დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
კომპრომატების სერიალი ამომრჩევლისათვის
2012/10/03 11:58:49

წინასაარჩევნოდ „კომპრომატების ომი“ ახალ ფაზაში შევიდა. ამ ომს ჰყავს ორი მთავარი მხარე - მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველაზე ანგარიშგასაწევი ოპოზიციური გაერთიანება

 

„ქართული ოცნება.“  ციხის შემზარავი  კადრების გამოქვეყნებას მიმდინარე კვირაში ხელისუფლებამაც უპასუხა და მთელი რიგი აუდიოჩანაწერების სერიალები გამოქვეყნდა საჯაროდ. 

ციხის სკანდალური ვიდეოების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო საუბარი, რომ „კომპრომატების ომი“ ახალ და ჯერ არნახულ ფაზაში შევიდა. მანამდე ამ სფეროში ხელისუფლების საპირწონე ძალა არ არსებობდა და მთავარი აუდიო-ვიდეო „კომპრომატმეიკერი“ (კომპრომატების გამომცხობი) სააკაშვილი და მისი გუნდი იყო, ესეც მარტივი მიზეზების გამო - ისინი არიან ხელისუფლებაში და, შესაბამისად, ასეთი ჩანაწერების გასაკეთებლად  საჭირო  რესურსებზე სხვებზე ადვილად მიუწვდებათ ხოლმე ხელი.

პატიმრების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ვიდეოების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ხელისუფლებას რაღაცით უნდა ეპასუხა. მიხეილ სააკაშვილმა დააანონსა კიდეც მომავალი „რეალითი შოუ“ და საქართველოს მთავარ პროკურორს დაავალა, ჩვენც ხომ გვაქვს რაღაც მასალები და გამოვაქვეყნოთო. მთავარმა პროკურორმაც თავი დაუქნია პრეზიდენტს. ამის შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ  სასწრაფოდ წარმომადგელობა გააგზავნა საფრანგეთში, ოპოზიციისა და კრიმინალური სამყაროს კავშირის და მოსალოდნელი გადატრიალების შესახებ „დოსიე“ ჩამოიტანა.

 

დე ჟავიუ“,ანუ სადღაც მინახავს...

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  ჩატარებულ იქნა რამდენიმე ღონისძიება, რომლის შედეგადაც გამოვლენილია ქართველი კანონიერი ქურდების ჩართულობის დეტალები ქართულ პოლიტიკაში და კავშირები ცალკეულ ქართველ პოლიტიკოსებთან,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ჟურნალისტებს საფრანგეთის ჟანდარმერიისაგან მიღებული მასალების სერიალები მიაწოდა. საქართველოს სამართალდამცავი უწყების განცხადებით, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ქურდები ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰპირდებოდნენ დახმარებას როგორც ხმების მიღებაში, ისე ფინანსურადაც. უფრო მეტიც,  იარაღის მიწოდებასაც კი გეგმავდნენ ოპოზიციისთვის. 

საფრანგეთის ჟანდარმერიისაგან ჩამოტანილი მასალების საფუძველზე დაიკითხა გოგა ხაინდრავა, რომელმაც განაცხადა, რომ მართლაც შეხვდა ქართველ კანონიერ ქურდს რევაზ ლორთქიფანიძეს 2011 წელს, თუმცა ეს იყო შეხვედრა ბავშვობის მეგობართან და სხვა არაფერი.

ვინაიდან გოგა ხაინდრავას დაკავშირება  „ქართულ ოცნებასთან“ მაინცდამაინც მჭიდროდ ვერ ხერხდებოდა - ბატონი ხაინდრავა ოფიციალურად არ არის ამ კოალიციის წევრი და პოლიტიკური ლიდერი, ამის შემდეგ ხელისუფლებამ გამოაქვეყნა აუდიო-ჩანაწერები, სადაც ფიგურირებენ კოალიციის პირველი ნომერი კახი კალაძე და   ერთ-ერთი   ლიდერი   „ეროვნული   ფორუმიდან,“  ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი გუბაზ სანიკიძე. ჩანაწერებში კახი კალაძე ქურდებთან თბილ შეხვედრაზე საუბრობს, ხოლო გუბაზ სანიკიძე ყოფილი უშიშროების მინისტრს ვალერი ხაბურძანიას ერთი ქუთაისელი კრიმინალის გამოშვებას სთხოვს.

რეაქცია კი ამ ჩანაწერებზე ასეთი იყო - კახი კალაძემ განაცხადა, რომ დიახ, ის ხვდებოდა კანონიერ ქურდებს და მათი სახელებია მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ასე შემდეგ. სხვა კანონიერ ქურდებს ის არ იცნობს. რაც შეეხება გუბაზ სანიკიძეს, მისი თქმით, ის „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს არ ჰგავს - ჯერ ერთმანეთს რომ ბავშვებს ანათლინებენ, შემდეგ ერთმანეთს ებრძვიან და ივიწყებენ და ვალერი ხაბურძანია მისი ბავშვობის მეგობარია.

საფრანგეთიდან ჩამოტანილი მასალების საფუძველზე  ტელევიზიაში გასული სიუჟეტების ფაბულა ძალიან ჰგავდა 2007 წელს გენერალური პროკურატურის ეგიდით გაშვებულ სერიალებს, სადაც ხელისუფლება ძალიან დამაჯერებელი ტონით საუბრობდა მოსალოდნელ სახელმწიფო გადატრიალებაზე. მაშინ საუბარი იყო რუსეთთან კავშირზე, დღეს საუბარია ქართველ კანონიერ ქურდებთან კავშირზე.

ასევე, მაშინაც ის ვიდეოები და მათში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სახელმწიფო გადატრიალებასთან კავშირში ტრიალი უფრო პოლიტიკური და საარჩევნო „ტრიუკი“ იყო, ვიდრე მართლაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ფაქტის არსებობა. ამას ადასტურებს თუნდაც ის, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ხელისუფლება ამ საკითხს სერიოზულად არც კი მიბრუნებია და მხოლოდ პოლიტიკურ დებატებში იყენებდა ხოლმე. ასეთი პირი უჩანს საფრანგეთიდან მიღებულ მასალებსაც - გოგა ხაინდრავა დაკითხეს, ალბათ, შემდეგ კიდევ დაკითხავენ და არჩევნების შემდეგ არავისაც არ დაიჭერენ იმიტომ, რომ დანაშაულის ნიშნები ვერ გამოვლინდება.

აღნიშნულ ვარაუდს - ეს მასალები რომ მხოლოდ წინასაარჩევნოდ,          „შავი პიარის“ მიზნით ჩამოიტანეს და გაავრცელეს -  საფრანგეთის საელჩოს განცხადებაც ამყარებს, სადაც საუბარია, რომ ძიებაში მყოფი ნებისმიერი საქმის წინასაარჩევნოდ გამოყენება მიზანშეუწონელია და, უფრო მეტიც,  ქართულ მხარეს ამ მასალების გამოქვეყნების უფლება არ ჰქონდა.

„ჩვენ გაოცებული ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც საფრანგეთში მიმდინარე ერთი საქმის საგამოძიებო საიდუმლოს წარმოადგენს...

წინასაარჩევნო მგრძნობიარე კონტექსტში, მით უმეტეს, როცა ის საქართველოს პენიტენციალურ დაწესებულებებში წამების შემთხვევების მხილებამ კიდევ უფრო დაძაბა, ძიებაში მყოფი ნებისმიერი საქმის გამოყენებას შეუძლია არჩევნების ნორმალურად ჩატარებაზე იმოქმედოს. საფრანგეთი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი იღონოს იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს,“ - ნათქვამია საფრანგეთის საელჩოს პრეს-სპიკერის განცხადებაში. 

მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ჩანაწერების გავრცელებით „კომპრომატების ომი“ ახალ ფაზაში შევიდა.

 

 

სურმავას აუდიო დღიური

 

ძალოვანი სტრუქტურების შემდეგ „კომპრომატების ომში“ ახალი ფიგურა გამოჩნდა - ბესო სურმავა, ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი, რომელმაც სოციალურ ქსელში Youtube-ზე აუდიოჩანაწერები ატვირთა. როგორც ბატონი სურმავა თავისივე ვიდეოში აცხადებს, ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურს დავალებული ჰქონდა კოალიციის წევრების მოსმენა-ჩაწერა და მას ხელი მიუწვდებოდა ამ ჩანაწერებზე. სწორედ ეს ჩანაწერები ატვირთა მან ინტერნეტში და რომლის ტირაჟირებაც მაშინვე  დაიწყეს საინფორმაციო საშუალებებმა.

ამ ჩანაწერებში რაიმე კრიმინალური არაფერია, არც რაიმე განსაკუთრებული სკანდალური, ერთადერთი, რაც უხვად ისმის - ეს გინება და უწმაწური სიტყვებია, რომლითაც კოალიციის წევრები ერთმანეთს მოიხსენიებენ. აღნიშნული ჩანაწერები მართლაც რომ უსიამოვნო მოსასმენია, თუმცა ისიც არ არის ცხადი და დადასტურებული - ეს ნამდვილი ჩანაწერებია თუ აუდიო-მონტაჟი. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, ეს ფაბრიკაციაა და ანალოგიურის გაკეთება ყველას შეუძლია, ვისაც აუდიო-მონტაჟის გაკეთება შეუძლია. რაც შეეხება ბესიკ სურმავას, როგორც მისი ოჯახი აცხადებს, მას ეს ზეწოლით გააკეთებინეს და მისი ადგილსამყოფელი ახლაც უცნობია.

როგორც ბესიკ სურმავას მეუღლემ მაკა ლობჟანიძემ  „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი მეუღლის სახელით Youtube-ზე განთავსებული აუდიოჩანაწერები არ შეიძლება სურმავას ატვირთული იყოს, რადგან მას კომპიუტერთან მხოლოდ ზედაპირული შეხება ჰქონდა.

„გამორიცხულია, რომ ეს ჩანაწერები ჩემი მეუღლის ატვირთული იყოს. მას კომპიუტერთან ძალიან ზედაპირული ურთიერთობა ჰქონდა. ჩემი დახმარების გარეშე „სკაიპშიც“ კი ვერ შედიოდა. დარწმუნებული ვარ, ის არ აწარმოებდა ფარულ ჩანაწერებს და ამაზე ხელი არ მიუწვდებოდა იმიტომ, რომ ამის გაკეთება არც იცოდა,“ - განაცხადა მაკა ლობჟანიძემ.

„შეარჩიეს ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ერთგული ადამიანი და მისი საშუალებით ცდილობენ, დაანახონ საზოგადოებას, თითქოს კოალიციაში განხეთქილებაა. ეს არის სისულელე. კაცი აშკარად ფსიქოტროპული წამლების ზემოქმედების ქვეშ არის. ორმეტრიანი ადამიანი ქუჩიდან გაიტაცეს და ამას ჩვენ პირდაპირ მთავრობას ვუკავშირებთ,“ - დასძინა სურმავას ცოლისძმამ ლევან ლობჟანიძემ.

„ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, ყველაზე დიდი, ეს არის უსიამოვნო ფაქტი და ვერაფრით ვერ სცდება ამას. ეს არავითარ შემთხვევაში სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი არ არის. ხელისუფლებას სურს, ციხის ცნობილი კადრები გადაფარონ და ამ კადრებით გამოწვეული მოსახლეობის უარყოფითი განწყობა შემოატრიალონ, მაგრამ ეს წარმოუდგენელია, რადგან ის არის ფაქტები, ეს კი არის ჭორაობა. შეუძლებელია ჭორაობა და ის საშინელი ფაქტები ერთმანეთის საპირწონე იყოს,“ - განაცხადა     „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა  ნუკრი ქანთარიამ.

ძნელი სათქმელია, რა გავლენას მოახდენს ეს აუდიო-ვიდეო ომი ამომრჩეველზე, თუმცა რამდენიმე ფაქტორი აუცილებლად გასათვალისწინებელია.

პირველი - პატიმრების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ვიდეოებს უფრო მეტი       „კომპრომატული“    წონა   აქვთ და შიდა პარტიულ უწმაწურ საუბრებს ბევრად უფრო ნაკლები; მეორეც, ციხეში დანაშაულებრივი ქმედებების ამსახველი ვიდეოები უკვე დადასტურებული ფაქტია, ხოლო - ინტერნეტით გავრცელებული ჩანაწერების ნამდვილობა დადასტურებული არ არის  და მის შინაარსს თავი რომ დავანებოთ, შესაძლოა, სულაც მონტაჟი იყოს; ეს არის ის ფაქტორები, რომელიც, პირველ რიგში, ნაციონალურმა მაუწყებლებმა უნდა გაითვალისწინონ და ის აუდიოჩანაწერები მაყურებელს მთელი თავისი „სიტყვა-აღკაზმულობით“ არ უნდა მოასმენინონ, თუკი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამომრჩევლის ინფორმირების მიზანი ამოძრავებთ და არა სხვა, მაგალითად - ოპოზიციის იმიჯის შელახვა...

„კომპრომატების ომს“  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც გამოეხმაურა.

„ამ ჩანაწერებს ავრცელებენ როგორც ხელისუფლების ორგანოები, ასევე ცალკეული კერძო პირები და არაიდენტიფიცირებული პირები. უკვე გავრცელებული მასალების ანალიზი ცხადყოფს,რომ ეს პროცესი ხელს უშლის მოქალაქეების ინფორმირებულობას, ნორმალური საარჩევნო და მედიაგარემოს არსებობას. მედიას განსაკუთრებული პასუხისმგებელობაა, ზუსტი, მაღალეთიკური ინფორმაცია მიაწოდოს მოქალაქეებს და ხელი შეუწყოს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას,“ - აცხადებს ჟურნალისტური  ეთიკის ქარტია და მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, ქარტიის ყველა ხელმომწერ და არახელმომწერ ჟურნალისტს,  თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი, დაუსაბუთებელი და საეჭვო ფოტო-ვიდეო და აუდიომასალების გავრცელებისგან.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1359
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია