უკვე 17 წლის ისტორია აქვს ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულ თეატრს. ამ ხნის განმავლობაში 60-ზე მეტი ლიტერატურული წარმოდგენა 800-ჯერ უჩვენა მაყურებელს. თეატრის ლიტერატურული საღამოები, ძირითადად, ქართული კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეებს ეძღვნება. ეს, უმეტესად, ქალბატონ იზა ვეფხვაძის საავტორო საღამოებია - ისაა სცენარისტიც, რეჟისორიც და მსახიობიც. მუსიკალურად კი ლიტერატურულ წარმოდგენებს დალი მერაბიშვილი აფორმებს.
საღამოები მთელი საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა ქალაქში იმართება.
ამჟამად ლიტერატურული თეატრის რეპერტუარშია „საქართველოს შიშველი სატივარი“, რომელიც საქართველოს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას ეძღვნება.
როგორ დაიბადა ამ ახალი ლიტერატურული წარმოდგენის შექმნის იდეა? ამის შესახებ ქალბატონი იზა ვეფხვაძე გვიამბობს:
- მოგეხსენებათ, მერაბ კოსტავა 1989 წლის 13 ოქტომბერს ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითში, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. დიდი ხანია, ამ საღამოს გამართვის იდეა მაწუხებს, მაგრამ მხოლოდ წელს შევძელი იდეის სრულყოფა. მასალების მოძიებაში ძალიან დიდი დახმარება გამიწია ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა, რომელიც მერაბ კოსტავაზე წერს წიგნს.
საღამო პირველად ხარაგაულში გავმართე მიმდინარე 13 ოქტომბერს, მერაბის დაღუპვის დღეს, შემდეგ ორჯერ - თბილისში, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებასა“ და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში.
ახლა ქუთაისის ჯერია.
- საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილ ლიტერატურულ წარმოდგენას „საქართველოს შიშველი სატევარი“ 3 დეკემბერს, 18 საათზე, გავმართავთ ქუთაისის ოპერის თეატრში, - ამბობს ქალბატონი იზა ვეფხვაძე, - დასწრება იქნება თავისუფალი და ჩვენ ყველა ქუთაისელს ვიწვევთ ამ საღამოზე, რათა ყველამ ერთად გავიხსენოთ „მარად ფხიზელი და გაუტეხელი სინდისი საქართველოსი“.