დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
თამთა ლიპარტელიანი: „ყოველი დღე ისე უნდა იცხოვრო, თითქოს უკანასკნელი იყოს შენთვის“
2012/07/23 13:05:06

კუნძულ უტოიას ტრაგედიის წლისთავი

„იცი, რაღაც ისეთ ხასიათზე ვარ, სევდიანი. წერა მომინდა. საოცრად მომინდა ვინმესთან მესაუბრა. გიპოვე და გულზე მომეშვა. აი, მინდა, ცხოვრებაში ბევრს მივაღწიო. მივაღწევ რამეს კი?..“ 

ეს კითხვა თამთა ლიპარტელიანმა 23 წლის ასაკში, ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერა, გაუზიარა. თავადვე გასცა პასუხი: „აუცილებლად მივაღწევ.“

ცხადია მიაღწევდა, რომ არა ის დიდი ტრაგედია, რომელიც ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე დატრიალდა შარშან ამ დროს. მიუხედავად იმისა, რომ 22 ივლისს ამ ტრაგედიიდან ერთი წელი სრულდება, ნორვეგიულმა სასამართლომ ჯერაც ვერ გადაწყვიტა, შეურაცხადად გამოაცხადოს დამნაშავე, თუ 21 წელი მიუსაჯოს. ამ და სხვა საკითხებზე ჩვენ თამთას მშობლებს ვესაუბრეთ.

ძნელია, გადმოსცე ის ტკივილი, რაც ერთადერთი შვილის დამკარგავი მშობლების თვალებში ამოვიკითხე.

სახლში შესვლისთანავე, რაღაც წამებში მომეჩვენა, რომ თამთა ცოცხალი იყო, ყველა კუთხეში მისი სული ტრიალებდა.

ავთანდილ ლიპარტელიანი, თამთას მამა: „დავიწყებ იმით, რომ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის უფლება მე არ მომცეს, კითხვა ჩემთვის არავის დაუსვამს. ადვოკატს ვაძლევდი ჩემს მოხსენებას წერილობით და მას გაჰქონდა სასამართლოზე. როგორც ასეთი, ნორვეგიის სასამართლოს ჩვენს მიმართ განსაკუთრებული ყურადღება არ გამოუჩენია. როგორც ვიცი, საბოლოო განაჩენი აგვისტოში უნდა გამოუტანონ. მე ვესაუბრე იქაურ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს და მან მითხრა, რომ სამუდამო პატიმრობას ასე ოფიციალურად მას არ მიუსჯიან.

მინდა აღვნიშნო, რომ იმ ავბედით პერიოდში გვერდით გვედგა საქართველოს ელჩი ნორვეგიაში, დავით კერესელიძე. ასევე დიდ ყურადღებას ვგრძნობთ ადგილობრივი თვითმმართველობიდან. სწორედ მათი ინიციატივით გაკეთდა სკვერში თამთას ქანდაკება, 3.60 მეტრი სიმაღლის.“

ლეილა ასათიანი, თამთას დედა: „მიჭირს თამთაზე წარსულ დროში საუბარი. ხანდახან მგონია, რომ ცოცხალია და თავისი ოთახიდან გამოვა. ერთი წელია, ამ ფიქრებით ვცხოვრობ. იგი ნორვეგიაში ახალგაზრდა სოციალისტთა სახელით წავიდა, არასამთავრობო ორგანიზაციიდან. როცა მოვიდა და მითხრა, ასეთ არასამთავრობოში უნდა გავწევრიანდეო, ვთქვი: შვილო, პოლიტიკური არ იყოს-მეთქი. შემდეგ, როცა გაეცნო წესდებას, მითხრა, რომ არაპოლიტიკური იყო. აღარც დამიშლია წასვლა. დადიოდნენ ახალგაზრდები შეკრებებზე, ჰქონდათ საზაფხულო სკოლები, ამუშავებდნენ თემებს. გერმანიაშიც იყო 2010 წელს. მოამზადა თემა კავკასიის კონფლიქტებზე და ამ თემით ნორვეგიაში იქაურმა პრემიერ-მინისტრმა მიიწვია. ორი ახალგაზრდა  უნდა წასულიყო  საქართველოდან.  ნათია ჩხეტიანი ქუთაისში იყო ამ არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისის ხელმძღვანელი. სწორედ მისი თხოვნით წავიდა თამთა.  წასვლის  წინ  დღეებში   მოწყენილი  იყო.  ვკითხე,  რატომ  ხარ ასეთი-მეთქი  და  მითხრა: რა ვიცი, დედა, არც კი ვიცი, მინდა თუ არა წასვლაო. სულ მოწყენილი დადიოდა წასვლის დღეებში (ტირის). ნორვეგიული თემა გენდერულ თანასწორობაზე იყო.

ძალიან მიკვირს ნორვეგიის მთავრობის უყურადღებობა. მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ტერორიზმის საფრთხეშია, მათ არ მიიღეს ზომები ამ 700 ახალგაზრდის დასაცავად, მით უფრო - კუნძულზე! მე იმ საშინელი დღიდან ვამბობდი და დღემდე ამ აზრზე ვარ, რომ ის საზიზღარი მარტო არ იქნებოდა. ეს ფაქტი სტუდენტებმაც დაადასტურეს - რომ ვიღაც შავებში გადაცმული პირი ისროდა. ჩემი შვილის ძებნა კი იქაურ პოლიციას არ დასჭირვებია, იმიტომ, რომ იქვე იყო მკვდარი, სადაც ბრეივიკი დაიჭირეს.

ჩვენს ქვეყანაში უცხოელები რომ ჩამოდიან მოწვევით, ისინი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ჰყავს ჩვენს მთავრობას. რაც შეეხება ნორვეგიულ მთავრობას, ვერ გავიგე მათი დამოკიდებულება ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მაშინ, როცა ამდენი ახალგაზრდა იხოცებოდა, პოლიცია გაიძახოდა, ეს ჩვენი საქმე არ არის, სპეცრაზმის საქმეაო. დღემდე გაუგებარია ასევე, რას აკეთებს ეს ხალხი ბრეივიკის დაცვით. ისინი ცდილობენ, მსოფლიოს თვალში იმიჯი გამოასწორონ, თითქოს ჩვენ თავისუფალი სასამართლო გვაქვსო. ჩემი შვილის მკვლელი კი, იმის ნაცვლად, რომ ბნელ საკანში გამოკეტონ, კომპიუტერთან ზის კომფორტულად და წერილებს წერილებზე იღებს!

სასამართლო პროცესზე არაფერს ვამბობ, ხან იძახიან, შეურაცხადია და კლინიკა უნდა ავუშენოთ ციხეშიო, ხან - 21 წელი უნდა მივუსაჯოთო.“

თამთა ლიპარტელიანი დღეს 24 წლის იქნებოდა. მან ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი წარმატებით დაასრულა და სამაგისტრო პროგრამით „ჯიპა“-ში აპირებდა სწავლის გაგრძელებას. გამოცდები ჩაბარებული ჰქონდა, მაგრამ არ დასცალდა. უნივერსიტეტში იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტი. ინგლისურში ჰყავდა მოსწავლეები, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი შეფასებები მიიღეს. აქტიური, მიზანსწრაფული, ნიჭიერი გოგონა ყოფილა თამთა, თუმცა მისი დღიურების მკითხველი იგრძნობს, რომ ის სიკვდილის მოლოდინში იყო თითქოს, ყველაფერს წინასწარ გრძნობდა...

„ყოველი დღე ისე უნდა იცხოვრო, თითქოს უკანასკნელი იყოს შენთვის.“ მარკესის ეს სიტყვები მან ნორვეგიაში წასვლამდე მიაწერა თავის დღიურს.

თამთას ოთახის წინ გაზაფხულის მახარობელ მერცხალს ბინა დაუდევს. „მაშინ, როცა თამთა ჩამოვასვენეთ, ეს მერცხლები მის ოთახში შემოდიოდნენ და საწოლზე სხდებოდნენ.“ - ამბობს ქალბატონი ლეილა.

„არ იცი, სიკვდილი როდის მოვა. არ იცის არც ახალგაზრდამ და არც მოხუცმა. ყოველთვის რაღაცით უნდა დაიხარჯო. იძინე, რაც შეიძლება ცოტა და შენი მაქსიმუმი გააკეთე.“

„დატკბი დღევანდელი დღით და გიყვარდეს.“ - ეს თამთა ლიპარტელიანის ჩანაწერებიდანაა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1593
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია