დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ვახტანგ ხმალაძე: „არანაირად არ შეიძლება გუბერნატორების პირდაპირი არჩევა, თუ რაგიონშივე არ იქნა არჩეუ
2012/10/29 12:38:11

პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტის გახსნისას მერების და გუბერნატორების პირდაპირი წესით არჩევის ინიციატივა გააჟღერა. ამ ინიციატივისა და, ზოგადად, პრეზიდენტის სიტყვის შეფასება ვთხოვეთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ვახტანგ ხმალაძეს, რომელიც ასევე ახალი მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა.

 

- ბატონო ვახტანგ, როგორია ახალი პარლამენტის პირველი სამუშაო დღეები? 

- ყველაფერი მიმდინარეობს შეთანხმებული გეგმის მიხედვით. ვნახოთ, რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი მოქმედება, რადგან, სამწუხაროდ, მოქმედი გადაგვარებული კონსტიტუციით პრეზიდენტის ხელში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი უფლებაა, რომელთა არაგონივრულად და ბოროტად გამოყენებამ ქვეყანა შეიძლება კრიზისში შეიყვანოს. მინდა იმედი ვიქონიო, რომ ასე არ იქნება, მაგრამ ვნახოთ.

რაც შეეხება თვითონ პრეზიდენტის სიტყვას, რბილად თუ ვიტყვით,  ფრიად გასაკვირია ის, რომ  მან დაიწყო საუბარი რაღაც თაღის მოხსნის თაობაზე, თქვენ კი ნახეთ, აქ როგორი ტემპერატურა დგას და მე უფრო მეტსაც გეტყვით, ამ შენობის მხოლოდ კომუნალური მომსახურება, დაახლოებით, ორი მილიონით მეტი ჯდება, ვიდრე თბილისში იმ პარლამენტის მომსახურება იყო. ეს ორი მილიონი არ არის წყალში გადასაყრელი, თან თურმე ეს თაღი უნდა მოიხსნას. თუ მოსახსნელია, რატომ აკეთებ? ჩნდება ეს ბუნებრივი კითხვები. გარდა ამისა, მან ისაუბრა მერების  პირდაპირი არჩევნების თაობაზე. ამას, წლებია, ვითხოვთ, მრავალი წელი - თანაც...  რომ აცხადებს, თუ პარლამენტი დაუჭერს მხარსო, ახლა გახდა ეს პრეზიდენტის მოსაზრება?

- პრეზიდენტმა ისაუბრა ასევე გუბერნატორების არჩევნებზე. ეს რამდენად მიზანშეწონილია?

- ამ  საკითხზე ჩვენ მსჯელობა არ გვქონია კოალიციის შიგნით, მაგრამ  ვიტყვი ჩემს მოსაზრებას - არანაირად არ შეიძლება გუბერნატორების პირდაპირი არჩევნების შემოღება,  თუ რეგიონში ან მხარეში, სადაც გუბერნატორია, არ იქნა არჩეული წარმომადგენლობითი ორგანო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გუბერნატორი ან იქნება ცენტრალური ხელისუფლების პოზიციის უშუალო გამტარებელი, ანგარიშვალდებული იქნება ცენტრალური ხელისუფლების წინაშე, ან ეს იქნება მხოლოდ ადგილობრივი პოზიციების გამტარებელი.

- ანუ, ეს არ იქნება რეალური თვითმმართველობა?

- თვითმმართველობა არის მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იქ, სადაც ირჩევა წარმომადგენლობითი ორგანო. პირდაპირ მხოლოდ აღმასრულებლის არჩევა, თუ მას არ ექნა სათანადო კონტროლი, ის იქცევა ისეთად, როგორიც დღეს არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ყველაფრის უფროსია. ეს არის უაღრესად სახიფათო! ასეთი საკითხები უნდა წყდებოდეს სისტემურად, გაანალიზებულად, ძალაუფლების გაწონასწორების და დანაწილების გზით, სხვანაირად ეს სიკეთეს არ მოიტანს.

- როგორ წარმოგიდგენიათ, რა საკითხებზე შეიძლება ითანამშრომლოთ უმცირესობასთან?

- თანამშრომლობა შეიძლება ყველაფერზე, რაც იქნება გონივრული.  ოღონდ გონივრულობა უნდა დაინახოს მეორე მხარემაც და არა ისე, რომ, რასაც იტყვის უმრავლესობა, ყველაფრის საწინააღმდეგოდ უნდა წახვიდე.  მე ასე ვუდგებოდი, პარლამენტში პირველად არა ვარ, უმრავლესობას დაუსვამს საკითხი და მხარი დამიჭერია იმ საკითხისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში ვიყავი. ეს არის საპარლამენტო მუშაობა, შეიძლება გქონდეს განსხვავებული მოსაზრება და უნდა შევეცადოთ, რომ მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება. თუ სწორია ის, რასაც ოპოზიცია დასვამს, უმრავლესობამაც  უნდა დაუჭიროს მხარი.

- პრეზიდენტმა ახსენა, რომ ნაციონალური მოძრაობა ისევ ეცდება ხელისუფლებაში დაბრუნებას. ამ პერსპექტივას როგორ უყურებთ?

- ყველა პოლიტიკური ძალა მუდმივად ცდილობს იყოს ხელისუფლებაში. წასული ფიქრობს დაბრუნებას, ვინც არ არის ის - ფიქრობს ხელისუფლებაში მოსვლას, ვინც არის, ის ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას.  ეს არის ბუნებრივი. უბრალოდ, ყველაფერი ეს, გნებავთ ხელისუფლებაში დარჩენა, გნებავთ ახალი ძალის მოსვლა - უნდა ხდებოდეს სამართლიანი  არჩევნების საფუძველზე და არა ისე,  როგორც, თუნდაც წელს ჩატარდა არჩევნები.

- წელს როგორ ჩატარდა არჩევნები?

- მე წლევანდელ არჩევნებს ვაფასებ ასე - ასეთი შედეგი შესაძლებელი გახდა დამდგარიყო არა ხელისუფლების კანონიერი და სამართლიანი მოქმედების გამო, არამედ, მიუხედავად ხელისუფლების უსამართლო და არაკანონიერი  მოქმედებისა, უბრალოდ, ჩვენი საზოგადოების აქტიურობა აღმოჩნდა  იმდენად მაღალი, რომ გაყალბების ხარისხი ისეთი აღარ იყო, როგორიც ადრე! ამომრჩეველთა აქტიურობა არ იყო 61 პროცენტი, როგორც ცხადდება.  61 პროცენტი იყო იმ 3  600 000-ზე მეტი ამომრჩევლიდან და ეს რიცხვი არანაირად არ არის სწორი, გაცილებით ნაკლებია ამომრჩეველთა რაოდენობა და, შესაბამისად, აქტიურობა გამოდის ძალიან მაღალი. ძალიან მაღალმა აქტიურობამ, არა უშუალოდ ხმის მიცემამ, არამედ იმან, რომ  იქ უბნებზე იდგა ხალხი, იყო ბევრი დამკვირვებელი - განაპირობა ასეთი შედეგი, თორემ უამრავი დარღვევა იყო ხელისუფლების მხრიდან - ისევ იყო  ბიულეტენების მოპარვა, ბიულეტენების ჩაყრა. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ სიფხიზლის გამო დადგა ეს შედეგი. სამართლიან არჩევნებში კი ვინც გაიმარჯვებს, ის უნდა იქნას აღიარებული გამარჯვებულად, დამარცხებული უნდა შეეგუოს დამარცხებას და მოემზადოს ოპონირებისა და შემდეგი არჩევნებისთვის.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1296
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია