დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
როგორ აფასებენ ქუთაისელი პოლიტიკოსები არჩევნებს
2012/10/08 13:51:08

ქუთაისში საპარლამენტო არჩევნებმა, როგორც პარტიების საქალაქო ორგანიზაციების უმეტეს ოფისებში აცხადებენ, მეტწილად მშვიდად და კანონის შესაბამისად ჩაიარა. იმის შესახებ, თუ რამდენად კმაყოფილი არიან არჩევნების შედეგებით, ჩვენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ჩავწერეთ.

თავდაპირველად „ქართულ ოცნებას“ მივაკითხეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ არჩევნებში უამრავი დარღვევა დააფიქსირეს. საარჩევნო უბნების კომისიების თავმჯდომარეებს პროცესის არევა სურდათ, მაგრამ ამის საშუალება „ქართულმა ოცნებამ“ მათ არ მისცა.

„გაყალბების პროცესი ვერ დაწერეს, თორემ ყველანაირად იყვნენ მომზადებულები. თქვენ იცით, რა ვიდეოები აჩვენა ყველა სატელევიზიო არხმა ციხეებთან დაკავშირებით და ქუთაისში ყველა პატიმარმა ნაციონალურ მოძრაობას მისცა ხმა, ეს ხომ აბსურდია! ანუ გააყალბეს დახურულ უბნებზე, სადაც ჩვენ არ შეგვეძლო კონტროლი. ასევე სამხედრო ნაწილებიდან რამდენიმე დღის წინ მოვიდა 30 სამხედრო, რომელმაც თქვა: „პირადად მე,  ხმა „ქართულ ოცნებას“ მივეცი.“ როცა დაითვალა ხმები, აღმოჩნდა, რომ 100-დან 100-მა მისცა ხმა ნაციონალურ მოძრაობას, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ მანანა მიქაძემ.
ქუთაისის „ქართულ ოცნება“-ში აცხადებენ, რომ ისინი ყველა დაპირებას აასრულებენ, რასაც წინასაარჩევნოდ ჰპირდებოდნენ მოსახლეობას. „ქართულ ოცნება“ ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას არ გეგმავს.

„ვინც ბიუჯეტი ჯიბეებში ჩაილაგა, ყველა აგებს პასუხს კანონმდებლობით, იმ კანონმდებლობით, რომელიც თვითონ შექმნეს. პარლამენტის მუშაობის განახლების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დაინიშნება. რაც შეეხება თანამშრომლობას, ვინ საით მხარეს იყო არჩევნებამდე, არ იქნება შურისძიება. ანგარიშსწორება შედგება იმათთან, ვინც სკამი გამოიყენა საკუთარი კეთილდღეობისათვის და არ გახსენებია ქალაქი,“ - განაცხადა მანანა მიქაძემ.

რაც შეეხება ახალი მემარჯვენეების ქუთაისის ორგანიზაციას, აქ აცხადებენ, რომ არჩევნებმა კარგად ჩაიარა, თუმცა რამდენიმე უმნიშვნელო დარღვევა იყო, მაგრამ არა ისეთი, რომ არჩევნების შედეგზე იმოქმედოს. რაც შეეხება მათ დაბალ პროცენტულ შედეგს, ამას ახალ მემარჯვენეებში უკავშირებენ იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა და „ქართული ოცნება“ ცდილობდნენ, პარლამენტში მესამე ძალა არ შესულიყო.

„არჩევნებმა ჩაიარა ორი პოლუსის დაპირისპირების ფონზე და შედეგიც ანალოგიურია, რადგანაც ქართველებს მოგვდევს არჩევნებში ნათელი და ბნელი ბრძოლა. საქართველოში ადამიანები ვერ მივიდნენ იქამდე, რომ ეს იყოს კონკურენცია და გაიმარჯვოს იმან, ვისი პროგრამაც უკეთესია. ადამიანები, სამწუხაროდ, ივიწყებენ პარტიების წარსულს, ადამიანების წარსულსაც,“ - განაცხადა ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთმა წევრმა მიხეილ ოდიშაძემ.

ახალი მემარჯვენეები აცხადებენ, რომ ხელისუფლების არჩევნების გზით გადაბარება უკეთესი იქნება საქართველოსთვის. ისინი მიიჩნევენ, რომ დღეს „ქართულ ოცნებაში“ ის ადამიანები არიან, ვინც ადრე ხელისუფლების ინტერესებს იცავდნენ და როცა „ქართული ოცნება“ ჩვენ გვეძახის სატელიტ პარტიას, ცოტა უხერხულია. ვინც ხელისუფლებიდან წამოვიდა, 99% ახლა „ოცნებაშიაო“.

„ყველა იმ ადამიანის 99%, ვინც ჩვენ გვეძახის, ნაციონალებზე უარესი არიანო, გვერდით ედგნენ ნაციონალებს და ედგნენ იდეურად. შეიძლება ამ დროს ითქვას, ჩვენ ვართ ნაციონალებზე უარესები? ეს მარაზმია და ეს მარაზმი უნდა დასრულდეს,“ - ამბობს მიხეილ ოდიშაძე.

ახალ მემარჯვენეებში აცხადებენ, რომ პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება იმ დაპირების საფუძველზე მოხდა, რომელიც დავით გამყრელიძემ მისცა ამომრჩეველს - პარლამენტში შეუსვლელობის შემთხვევაში პოლიტიკიდან წავიდოდა.

„უამრავი პოლიტიკოსი მახსოვს, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა. ვთქვათ, გუბაზ სანიკიძემ ერთ-ერთ წელს განაცხადა, რომ თუ კი ამ შემოდგომაზე არ გავუშვებთ სააკაშვილს პოლიტიკიდან, მაშინ მე და ეროვნული ფორუმი ვერ ვხედავთ ჩვენს თავს პოლიტიკაშიო, მაგრამ შემდეგ თქვა, ამაზე მეტი ტყუილი არ მოგისმენიათ ნაციონალებისგანო? ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ ნაციონალებს,“ - განაცხადა მიხეილ ოდიშაძემ.

ქუთაისელი ქრისტიან-დემოკრატები მიიჩნევენ, რომ არჩევნებმა სტაბილურ, მშვიდ გარემოში ჩაიარა და ამას ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს. პარტიაში მიიჩნევენ, რომ არჩევნებში მათი შედეგი მოულოდნელი იყო და ამის ანალიზს პარტია ახლო მომავალში გააკეთებს.

„პარტია აუცილებლად გააკეთებს ანალიზს იმისათვის, რომ დადოს სწორი დასკვნები არამხოლოდ მისი შეკითხვების პასუხის გასაცემად, არამედ ეს იმისთვისაა საჭირო, რომ მომავალში გავითვალისწინოთ, თუ სად, რაში იყო შეცდომა დაშვებული და ვის მიერ. რამ ვერ მიგვიყვანა სასურველ შედეგამდე,“ - განაცხადა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით დვალმა.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან მათ მიმართ გამოთქმულმა ბრალდებებმაც იმოქმედა პარტიის შედეგებზე, მაგრამ ამას ანალიზის შემდეგ უფრო კარგად ვნახავთო.
პარტიაში ასევე აცხადებენ, რომ ახალ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობამაც და უმცირესობამაც უნდა ითანამშრომლონ რაღაც დონეზე მაინც.

ჩვენ შევეცადეთ, ნაციონალური მოძრაობის პოზიციაც ჩაგვეწერა, მაგრამ ქუთაისის ორგანიზაციაში საუბრისგან თავი შეიკავეს. ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელმაც ჟურნალისტებს არც სახელი და გვარი, არც სტატუსი გაგვიმხილა, ოთახი მკაცრი მომართვით დაგვატოვებინა.

 

მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1345
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია