დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მანანა ღურჭუმელიძის მიმართვა საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას
2012/09/21 19:42:07

 

დღეს “tspress–მა გაავრცელა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად  პოლიტიკურ დევნილებაში მყოფი, მანანა ღურჭუმელიძის  საგანგებო მიმართვა პედაგოგებისთვის. გთავაზობთ, ტექტს უცვლელად:  

 

"უკვე ორი წელია, ემიგრაციაში ვიმყოფები და საზღვარგარეთიდან ვადევნებ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ეს არ იყო ჩემი არჩევანი. ეს იყო იძულებით ნაბიჯი, რომლის გადადგმაც მაიძულა ხელისუფლების მიერ პირადად ჩემსა და მთლიანად მასწავლებელთა პროფესიული კავშირის წინააღმდეგ გაჩაღებულმა ცილისმწამებლურმა კამპანიამ. მედიატერორი ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების უმძლავრესი იარაღია, რომელიც უფრო ”ეფექტურად” აღწევს მიზანს, ვიდრე ქილერის მიერ ნასროლი ტყვია.

 

დღეს საქართველოს მასწავლებლობა სრულიად დაუცველია. მას აღარ ჰყავს საკუთარი პროფესიული კავშირი და დარგის მუშაკთა ბედი მთლიანადაა დამოკიდებული როგორც სამინისტროს, ასევე საშუალო რგოლის ხელმძღვანელთა (რესურსცენტრები, დირექტორები) და მანდატურთა ხუშტურებზე.


იმ პერიოდში, როდესაც მე ვხელმძღვანელობდი საქართველოს განათლების მუშაკთა პროფესიულ ორგანიზაციას, ყველაფერს ვაკეთებდი მასწავლებელთა შორის მებრძოლი სულისა და სოლიდარობის გრძნობის ჩამოსაყალიბებლად. სამწუხაროდ, დროის სიმცირის გამო, ბევრი ვერაფერი შევძელი, თუმცა საზოგადოებას ახსოვს 2006-2010 წლებში ჩვენს მიერ ჩატარებული ხმაურიანი აქციები და მანიფესტაციები.
დიახ,იმ წლებში საქართველოს მასწავლებლობა იბრძოდა და არ ნებდებოდა ძალადობას. მას არ დაუკარგავს ყველაზე მთავარი- ღირსების გრძნობა, რომლის გარეშე ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე კვალიფიციური პედაგოგიც კი განწირულია კრახისთვის საკლასო აუდიტორიაში. სწორედ ამ შეურიგებელი პოზიციის გამო დამიპირისპირდა მთელი სახელმწიფო აპარატი, პრეზიდენტი, განათლების სამინისტრო, კორუმპირებული მედიასაშუალებები და საბანკო სექტორიც კი. სწორედ ამ უთანასწორო შეჯახების შედეგად დაინგრა თქვენი უფლებების დამცველი ორგანიზაცია.

 
და დღეს, სამშობლოდან 10 000 კილომეტრით გადახვეწილს, გული მტკივა, როდესაც ვხედავ, როგორაა ლაფში ამოსვრილი და საბურთაოდ ქცეული მასწავლებლების სახელი. გული მტკივა, როდესაც ვუყურებ პრეზიდენტთან შეხვედრებზე მიკროავტობუსებით ცხვრებივით მირეკილ ჩემს კოლეგებს. გული მტკივა, რადგან ვეღარ ვხედავ მათ ანთებულ თვალებს და შემართებას. პირიქით, თქვენს შორის საყოველთაო აპათიაა გამეფებული. თითქოს შეგუებიხართ თავსმოხვეულ უსამართლობას, ხელი ჩაგიქნევიათ და დინებას მიყვებით მკვდარი თევზებივით.
ნუთუ ერთხელ მაინც არ დაფიქრებულხართ იმაზე, რატომ გთვლით საზოგადოებრივი აზრი მომავალ არჩევნებში სისხლიანი რეჟიმის უპირობო მხარდამჭერებად? ნუთუ არ გაწუხებთ თქვენი მისამართით გამოვლენილი ირონია და აგრესია? თქვენ ხომ ბავშვებს უნდა ჩახედოთ უმანკო თვალებში მათ თქვენს სახეზე ამოიკითხონ ის, რაც სულიერ საზრდოს მისცემს თაობას და დაეხმარება აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში.
და ამ დროს რა ხდება? თქვენი უმეტესობა დუმს და ხმას არ იმაღლებს ძალადობის წინააღმდეგ. ნაწილი პირიქით, აქტიურად ჩამდგარა სისხლიანი რეჟიმის სამსახურში. ზოგი უბნის კოორდინატორია, ზოგიც- საარჩევნო კომისიის წევრი და სწორედ თქვენი დახმარებით აპირებს ხელისუფლება გაყალბების ჯოჯოხეთური კარუსელის დატრიალებას. ზოგიერთი კი ადმინისტრაციის დავალებით მონდომებით აგროვებთ ინფორმაციას მოსწავლეთა მშობლების პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ...
სირცხვილია ეს ყოველივე.


მე კარგად ვიცი, რომ მასწავლებელთა უმრავლესობა შინაგანად კრიტიკულად ხართ განწყობილი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ეს არაა საკმარისი. ახლა გადამწყვეტი მომენტია და დადგა დრო, თქვენი განწყობა რეალურ ქმედებაში გამოიხატოს. გახსოვდეთ , ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთხელ დარჩენა ხელისუფლებაში კატასტროფა იქნება მთლიანად ქვეყნისთვის, პირველ რიგში, განათლების სისტემისთვის. ეს ადამიანები რვა წელი გატყუებდნენ და აბუჩად გიგდებდნენ თქვენ. მათი დამსახურებაა, ათასობით თქვენი კოლეგა ქუჩაში რომ აღმოჩნდა და საზღვარგარეთ გადაიხვეწა. ეს სწორედ ისინი ერეკებიან დღესაც სკოლებიდან განსხვავებული შეხედულების მქონე პედაგოგებს.


ეჭვი არ შეგეპაროთ- ისინი, თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, ძველებურად განაგრძობენ ბოგინს და განათლების სისტემის ნგრევას. ნუ იმედოვნებთ, რომ რომელიმე თქვენგანი გადარჩება თავის ჩაღუნვისა და ხმის გაკმენდის ხარჯზე. ეჭვიც არ შეგეპაროთ- თითოეული თქვენგანის ჭიშკართან წამოიჩოქებს დორბლიანი აქლემი და მერე გვიანღა იქნება თითზე კბენანი.


1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები რიგითი არჩევნები არაა საქართველოს მოსახლეობისთვის. ამ დღეს უნდა გაირკვეს ჩვენი სახელმწიფოდ ყოფნა-არყოფნის პერსპექტივა. ამ დღეს ქართველმა ხალხმა უარი უნდა უთხრას ძალადობასა და უსამართლობას. ამ დღეს უნდა დავამტკიცოთ, რომ შემდგარი ერი ვართ და შეგვიძლია კუთვნილი ადგილი მოვნახოთ ცივილიზებული ქვეყნების გალერეაში.
თქვენ, საქართველოს მასწავლებლებმა 1 ოქტომბერს ხმამაღლა უნდა თქვათ სათქმელი. ამ დღეს ხელისუფლების გვერდით დგომა სირცხვილია. მეტიც, იგი ხარაკირის ტოლფასი ქმედებაა.


მე შორს ვარ იმისგან, არჩევნებში ამა თუ იმ კონკრეტული ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერისკენ მოგიწოდოთ. თქვენ უკეთ იცით, ვინ იმსახურებს ნდობას წარსულში ნაკეთები საქმეების, ახლანდელი პოზიციისა და პერსპექტივის გათვალისწინებით. მთავარია, უარი უთხარათ სიყალბეს და დაიბრუნოთ ღირსების გრძნობა. მხოლოდ ამ შემთხვევაში გექნებათ მორალური უფლება, შეაღოთ საკლასო ოთახის კარი, თვალებში ჩახედოთ აღსაზრდელებს და მწარე სირცხვილის გრძნობა არ მოგგვაროთ მათმა მომლოდინე, გამომცდელმა მზერამ.
მხოლოდ ამ ანტიხალხური ხელისუფლების შეცვლის პირობებში ექნება ქვეყანას ნორმალური განვითარების პერსპექტივა. მხოლოდ ასეთ პირობებში შევძლებთ მასწავლებლები, თავიდან დავიწყოთ ჩვენი გაპარტახებული ორგანიზაციის მშენებლობა, იმ ორგანიზაციისა, რომელიც უეჭველად გახდება თქვენი უფლებების დაცვის გარანტი ახალ საქართველოში.
მე მჯერა თქვენი, კოლეგებო"- წერია მიმართვაში.


კანადა, ტორონტო, 2012 წლის 20 სექტემბერი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1383
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია