დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნების ლენინიზმი
2012/08/24 00:32:27

„ლენინიზმი“ ის სიტყვა აღმოჩნდა, რომელმაც როგორც ოპოზიციას, ასევე ხელისუფლებას, სასაუბრო თემა გაუჩინა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკარდო მილიორმა საქართველოში არსებული წინასაარჩევნო ვითარება, არც მეტი არც ნაკლები, ლენინიზმს შეადარა. მილიორმა თქვა: „ცოტა ლენინიზმია საარჩევნო კამპანიაში, რომლის მიზანია მტრების განადგურების მცდელობა, და არა პროგრამების წარდგენა... პოლიტიკურმა პარტიებმა დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინონ საზოგადოებას საარჩევნო პროგრამები. საქართველო მნიშვნელოვანი ერია და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კავკასიაში, ის დემოკრატიის შუქია და ჩვენ აქ ვართ ამ შუქის ხაზგასასმელად.“ შენიშვნა ხელისუფლებასა და ოპოზიციას ერთნაირად ეხებოდათ. პოლიტიკური მითითების მიუხედავად, რომ აქცენტები საარჩევნო პროგრამებზე გაკეთებულიყო, ორივე მათგანმა აქცენტი სიტყვა ლენინზმზე გააკეთა და ახლა იმის გარკვევაში არიან, თუ ვინ უფორ მეტად იწვევს ლენინურ ასოციაციას - ოპოზიცია თუ ხელისუფლება.

ხელისუფლების მაღალჩინოსანმა - კულტურის მინისტრმა, ნიკა რურუამ სისულელე უწოდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რიკარდო მილიორის გამონათქვამ. მართალია, მან მოგვიანებით მოიბოდიშა და ფრაზის არასწორი ინტერპრეტაციისთვის ჟურნალისტი დაადანაშაულა. თუმცა, მოასწრო და ლენინიზმი ასე განმარტა: „ ლენინზმი ნიშნავს არათავისუფალ ქვეყანას, არანაირ შეჯიბრების უნარიანობას, სიტყვის თავისუფლების აბსულუტურად არყოფნას, პოლიტიკური ოპონენტების პირდაპირ დახვრეტას.“

"ჩვენი აზრით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ფართოდ იყენებს თვითნებურ ძალაუფლებას პარტიის თუ ინდივიდუალური ხარჯვის კანონიერების დასადგენად და იღებს საეჭვო გადაწყვეტილებებს და მკაცრ ჯარიმებს აკისრებს ნათელი ან გამჭვირვალე ინსტრუქციების გარეშე. ჯარიმები არის არაპროპორციული და აშკარად შერჩევით არის გამოყენებული - ძირითადად ერთი პოლიტიკური სუბიექტის მიმართ. ვხედავთ რამდენიმე პრობლემას - შეიძლება ეს იყოს არაობიექტურობა სამართალდამცავი ინსტიტუტების მოქმედებებში. ძირითადად, ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ამ ინსტიტუტების მოქმედებები განვიხილეთ ექსპერტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან და გავაფრთხილეთ, რომ ისინი მოქმედებენ "არანათელი" ინსტრუქციებით. ჩვენი შეშფოთების მეორე საკითხია სასამართლო. გვინდა ვიხილოთ ნათელი და ნაკლებად არაობიექტური ინსტრუქციებით მოქმედება და ნეიტრალური ჩარევა სხვადასხვა საქმეში", - ეს უკვე ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის და საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის ტონინო პიცულას შეფასებაა საქართველოზე.

წინასაარჩევნო გარემოს შეფასების მიზნით, ეუთოს დელეგაცია სამი დღით სტუმრობდა საქართველოს. დელეგაციამ შეხვედრები გამართა მომავალ არჩევნებში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან - სამთავრობო, ოპოზიციური პარტიების, საარჩევნო ადმინისტრაციების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ასევე, თბილისის საერთაშორისო საზოგადოების წევრებთან.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის დასკვნა, ვერ იტყვი, რომ მკაცრი არ იყო. დასკვნის მიუხედავად, დელეგაციამ დაიტოვა იმედი, რომ საქართველოს ხელისუფლება ნდობის ღირსი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს. "ვიმედოვნებ, საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს ნდობის ღირს არჩევნებს და თანაბარ პირობებს ყველა პარტიისთვის, იქნება ეს მედიის ხელმისაწვდომობა და ჟურნალისტების დაცვა, რომელთა სამსახური არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ამომრჩევლებმა თავისუფალი და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ არჩევნების დღეს" - აღნიშნა რიკარდო მილიორმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1377
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია