დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რა მიგვანიშნებს დიაბეტზე და როგორ მოვუაროთ მას?
2012/07/23 12:58:57

სამწუხაროდ, ჩვენს ირგვლივ იშვიათად როდი არიან დიაბეტის მქონე ადამიანები. მისით დაავადების რისკი კი ემუქრებათ არა მარტო ზრდასრულ ადამიანებს, არამედ ბავშვებშიც საკმაოდ გავრცელებულია.

 

ხშირად, პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ საკმარისი ყურადღება არ ექცევა დაავადების არსებობის მიმანიშნებლებს. მათი შემჩნევის შემთხვევაშიც, დიაბეტის არსებობას იშვიათად იჯერებენ ან აღიარებენ, როგორც დაავადებული, ისე - მისი გარემოცვის წევრები. დიაბეტის მთელი რიგი მახასიათებლები ხშირად აიხსნება გადაღლილობით, ფიზიკური დატვირთვით თუ სხვა მიზეზებით, რის გამოც დაავადება, მისი გამოვლენის საწყის ეტაპზე, ყურადღების მიღმა რჩება. შესაბამისად, არ ხორციელდება საჭირო ინტერვენცია მდგომარეობის კონტროლის მიზნით, რაც დაავადების პროგრესსა და დაავადებულის მდგომარეობის გაუარესებას იწვევს.

 

რასთან გვაქვს საქმე დიაბეტის არსებობის შემთხვევაში?

დიაბეტი, რომელიც ენდოკრინული სისტემის ქრონიკულ დაავადებას წარმოადგენს, შეიძლება გამოვლინდეს ორი სხვადასხვა ფორმით - შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 1 - ინსულინდამოკიდებული და შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2 - ინსულინდამოუკიდებელი. თითოეულ მათგანს საკუთარი მახასიათებლები და რისკ-ჯგუფები გააჩნია: თუ ინსულინდამოკიდებული დიაბეტი უფრო მეტად ვითარდება ბავშვებში, მოზარდებსა და ახალგაზრდებში 30 წლამდე, ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტის გამოვლენა მეტადაა მოსალოდნელი 40 წელს გადაცილებულ ადამიანებში, თუმცა ეს საზღვრები მკაცრად არ არის განსაზღვრული და პირიქითაც შეიძლება მოხდეს. ორივე ტიპის შაქრიანი დიაბეტისთვის დამახასიათებელია ინსულინის დეფიციტი, რისი შედეგიცაა სისხლში გლუკოზის დონის მომატება და მეტაბოლური დარღვევების განვითარება. ასეთ დროს საჭიროა ადეკვატური ინსულინოთერაპია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, დაავადებულს განუვითარდეს კეტოაციდოზური კომა; დიდია ათეროსკლეროზის რისკიც; ქვეითდება იმუნიტეტი, რის გამოც მოსალოდნელია ინფექციური დაავადებები, მათ შორის - ტუბერკულოზით დაინფიცირება.

 

რა შეიძლება მიგვანიშნებდეს დაავადების არსებობაზე?

კლინიკური სურათი გამოხატულია მკვეთრად: წყურვილი, პირის სიმშრალე, გაძლიერებული შარდვა, წონაში კლება, სისუსტე, კანის ქავილი, ხშირი ინფექციური დაავადებები, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ენერგიისა და იმპოტენციის დაქვეითება. ვითარდება სიბრმავე, ინფარქტი, ინსულტი, ქვედა კიდურების განგრენა და სხვ.

შაქრიანი დიაბეტის არსებობის პირველი მიმანიშნებელი შეიძლება იყოს ღრძილების დაავადება და პროგრესირებადი კარიესი. აუცილებელია, ყველა ამ გამოვლინებაზე შესაბამისი ყურადღების მიპყრობა, რათა თავიდან ავირიდოთ დაავადების გამწვავებით გამოწვეული შემდგომი გართულებები.

იმისათვის, რომ მოხდეს შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის დასმა, უნდა განისაზღვროს სისხლში გლუკოზის დონე, რისი ნორმაც უზმოზე არის 3.3-5.5 მმოლ/ლ. ამ ნორმათაგან განსვლა კი მოითხოვს შესაბამის მკურნალობას, ეს მოიცავს დიეტას, ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას თუ მედიკამენტების - ინსულინის და შაქრის დამწევი აბების მიღებას.

გამოვიჩინოთ სიფრთხილე, უყურადღებოდ არ დავტოვოთ დიაბეტის მომასწავებელი ყველა აღნიშნული მახასიათებელი, რათა გვქონდეს შესაძლებლობა, თავი დავიცვათ დაავადების გართულების შემდგომი ეფექტებისგან.

თეონა ნუცუბიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1353
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია