დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საკრებულოში ნაციონალურ უმრავლესობას წევრები გამოაკლდა
2012/10/22 12:58:47

ახალი ფრაქცია „ქუთაისი“

19 ოქტომბერს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქალაქის საკრებულოს წევრმა მამუკა მღვდელაძემ ახალი ფრაქციის - „ქუთაისის“ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ფრაქციაში, რომლის თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძეა, შედიან 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ნაციონალების კვოტით საკრებულოში შესული წევრები - კახა ნურალიძე და გიორგი სიხარულიძე, როგორც მათ განმარტეს, ფრაქციის მთავარი მიზანია - „არ დაუშვან კომუნიკაციების  ურთიერთობების დეპორტი, გარდამავალ პერიოდში, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის.“

მამუკა მღვდელაძე: „ქალაქს სჭირდება სწორი კომუნიკაცია. ჩვენ, დამოუკიდებელი კანდიდატები, ვდგამთ ამ ნაბიჯს  და გამოვთქვამთ დიდ იმედს, რომ ეს ფრაქცია იქნება ქალაქზე ორიენტირებული. ამ ეტაპზე ნაციონალურ მოძრაობას რამაც წააგებინა, ეს არის შიში და შიშზე აგებული ურთიერთობები, რომლისგანაც უკვე ბევრია განთავისუფლების პროცესში. საკრებულოს წინა სხდომაზეც დავაანონსე, რომ ადამიანები მალე ამ შიშისგან განთავისუფლდებიან. თქვენ კარგად ნახეთ, როგორია ურთიერთობის სტილი, რომელიც აგებულია დამცირებაზე, დაშინებაზე, გინებაზე და ა.შ. ღრმადა ვარ დარწმუნებული, რომ ასეთ პრინციპებზე აგებული ერთობა ვერ შენარჩუნდება უმრავლესობის სახით და ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯი. შეგვიძლია, პროგნოზი გავაკეთოთ, რომ ეს ნაბიჯი ქალაქის მომავლისთვის იქნება ღირსეული და ძალიან ბევრი ადამიანი უმრავლესობიდან დადგება ჩვენს პოზიციაზე. რაკი ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ფრაქცია, ძალიან მოსახერხებელია ამ ფორმით თანამშრომლობა და ურთიერთობა ყველა პოლიტიკურ პარტიასთან თუ ჯგუფთან. ვამაყობ, რომ კახა ნურალიძესთან და გიორგი სიხარულიძესთან ერთად ვქმნი ფრაქციას, ვთვლი, რომ ისტორია ჩავწერეთ რეალობაში, დარწმუნებული ვარ, ეს გადადგმული ნაბიჯი გამართლებული იქნება. უფუნქციო საკრებულოს წევრების ეპოქა უნდა დასრულდეს ჩვენს ქალაქში. მრავალპარტიულობა ძალიან საინტერესოა როგორც პარლამენტში, ასევე - ადგილობრივ დონეზე. ჩვენ არ წარმოვადგენთ ამ ეტაპზე არცერთ პოლიტიკურ პარტიას, ამიტომ აზრთა სხვადასხვაობა წაადგება ქალაქის აღმავლობას.“

გამომდინარე შეცვლილი პოლიტიკური სიტუაციიდან, ქუთაისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი კახა ნურალიძე ნაციონალური მოძრაობიდან ფრაქცია „ქუთაისში“ გადავიდა. „P.S.“-თან საუბრისას ის აცხადებს: „ფრაქცია შეასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს ქალაქის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვრჩები თავისუფალ დეპუტატად საკრებულოში და ნაციონალებიდან ჩემი წამოსვლის მიზეზი სწორედ ამ ფრაქციის შექმნაა. ჩვენი ფრაქცია იქნება თითოეული ქუთაისელის დასაყრდენი. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, მე ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიყავი ამ პარტიისა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს ქალაქს სჭირდება ამ ნაბიჯის გადადგმა, მე გადავდგი ეს ნაბიჯი. ეს მოხდა ხანგრძლივი ფიქრის და ურთიერთობის შედეგად. მე ვარ აგრეთვე ექიმი, ეროვნული მედიცინის ცენტრის, ასევე „ნიუ ჰოსპიტალის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და, პირადად ჩემთვის, რაც სამსახურებრივად ქუთაისი დავტოვე, ძალიან გულსატკენი იყო ის პრობლემები, რაც ვითარდებოდა ჯანდაცვაში: ქალაქი დატოვა ყველა წამყვანმა სპეციალისტმა და ამაზე ხმა არავინ გაიღო! ეს იყო ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი - ისინი არ გახლდნენ საქართველოსა და ამიერკავკასიის დონის, იყვნენ მსოფლიო დონის ექიმები. ყველას კარგად ახსოვს ამ ხალხის გმირობები - თუნდაც კონფლიქტის ზონებში. ამიტომ ვთვლი, რომ უნდა დავიცვა ქალაქის ინტერესები,“ - განაცხადა კახა ნურალიძემ.

ფრაქციის მესამე წევრის, ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრის მმართველის, გიორგი სიხარულიძის თქმით, მას ჯერ არ უსაუბრია თავის თანაგუნდელებთან და ყველაფერი საკრებულოს სხდომაზე იქნება განხილული. „არასდროს ვყოფილვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი. დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება - გავხდე ფრაქცია „ქუთაისის“ წევრი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზნები და გეგმები, რომელსაც ცოტა ხანში ყველა იხილავს,“ - განმარტა გიორგი სიხარულიძემ.

 

ხატია გორგოძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1376
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია