22 ნოემბერს ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, აღმოსავლური კულტურის საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, მკითხველის კლუბი შეიქმნა.
ჩვენთან საუბრის დროს აღმოსავლური კულტურის, საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ლეილა ქველიძემ აღნიშნა:
„ვცდილობთ, ჩვენს თანამედროვე ახალგაზრდობას გავაცნოთ აღმოსავლური ლიტერატურის უახლესი მიღწევები, ფორმები წიგნისა, რომელიც არსებობს დღევანდელ მსოფლიოში. გვინდოდა, გვენახა, როგორია ახალგაზრდობის დამოკიდებულება, ან რა მოთხოვნები გააჩნიათ ამ ლიტერატურის მიმართ, ამიტომ შევქმენით მკითხველის კლუბი, რომელსაც ეყოლება თავისი გამგეობა, ასევე პრეზიდენტი, რომლებიც, დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით, შეიცვლებიან. ეს კლუბი, ძირითადად, ორიენტირებული იქნება მკითხველის დაკვეთაზე, მათი ინტერესების სფეროზე. შევეცადეთ, რომ პირველ დღეს წარმოგვედგინა ჩვენი ერთ-ერთი მკითხველის და ავტორის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აღმოსავლური ფილოლოგიის მესამე კურსის სტუდენტის, თორნიკე ხურციძის პირველი კრებულის პრეზენტაცია.“
თორნიკემ და მისმა მეგობრებმა საკმაოდ საინტერესო წარმოდგენა შესთავაზეს მსმენელს - აღმოსავლურ პოეზიაში გავრცელებული ხერხით, როცა სტროფები წარმოითქმის სიმღერით და თან ახლავს მუსიკა.
თორნიკე ხურციძე: „დღეს არის ჩემი პირველი კრებულის პრეზენტაცია, ამდენ ხალხს არ ველოდი, კმაყოფილი ვარ. ჩემთვის მთავარია აუდიტორია. საღამოს განმავლობაში იმის თქმა მინდოდა, რომ ეს ლექსები ჩემსა და საზოგადოებას შორის გაურღვეველი კედელია, რომელსაც, იმედი მაქვს, ხალხი გაიგებს.“
საღამოს საკმაოდ ბევრი ადამიანი ესწრებოდა.