დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ დაარქვა დედამ ქალიშვილს ჟანა?
2012/11/12 13:30:45

ჟანა ჯანელიძე ჩემი სტუდენტია კოლეჯ „ეტალონში“. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ ლექციაზე ინტერვიუს ჟანრული სპეციფიკა ავხსენი, ჟანამ, პრაქტიკული დავალების სახით, საკუთარ დედასთან ჩაწერილი ეს ინტერვიუ მომიტანა.

დარწმუნებული ვარ, ინტერვიუს ჩარჩოში მოქცეული ადამიანური პორტრეტი ვერც თქვენ დაგტოვებთ გულგრილს სრულიად უცნობი, კეთილშობილი ქალბატონისადმი, რომელსაც ასეთი საოცარი სიყვარული შესძლებია. ამიტომაც გადავწყვიტე, ეს მშვენიერი სტუდენტური ნაშრომი თქვენც გაგაცნოთ.  

ნანული ცხვედიანი


„გვიან გათხოვდები შენ, ჩემო კარგო, და ორშვილიანი, ქვრივი მამაკაცი იქნება შენი ბედი...“

მკითხავის მიერ ნათქვამმა სიტყვებმა გოგონას თვალებზე ცრემლი მოჰგვარა, ალმურმოდებული გამოიჭრა უცხო ოთახიდან...

გავიდა წლები.

ის გოგონა ახლა დედაჩემია - 60 წლის ქალბატონი ციალა ჯიშკარიანი-ჯანელიძე.- რაიონში საკმაოდ დაფასებული ფარმაცევტი იყავით, უზრუნველად ცხოვრობდით, ოჯახის შექმნა არასდროს გიჩქარიათ. ერთ დღეს კი, ყველასთვის მოულოდნელად, მართლაც ორშვილიან კაცს დაუკავშირეთ ბედი... დღევანდელი გადასახედიდან როგორ შეაფასებდით ამ ნაბიჯს?

- ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი. როდესაც მკითხავმა წლების წინ მსგავსი რამ მითხრა, არასერიოზულად მივიღე. მაგრამ დღეს მე კმაყოფილი ვარ საკუთარი გადაწყვეტილებით.

- როგორ გაიცანით მეუღლე?

- ჩემი მეუღლე, ტარიელ ჯანელიძე, შვიდშვილიანი ოჯახიდანაა. მან ძალიან ბევრი გაჭირვება გამოიარა ცხოვრებაში და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით შეძლო ფეხზე დადგომა. მისი და, მზია, ჩემი მეზობელი იყო კარგა ხნის მანძილზე. მისგან ხშირად მესმოდა ტარიელის პიროვნების საქებარი სიტყვები და ყველაზე საინტერესოს გეტყვი: მე მისი ცოლის დაკრძალვაზეც კი ვიყავი, სამძიმარი მოვიხადე, იქ მზიას გავყევი.

- როდესაც იმ ოჯახში მოხვდით, უკვე გარდაცვლილი დედის მოტირალი ბიჭუნები თუ შეამჩნიეთ?

- შევამჩნიე? რას ამბობ. ჩემი მზერა 10-11 წლის ბავშვებს არ მოშორებია, იქვე, კუთხეში ატუზულები რომ იდგნენ და ცრემლის მოწმენდას ვერ აუდიოდნენ. მაშინვე გულზე მომხვდა მათი აცრემლებული თვალები...

- როგორც ვიცი, მისი მეუღლის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ გადაწყვიტეთ ოჯახის შექმნა ტარიელთან. არ გიფიქრიათ იმაზე, რომ ბავშვები არ მიგიღებდნენ და არც თქვენი ახლობლები მოგიწონებდნენ გადაწყვეტილებას?

- მე 34 წლის ვიყავი მაშინ. ზედმეტად არავინ ჩავრიე საკუთარ გადაწყვეტილებაში. ყველას ვეუბნებოდი, თუ ბედი ჩემს საკუთარს არ მარგუნებს ამ ასაკში, მაშინ ეს ბავშვები მაინც მეყოლებიან საპატრონოდ-მეთქი. თანაც, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ შემეძლო, მათთვის კარგი დედობა გამეწია, თუმცა არასდროს ვიქნებოდი საკუთარი დედის შემცვლელი. მე ჩემი ადგილი მეგულებოდა და ასეც აღმოჩნდა.

- როგორ დაიწყო თქვენი და ბიჭების ურთიერთობა?

- იცი, მე სანამ ოფიციალურად გავყვებოდი ტარიელს, მანამდე გამაცნო სოსო და დათო. ეს წინდახედულება აუცილებელიც იყო, მე თუ მკითხავ. მომიყვანა ბიჭები, დამისვა წინ და მათ უთხრა: მამი, ეს ქალი მოგწონთ დედიკოდო? იმათაც მორცხვად ამომხედეს და თავი დააქნიეს: „კიო“. მას შემდეგ მეც არ ვნერვიულობდი იმდენად: მთავარი იყო, ისინი მიმიღებდნენ.

- გაუჭირდათ ბიჭებს დედის დაძახება?

- არა, არა, რას ამბობ! პირიქით, ჩემდა გასახარად, მათ სახლში მიყვანის პირველსავე დღეს „დედა“ დამიძახეს. ეს დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის. დამიძახეს და ასეა დღემდე. უკვე 37, 38 წლის კაცები არიან და დღესაც, ჩვეულებრივ, დედას მეძახიან.

- როდესაც საკუთარი ვაჟიც გაგიჩნდათ, შეიცვალა თუ არა რაიმე სოსოსა და დათოსადმი თქვენს დამოკიდებულებაში?

- შეიცვალა? არა! ისე წარვუდგინე მათ კობა, როგორც მათი პატარა ძამიკო, რომლის აღზრდაშიც უნდა დამხმარებოდნენ. ისინიც შეგნებული ბავშვები იყვნენ და გულით შეიყვარეს თავიანთი ძმა. ერთმანეთს ეკინკლავებოდნენ კიდეც: „აუ, ბიჭო, შენ ხო გეჭირა დღეს ხელში, ახლა ჩემი ჯერია, მომეციო.“

- კიდევ გაჩნდა გოგონა...

- დიახ, გაჩნდა ნანატრი გოგო, რომელმაც მართლაც უდიდესი სიხარული შემოიტანა ოჯახში. პირველ რიგში, ტარიელი იყო ამით აღფრთოვანებული. მანამდე, ზოგჯერ, ხუმრობით მეტყოდა: მეოთხე ბიჭიც არ გააჩინო, თორემ ხომ დავიქეციო. სულ ნატრობდნენ ბავშვებიც დაიკოს. თანაც „თავსატეხი“ ხომ უნდა ჰქონოდათ და გაჩნდა კიდევაც პატარა ჟანა.

- მოდი, ვუამბოთ მკითხველს: რატომ - „ჟანა“?

- სიამოვნებით. როდესაც ბავშვი შინ მოვიყვანე სამშობიაროდან, დავუძახე სოსოს და დათოს და ვკითხე, რა გინდათ, რომ დავარქვათ მეთქი. მათ ერთხმად მიპასუხეს: ჩვენი დედიკოს სახელიო. ეს იყო ჟანა - მეუღლის, პირველი ცოლის სახელი. ის 37 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ ჩვენს ოჯახში ყოველთვის საპატიო ადგილს იკავებდა და დღემდე იკავებს მისი ხსოვნა.

- არ გაგჩენიათ პროტესტის გრძნობა, ან შიში, როცა გარდაცვლილი ქალის სახელი დაარქვით საკუთარ შვილს?

- არა, ეს არც კი მიფიქრია. ის ქალი ჩემი შვილების დედა იყო. რომელმაც ვერ შეძლო დედობრივი სიყვარულის მაქსიმალური გამოხატვა და ძალიან ახალგაზრდამ დააობლა ბიჭები, მეუღლე. იმ ქალის სახელს არასოდეს დავივიწყებთ. მე მუდამ მისი მადლიერი ვარ, რადგან მომცა იმის საშუალება, დედობრივი სითბო გამეზიარებინა მისი შვილებისათვის.

- როგორი ურთიერთობა ჩამოყალიბდა და-ძმებს შორის?

- იდეალური! არ მეგულება მსგავსი სიყვარული სადმე! სოსო ჟანას დაიწვენდა ხოლმე გულზე, დათო - კობას და ასე გაზარდეს ერთმანეთი. გამორიცხულია, როდესმე მათ შორის რაიმე უთანხმოება მომხდარიყო. სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი და დღემდე ასეა. მახსოვს, ჟანა ღამეებს ათენებდა ტირილში, როდესაც სოსო, ან დათო სამუშაოდ მიდიოდნენ თბილისში. ძლივს ვამშვიდებდით. ერთხელ, სიცხიანმა, მთელი დღე და ღამე თავთან დაისვა სოსო და არ გაუშვა ხელი, როცა ის, ჩანთაჩალაგებული, თბილისში მიდიოდა. ვერც წავიდა ბიჭი იმ ღამეს. მეორე დილით კი გაიპარა და იმ დღეს გლოვის ზარი იყო ჩემს სახლში. სიცხიანი ჟანა ჭიშკარს შიგნით ვეღარ შემომყავდა. ასეთი რამდენიც გინდა.... კისერზე შემოსმული დაჰყავდათ პატარები ბიჭებს...

- დღეს, როდესაც ისინი უკვე 37-38 წლის ვაჟკაცები არიან, კვლავ ინარჩუნებთ ასეთ დამოკიდებულებას?

- ჩემი შვილები ჩემი ოთხი უზარმაზარი კედელია, მათი მამის საამაყო  ძალა.  დღეს,  როგორც არასდროს, ისე ვართ შეკრული ერთ ოჯახად. მართალია, იმათ უკვე თავიანთი ოჯახები ჰყავთ, შვილები... მაგრამ ერთი დიდი ძალა გავხდით, ერთად ვუმკლავდებით გაჭირვებას, ერთად აღვნიშნავთ ლხინს. როდესაც ჩამოდიან, უკვე დროებით, მშობლიურ სახლში, თითქოს ავიწყდებათ, რომ უკვე ის პატარა ბიჭები აღარ არიან. სოსო როგორც კი დამინახავს, ხელებს გაშლის და მკითხავს: ჩემი დედიკო როგორ არისო? ჩვეულებისამებრ გამეხუმრება ცხვირზე და შუბლზე მკოცნის. ვივსები უზარმაზარი ძალით, როდესაც ესენი, ოთხივენი, ერთ სუფრასთან შეიკრიბებიან და ერთიმეორეს სიყვარულს უმტკიცებენ. ჩემი და ტარიელის სიცოცხლეც ესაა!

- ოჯახში ერთგვარი ტრადიცია არსებობს... მომიყევით ამის შესახებაც.

- აუცილებლად. ეს იყო ადრე... როდესაც ჟანას ხსოვნის სადღეგრძელოს ერიდებოდნენ ჩემს გასაგონად და შემდეგ მე მადღეგრძელებდნენ, ყველას ვუთხარი, რომ პირველ რიგში ჟანა იყო აქ დიასახლისი და მისი ხსოვნა უნდა თქმულიყო, მე კი მეორე ჭიქით ვედღეგრძელებინე. ეს ასეა გამართლებული ჩემთვის.

- ანეტა ბებიაზე რას გვეტყვით?

- ანეტა ბებო? ოო, ის ჩემი ქმრის პირველი ცოლის დედა იყო, სოსოს და დათოს ბებია, რომელმაც ოთხი წელი იცხოვრა ჩვენთან ჩემი ქმრის ინიციატივით. 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაგრამ მანამდე ხელი მოიტეხა და სამი წელი სრულ ტანჯვაში გაატარა, ლოგინიდან ადგომა აღარ შეეძლო. ისე ვუვლიდით მას ყველანი, როგორც განსაკუთრებულ არსებას. ტარიელიც კი, ზოგჯერ მარტოს რომ უწევდა მასთან ყოფნა, საკუთარი ხელით აჭმევდა საჭმელს. მეც ყველანაირად ვცდილობდი, შემემსუბუქებინა ტკივილები. სიკვდილის ბოლო დღემდე მემახსოვრება ამ მოხუცის ლოცვა და ხელზე ამბორი. რომ არა ჩემი ტარიელი, ჩემი სოსო, დათო, კობა და ჟანა, მე ვერ გადავიტანდი გასაჭირს, რაც ცხოვრების გზაზე შეგვხვედრია. მაგრამ, უფლის მადლით, ყველაფერს გავუძელით. ჩვენ ერთმანეთი გვასულდგმულებს. მე მათი გულისთვის ტყვიასაც კი დავუდგები წინ.

...ჩემმა რესპონდენტმა სიტყვა ბოლომდე არ დაასრულა, მაგრამ აბაშის რაიონის სოფელ მარანში ხომ დღესაც ბევრს ახსოვს ეს ამბავი: მხედრიონის დროს როგორ გადაეფარა დათოსკენ დამიზნებულ ტყვიას მისი მეორე დედიკო - ციალა ჯიშკარიანი. ის თითოეული შვილისთვის ასე მოიქცევა.

 

ჟანა ჯანელიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1388
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია