დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მე-8 მოწვევის პარლამენტის პირველი სამუშაო დღე ქუთაისში
2012/10/21 20:21:02

საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტი ქუთაისში მუშაობას შეუდგა. პრეზიდენტის მიმართვის და პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ დეპუტატებმა პირველ სამუშაო დღეს პარლამენტის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერები და კომიტეტის თავმჯდომარეები აირჩიეს.

მერვე მოწვევის პარლამენტის სხდომა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა, რომელსაც პარლამენტის ახალი უმრავლესობა  ფეხზე წამოდგომით არ შეხვდა. მიხეილ სააკაშვილს   ფეხზე ადგომით მხოლოდ „ნაციოანლური მოძრაობის“ მხრიდან გასული დეპუტატები შეეგებნენ. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, ეს იყო პოლიტიკური პროტესტი მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის მიმართ.

სხვაგვარად შეაფასეს ეს ჟესტი უმცირესობის წარმოამდგენლებმა. "მიხეილ სააკაშვილი მთელი საქართველოს პრეზიდენტია. ის 5 წლითაა არჩეული და მას ყველა უნდა შეხვდეს როგორც საქართველოს პრეზიდენტს" - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ჟესტი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა.

პარლამენტის პირველი სხდომა თავმჯდომარის არჩევამდე, როგორც ეს რეგლამენტით არის გათვალისწინებული, უხუცესმა დეპუტატმა - ივანე კიღურაძემ წაიყვანა. მანვე წარადგინა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი უმრავლესობის მხრიდან - დავით უსუფაშვილი, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო ამ პოსტზე.

როგორც უმცირესობის ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, მათ არ წამოაყენეს კანდიდატურები საპარლამენტო თანამდებობზე და საშუალება მისცეს უმრავლესობას პროცესის გაჭიანურების გარეშე დააკომპლექტონ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობა და მთავრობა. მისივე თქმით, ვიცე-სპიკერის პოსტზე გიორგი ბარამიძის კანდიდატურის გარდაუმცირესობის წარმომადგენლები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.

დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პოსტზე 88 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დავით უსუფაშვილი დაამტკიცა.  კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა.. ვინაიდან "ქართული ოცნება" პარლამენტში 85 მანდატით არის შესული, უცნობია, დანარჩენი სამი დეპუტატის ვინაობა, ვინც უსუფაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

პირველი რაც დავით უსუფაშვილმა პარლამენტის მთავრობის რანგში გააკეთა, ეს სანდრო გირგვლიანის დედის - ირნა ენუქიძის გახსენება და მისი ხსოვნისადმი პატივის მიგება გახლდათ.

"მინდა, სათანადოდ უზრუნველვყოთ ირინა ენუქიძის ხსოვნის დაფასება. ჩვენც და ძალიან ბევრი ვალში ვართ მასთან - ჩვენი დროის გამორჩეულ ქართველ დედასთან და სულ მქონდა მოთხოვნილება, გაგვეკეთებინა რამე ისეთი, რაც მის სახელს შეეფერება. თუმცა, ამ შემთხვევაში ერთ სახელსა და გვარზე არ ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ გაცილებით დიდ თემაზე – ერთი მხრივ პრობლემაზე, მეორე მხრივ მოქალაქეობის, ადამიანობისა და ძალიან ბევრ სხვა სტანდარტზე. შემეძლო, ეს მეთქვა დარბაზიდან, თუ ამ სავარძელში არ აღმოვჩნდებოდი, მაგრამ რადგან აქ აღმოვჩნდი, არ შემეძლო, ეს არ მეთქვა" - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ახალი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ 92 ხმით არც ერთის  წინააღმდეგ მანანა კობახიძე აირჩიეს.

გარდა ამისა, უმრავლესობიდან პარლამენტის ვიცე-სპიკერები 92 ხმით - ზვიად ძიძიგური, 90 ხმით - ზურაბ აბაშიძე, 81 ხმით კი მურმან დუმბაძე  აირჩიეს. უმრავლესობამ მესამე ვიცე-სპიკერის კანდიდატად ზურაბ ტყემალაძე წარადგინა, მაგრამ მან ამაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ 150-კაციან პარლამენტში ამდენი ვიცე-სპიკერის არსებობა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.  ამასთან, უმცირესობის მხრიდან პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე წარდგენილი იქნა გიორგი ბარამიძე, რომელსაც მხარი 92 ხმით 27 წინააღმდეგ დაუჭირეს.

მე-8 მოწვევის საკანონმდებლო ორგანომ პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეები დაამტკიცა: აგრარულ საკითხთა კომიტეტს გიგლა აგულაშვილი უხელმძღვანელებს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს - ეკატერინე ბესელია; განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტს - ივანე კიღურაძე;  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს - ზურაბ ზვიადაური;

 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს - ზურაბ ტყემალაძე; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს - გუბაზ სანიკიძე;  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს - ვიქტორ დოლიძე; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს - ირაკლი სესიაშვილი;  იურიდიულ საკითხთა კომიტეტს - ვახტანგ ხმალაძე;

რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტს - ერეკლე ტრიპოლსკი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს - თედო ჯაფარიძე; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს - ირინა იმერლიშვილი;  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს - დავით ონოფრიშვილი; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს - ლერი ხაბელოვი;  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს - დიმიტრი ხუნდაძე.

რაც შეეხება მთავრობის ახალ შემადგენლობას, როგორც დავით უსუფაშვილმა დღევანდელ სხდომაზე  განაცხადა, პარლამენტს პრეზიდენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა უკვე წარუდგინა. მისივე განმარტებით, წარდგინება მოხდა მას შემდეგ, რაც ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება იცნო.

 "პრეზიდენტის მიერ შემოვიდა მთავრობის ახალი შემადგენლობა. ჩვენ ვალდებული ვართ დავიწყოთ შესაბამისი პროცედურები მისი განხილვა-დამტკიცების თაობაზე. უმცირესობასთან კონსულტაციები გვქონდა და არის მოსაზრება, რომ შემდეგი პლენარული სხდომა, რომელზეც მთავრობის ნდობის გამოცხადების საკითხი მოხდება, ხუთშაბათს 12:00 საათზე გაიმართოს. თქვენგან ვითხოვ თანხმობას ამ წინადადებაზე" - განაცხადა უსუფაშვილმა, რაზეც დეპუტატები  ხელის აწევით დაეთანხმნენ. შესაბამისად, ახალ მთავრობას  პარლამენტი კენჭს ხუთშაბათს, 12:00 საათზე დანიშნულ პლენარულ სხდომაზე უყრის.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1496
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია