიათურა, სოფელი გეზრული

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1371
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია