დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
წინასაარჩევნო კვირა ქუთაისში
2012/10/03 11:59:58

წინასაარჩევნო დღეები, როგორც მთელ ქვეყანაში, ქუთაისშიც საკმაოდ დაძაბული და მშფოთვარე იყო. ტრადიციული პოლიტიკური ინდიფერენტულობით გამორჩეული საზოგადოება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკვე მღელვარებით ხვდება. სხვადასხვა პარტიისა თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ გამართულ აქციებში ქუთაისელთა დიდი ნაწილი ჩაება.

 

კვირის მთავარ მოვლენად იქცა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაწყებული ათდღიანი კამპანიის - „შეაჩერე აქტი“ ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან გამართული აქციები.

24 სექტემბერს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო „ქართული ოცნების“ აქტივისტი, ზაზა ადეიშვილი სამართალდამცავებმა დააკავეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 15 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ადეიშვილის დაკავებას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციაშიც გამოეხმაურნენ, სპეციალურად გაკეთებულ ბრიფინგზე სოლიდარობა გამოუცხადეს და დაგმეს ოპოზიციური პარტიის აქტივისტის დაკავება.

26 სექტემბერს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მორიგი აქცია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წინ გამართეს. არასამთავრობოებმა და ჟურნალისტებმა შეიმუშავეს განცხადება სასჯელაღსრულების მინისტრის გიორგი ტუღუშის სახელზე და მოითხოვეს, რომ გეგუთის ?8 და ქუთაისის ?2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განხორციელდეს მონიტორინგი.

ამავე დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ აქცია გამართა დევიზით „არა ქურდებს“.  ისინი აპროტესტებდნენ „ქართული ოცნების“ კავშირს ქურდულ სამყაროსთან.
აქცია უნივერსიტეტის ეზოში დაიწყო და, მშვიდობიანი მსვლელობით, „ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისთან დასრულდა, სადაც სტუდენტებმა, სიმბოლურად, უთოები მიიტანეს.
„სტუდენტები არიან მოწოდებული, ძველი რეჟიმი, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს ახსოვს, აღარ დაბრუნდეს და ვიყოთ ჯანსაღები. ქუთაისში გვინდა პარლამენტი, ქუთაისში აღარ გვინდა კანონიერი ქურდები.“ - განაცხადა სტუდენტმა ირაკლი კურტანიძემ.

სტუდენტები ასევე აპროტესტებდნენ საპატიმროებში განვითარებულ მოვლენებს და სოლიდარობას უცხადებდნენ იმ ადამიანებს, ვინც ძალადობის მსხვერპლი გახდა.
„საქართველოში, როგორც ვიდეოებიდან ჩანს, ძველი წარსულის ქურდები დაბრუნებას აპირებენ და იმ მენტალიტეტის დაბრუნებას, რასაც ჰქვია ქურდობა. ამ ყოველივეს ვაპროტესტებთ და ვაპირებთ, ყველა ის ნივთი, რასაც იყენებდნენ მაშინ ქურდები, დავუბრუნოთ იმათ, ვინც აპირებს ქურდების დაბრუნებას,“ - განაცხადა სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან ბიგვავამ.

სტუდენტების გამოჩენას „ქართული ოცნების“ წევრები ცოცხებით შეეგებნენ.

27 სექტემბერს ბალახვნის ე.წ. ასსაფეხურიან კიბეებთან სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს დევიზით „არ აწამო“. ისინი მოითხოვენ, რომ დაისაჯონ ის ზემდგომი პირებიც, ვინც საპატიმროებში წამების ფაქტებს დროული რეაგირება არ მისცა.
„ჩვენი აქციები გრძელდება ერთი კვირის განმავლობაში. დღეს ვწყვეტთ აქციებს, რათა დაველოდოთ არჩევნებს და გადავწყვეტთ შემდეგ, როგორ გაგრძელდება აქციები,“ - განაცხადა სტუდენტმა გიორგი კლდიაშვილმა.
ამ აქციაზე სტუდენტების სიმცირე იყო. სტუდენტები მიიჩნევენ, რომ მათ თვითმმართველობას დავალებული ჰქონდათ, „ტორპედოს“ სტადიონზე, სადაც მოსახლეობას პრეზიდენტი ხვდებოდა, 5-5 სტუდენტი მიეყვანათ და იძულებულნი გახდნენ, იქ წასულიყვნენ, რადგან შემდეგ ანაკლიის საგზურს ვერ ეღირსებოდნენ.

საღამოს საქართველოს პრეზიდენტი იმერეთის რეგიონის მოსახლეობას გივი კილაძის სახელობის „ტორპედოს“ სტადიონზე შეხვდა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად იმერეთის მოსახლეობას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვოქტორ ორბინმაც მიმართა, რომელმაც ქართველ ხალხს მოუწოდა, ირწმუნონ ხელისუფლების და არ დაბრუნდნენ წარსულში, რადგან ეს დიდი შეცდომა იქნება. მიხეილ სააკაშვილმა მიმართვისას განაცხადა: აფხაზეთი აუცილებლად დაბრუნდება, თუ 1 ოქტომბერს საქართველომ რუბიკონს გადააბიჯა.

„დღეს სოხუმის დროებითი ოკუპაციის დღეა. ეს იყო ჩვენი ერის უდიდესი მარცხი, მარცხი იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით დაქსაქსულები; მარცხი იმიტომ, რომ ჩვენი დამპყრობლის აგენტები ხელისუფლებაში ხელს აფათურებდნენ; მარცხი იმიტომ, რომ ჩვენი თავდაცვის მაშინდელი მინისტრი დამპყრობელ ქვეყანაში გაიქცა და ფული აიღო იმათგან; მარცხი იმიტომ, რომ საქართველოს კუთხეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მე გეუბნებით დღეს, სოხუმის დროებითი ოკუპაციის დღეს, თუ საქართველომ პირველ ოქტომბერს გადააბიჯა რუბიკონს, აფხაზეთი აუცილებლად დაბრუნდება, საქართველო ერთიანობას აუცილებლად შეინარჩუნებს. ჩვენ ერთიანობაზე ხელს ვეღარ აგვაღებინებენ და მომავალს არავის აღარ დავუთმობთ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ხმაურიანი გამოდგა ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში დაგეგმილი ახალი სეზონი, რომელიც სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, ტრადიციულად, „ბამბაზიის  სამოთხით“  უნდა  გახსნილიყო.    სპექტაკლი     ჩაიშალა.   მსახიობები მიიჩნევენ, რომ სპექტაკლის ჩაშლის მიზეზი ის გახდა, რომ ხელისუფლებამ შეიტყო, მსახიობებს სპექტაკლის გამართვამდე პოლიტიკური განცხადებები უნდა გაეკეთებინათ. ამის გამო, თეატრში შუქი გამორთეს.

რეჟისორ პაატა მილორავას თქმით, თეატრის მმართველს გიორგი სიხარულიძეს დაავალეს, სპექტაკლი გამართულიყო, მაგრამ მსახიობებს ბოლოდროინდელ მოვლენებზე განცხადებები არ უნდა გაეკეთებინათ. ამაზე მსახიობებმა უარი განაცხადეს. მესხიშვილის თეატრის წინ შეკრებილ მაყურებელთან ერთად „ქართული ოცნების“ წევრებიც იმყოფებოდნენ გუბაზ სანიკიძესთან ერთად და აცხადებდნენ, რომ „თეატრის მმართველზე უშიშროების სამსახური ზეწოლას ახორციელებს.“

ლადო მესხიშვილის თეატრის მმართველმა გიორგი სიხარულიძემ მეორე დღეს საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. მან აღნიშნა, რომ პოლიტიკურ პროცესებს ემიჯნება და ტოვებს საკრებულოს დეპუტატობის მანდატს. მისი თქმით, ის არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს.

თეატრის ამჟამინდელი მმართველი 2010 წელს ქუთაისის თვითმმართველობის არჩევნებში, ნაციონალური მოძრაობის სიით შევიდა საკრებულოში.

28 სექტემბერს „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ოფისში ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ბრიფინგი გამართა და ქუთაისელ ამომრჩეველს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატის, გუბაზ სანიკიძის მხარდაჭერისთვის მოუწოდა:
„მინდა მოგიწოდოთ, არჩევნებზე ხმა მისცეთ ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატს გუბაზ სანიკიძეს, ხოლო პარტიული სიით - პარტია „თავისუფალ საქართველოს“, რამეთუ განსხვავებული აზროვნების ხალხი აუცილებლად უნდა იყვნენ პარლამენტში,“ - განაცხადა გოგი წულაიამ.

მთელი კვირის მანძილზე ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებში ხმაურიანი სირენებითა და მოფრიალე დროშებით მოძრაობდნენ „ნაციონალებისა“ და „ქართული ოცნების“ ავტოკოლონები. პარტიული აქტივისტები მეგაფონებით, ხმამაღლა მოუწოდებდნენ მოსახლეობას მხარდაჭერისაკენ.

 

მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1382
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია