დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ჯემალ ჭკუასელი: „სად მივაქანებთ ჩვენს საგანძურს - უფსკრულში, თუ ზეცისკენ?“
2012/07/16 13:24:46

„ადრე ქუთაისში ანსამბლი ჩამოვაყალიბე, წამოვედი, დაინგრა. რაშია საქმე? რა ხდება? ის, რომ ვისაც დღეს ეს საქმე აბარია, კარგად არა აქვს გააზრებული, რა არის ქართული ხალხური სიმღერა და ცეკვა“

მრავალსაუკუნოვანი ქართული ფოლკლორი - ქართველი ერის შემოქმედებითი გენიის ნაყოფია. ხალხური მუსიკა საუკუნეების მანძილზე გადაეცემოდა თაობიდან თაობას, თუმცა საარსებო სოციალური გარემოს შეცვლამ, ტექნიკურმა პროგრესმა, ყოფიდან მრავალი წეს-ჩვეულების გაქრობამ, მდარე მასობრივი პროდუქციის გავრცელებამ იმოქმედა ქართულ ფოლკლორზე. ქართული ფოლკლორის დღევანდელ პრობლემებზე საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატი, ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი გვესაუბრება.

 

 - ბატონო ჯემალ, რა არის „ერისიონის“ წარმატების ფორმულა?

- ჩვენი წარმატების მიზეზი, პირველ რიგში, ქართული ხალხური სიმღერა, მუსიკა და ცეკვაა, ანუ ის, რასაც ქართული ფოლკლორი ჰქვია. ჩვენ ფოლკლორული ანსამბლი არ ვართ, მაგრამ ფოლკლორს წარმოუდგენლად დიდ საქმეს ვუკეთებთ. ანსამბლს „ერისიონი“ 1999 წელს დაერქვა, მანამდე იყო უდიდესი ისტორია თავისი წარმატებებითა და ჩავარდნებით. ჩვენმა პირველმა ამერიკელმა პროდიუსერმა ჯიმ ლომ თქვა: ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი მარგალიტი, რომელიც ახლა დასავლურად უნდა შევფუთო და მთელ მსოფლიოს ვაჩვენოო და მან ეს შეძლო.  თვითონ ანსამბლის სახელწოდებაც კი გენიალურია - „ერისიონი“ შეიძლება აღვიქვათ, როგორც კრებითი სიტყვა - „ერი“ და „სიონი“ კი, სულხან-საბას ლექსიკონით, ნიშნავს: „მთის თავს ზეითი.“ როგორი სიტყვა დავაბრუნეთ  ქართულ ფოლკლორში, ესეც ხომ საქმეა?! განა ქართული სიმღერა არ ჰგავს მთის მწვერვალს? 21-ე საუკუნეში კიდევ ერთხელ აღიარეს, რომ ქართული ხალხური სიმღერა მსოფლიო ხალხური მუსიკალური აზროვნების შედევრია. ეს არის სწორედ უმთავრესი, ტრადიციასა და სულიერებაში რომ იქნები პირველი. სულიერება ჩვენმა ხალხმა ცეცხლსა და მახვილში გამოატარა და ისე მოიტანა დღემდე. დღეს კი რა კეთდება? გააზრებული გვაქვს, რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია? ვიცით კი ამ სულიერების არსი?  თუკი მსოფლიომ გვაღიარა, რატომ არ უნდა გამოიყენოს და დააფასოს ეს ჩვენმა სახელმწიფომ. სამწუხაროდ, ჯერ არც ერთ მთავრობას არ ჰქონია სწორი მიდგომა ჩვენს ხალხურ შემოქმედებასთან. დიდი ხანია, ვამბობ: ქართულ ხალხურ სიმღერას სჭირდება კანონები, სჭირდება განსაზღვრა იმისა, თუ საით მივდივართ და რა მიგვაქვს. სად მივაქანებთ ხანდახან ამ ჩვენს საგანძურს - უფსკრულში თუ ზეცისკენ. ჩემი აზრით, სახელმწიფომ უფრო მეტად უნდა იზრუნოს ქართულ ფოლკლორზე და, პირველ რიგში, უნდა შექმნას სამართლებლივი ბაზა, რომელიც დაიცავს ფოლკლორს.

- ბატონო ჯემალ, თქვენ არ შეუცვალეთ სახე ქართულ სიმღერებსა და ცეკვებს. როგორ შეძელით მათი ისე წარმოჩენა, მისაღები რომ ყოფილიყო თანამედროვე საზოგადოებისთვის?

- ქართული ხალხური სიმღერა და ცეკვა სრულიად განსხვავებული ფენომენია, რომელშიც ყველაფერი უნდა იყოს შენარჩუნებული. ფოლკლორს ახასიათებს ინდივიდუალურობა. ერთი ტაქტიც რომ შეცვალო, სულ სხვა სიმღერას მივიღებთ. თუ შენ აიღებ თავად თემას, შეიძლება, გაშალო ერთი მონაკვეთი, მხოლოდ „ხალხური“ არ უნდა დაარქვა, მაგრამ ამას დიდი ნიჭი და სიფრთხილე სჭირდება. იშვიათად არიან საქართველოში მუსიკოსები, რომლებმაც სწორად გაუგეს ქართულ ხალხურ მუსიკას. მაგალითად: ზაქარია ფალიაშვილი, ჯანსუღ კახიძე... გახსოვთ, ალბათ, „ერისიონის“ ცნობილი კლიპი - „შატილის ასულო“, რომელსაც მხოლოდ რიტმი შევუცვალე, თანამედროვე საზოგადოებისთვის უფრო მისაღები რომ ყოფილიყო. ამ სიმღერას 60-70 წელი მღეროდა ქართველი ხალხი, მაგრამ ეს ის არ იყო, რაც შეიძლებოდა მთელი მსოფლიოსთვის გეჩვენებინა... თუმცა, ჩემთვის ყოველთვის აუცილებელი პირობაა, ყველაფერი პირველწყაროზე დაყრდნობით იყოს გაკეთებული. ვიღაცამ შეიძლება თქვას, სახეშეცვლილი და გათანამედროვებული ხალხური სიმღერა და ცეკვა უკეთესია, ვიდრე - პირველწყაროს სახითო. როგორ გითხრათ, პირამიდას შეიძლება გაუვიდეს ვადა? მშობლის სიყვარული შეიძლება იყოს მოდაში? თქვენ თვითონ გააკეთეთ აქედან დასკვნა. 

- ფოლკლორის ელემენტები დღეს პოპ-მუსიკაშიც გამოიყენება, შეიძლება თუ არა, სწორედ ეს გახდეს ახალგაზრდა თაობის ფოლკლორით დაინტერესების ერთგვარი ხერხი?

- ჩვენ ესტრადა რაღაცას ისედაც გვართმევს, რაღაცას აფუჭებს, მაგრამ თუ კარგად იცი, თუ ხარისხიანად აკეთებ, ეს შეიძლება დიდი მიგნება იყოს. ყოველთვის უნდა არსებობდეს მიზანი ახალგაზრდების დაინტერესებისა. ქართველმა ახალგაზრდებმა იმაზე კი არ უნდა იფიქრონ, რომელ უცხოელ მომღერალს, რა ზომა ფეხი აქვს, ან რა ვარცხნილობა, მათ უნდა უყვარდეთ ქართული სიმღერა და იმაზე უნდა მსჯელობდნენ, მაგალითად, გურული სიმღერა „ჩვენ მშვიდობა“ ოზურგეთლების ნამღერი უფრო კარგია, თუ ჩოხატაურლების.

- რა მდგომარეობაა, ამ მხრივ, საქართველოს რაიონებში?

- აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი იწყება რაიონებიდან. თითქოს რაღაც კეთდება ამ კუთხით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ვინაიდან გურული სიმღერა უნდა იმღეროს გურულმა, სვანური - სვანმა და ა.შ. გურიაში ორიოდე კაცი თუა შემორჩენილი, ვინც მღერის, ზუგდიდში - ერთი... ადრე ქუთაისში ანსამბლი ჩამოვაყალიბე, წამოვედი, დაინგრა. რაშია საქმე? რა ხდება? ის, რომ ვისაც დღეს ეს საქმე აბარია, კარგად არა აქვს გააზრებული, რა არის ქართული ხალხური სიმღერა და ცეკვა. გინდა ქვეყნის უფროსი იყავი და გინდა ცენტრის, თუ არ იცი ქართული ფოლკლორი, არაფერი გამოვა. თუ ასე გაგრძელდა, მე მიმიცია ქართული ხალხური სიმღერისთვის 10-15 წელი, რომ აღარ იარსებებს იმ სახით, როგორითაც უნდა იარსებოს. „თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდეს პანტასაო“ - ეს გვჭირს ქართველებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რეგიონები ავამღეროთ.

- ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სახელმწიფოს ამ საკითხში თავისი ფავორიტები ჰყავს, უამრავი ნიჭიერი ადამიანი კი ყურადღების მიღმაა დარჩენილი და არ ეძლევათ საქმის კეთების საშუალება...

- როცა რაღაცის უფროსი ხარ, ეს უნდა იცოდე - ჩვენ ფოლკლორში ბევრი რამ გვაქვს მიგნებული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. სწავლაა საჭირო, სწავლას დიდი ნიჭიერება სჭირდება. ჯანსუღ კახიძე უნიჭიერესი კაცი და ქართული მუსიკის უბადლო მცოდნე იყო, მაგრამ დილიდან ღამემდე მუშაობდა, სწავლობდა, რადგან იცოდა - დიდ საქმეს გულიდან აღებული სისხლი სჭირდება და თითიდან აღებული სისხლით ვერ გაიგებ, რა ხდება. თავდადებაა საჭირო, შეიძლება შეეწირო კიდეც, მაგრამ ღირს ეს ამად.

სამშობლოსა და სახელმწიფოს ინტერესები ხანდახან განსხვავდება ერთმანეთისგან. სახელმწიფოს შენ უნდა უთხრა, რა სჭირდება სამშობლოს და იმან უნდა დაგიჯეროს და შეგიქმნას საქმის კეთების პირობა. მე, ჯემალ ჭკუასელმა, 25 წლის წინ დავწერე: ქართულ ფოლკლორს შველა სჭირდება-მეთქი და მაშინ თუ არ გაკეთდა ეს საქმე, ახლა მაინც მენდე, როცა მთელი მსოფლიო მოხიბლულია „ერისიონის“ წარმატებით და ხედავ, რომ ჭეშმარიტად ქართულ საქმეს ვემსახურები.

სამწუხაროდ,  ერთი  ისეთი  ავად-მყოფობა  გვჭირს,  რომლის  წამალიც ჯერ არავის მოუგონია - პროვინციალიზმი. პროვინციალიზმს კი მე დღეს დედაქალაქში უფრო ვხედავ, ვიდრე სოფლებში. „ერისიონი“ არ არის ფოლკლორული ანსამბლი, ეს არის დიდებულ ქართულ სიმღერასა და ცეკვაზე აგებული და აღმოცენებული პროფესიული ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი.  ჩემთან  ვერ   ნახავ   პირველწყაროდან  გადახვევას,  რადგან   არსებობს საზღვრები, რომლიდანაც არ უნდა გამოხვიდე. აი, ამ პრინციპს არღვევენ და ეს არის ყველაზე ცუდი.

ერთი ყმაწვილი დღემდე გაჰკივის ჩემზე, ბასგიტარა შემოიტანა ორკესტრშიო. ჩვენ გვაქვს ორკესტრი, მაგრამ ამ ორკესტრში არ არსებობს დაბალი ხმები და მხოლოდ ამიტომ შევიტანეთ მასში ბასგიტარა. ამაზე გადაირივნენ და, რაც მართლა არაქართულია, იმაზე ხმას არ იღებენ. ამ ყმაწვილის სახელს შეგნებულად არ დავასახელებ, რადგან ის ამის ღირსად არ მიმაჩნია. უბრალოდ, კიდევ ერთხელ გავუმეორებ, რომ ფოლკლორის გაგებაში არ არის. ასე არ შეიძლება, არ უნდა იყო საცოდავი მიმბაძველი, შენ შენი ხელწერით უნდა შემოხვიდე ხელოვნებაში. შენ რომ გინდა, ისე არ არის, - როგორც უნდა ქართულ სიმღერასა და ქართველ ხალხს, ისე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი.

უდიდესმა კომპოზიტორმა სტრავინსკიმ ბრძანა: „ქართული ხალხური სიმღერა ყველა დროის ყველაზე თანამედროვე სიმღერააო.“ იცით, რამხელა სიბრძნე დევს ამაში? რაღა მაინცდამაინც უცხომ უნდა თქვას ეს, კარგია, რომ ისინიც ამჩნევენ, მაგრამ შენ რატომ არ იცი? მჭედლიშვილივით ან ვარლამ სიმონიშვილივით რომ ვერ იმღერებ, არ იცი? ქართულ სიმღერას „კიკინით“ არ მღერიან. მე ამ ადამიანს ბევრჯერ ვუთხარი, რომ უცოდინარი და უვიცია. ამას არ ვიტყოდი, მაგრამ ვხედავ, რომ მისი უცოდინარობით საქმე ფუჭდება. 

- ფიქრობთ, რომ დღეს ფოლკლორის სათავეებში უნიჭო ადამიანები დგანან, რომლებიც საქმეს ვერ აკეთებენ?

- ნიჭიერებაზე თუ მიდგა საქმე, კალიგულაც ძალიან ნიჭიერი იყო. სტალინი მსოფლიოს უნიჭიერეს ადამიანად აღიარეს. მთავარია, შენს ნიჭს საით მიმართავ. არ შეიძლება, ერთ-ორ კაცზე დააყენო ქართული ფოლკლორი, ნიჭიერი ხალხი უმრავლესობაში უნდა იყოს. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო კონსერვატორიაში ფოლკლორის კათედრა, სადაც შესანიშნავად იციან ხალხური სიმღერა, როგორც თეორიულად, ისე - პრაქტიკაში. არ უნდა იყოს მხოლოდ მომხმარებლური მიდგომა ფოლკლორის მიმართ. რა თქმა უნდა, თავისთავად, ჩვენც შოუბიზნესში ვართ ჩართულები, მაგრამ თუ არ შევინარჩუნეთ ის ღირებულება, რაც ქართულ სიმღერასა და ცეკვას გააჩნია, ქართული ფოლკლორი არ იარსებებს. ეს ის საშური საქმეა, რომელიც ხვალ აღარ გამოსწორდება. 

- როგორც ვიცი, დღეს „ერისიონი“ გარკვეული პრობლემების წინაშე დგას, რა არის ყველაზე დიდი პრობლემა?

- „ერისიონმა“ მსოფლიოს აჩვენა, თუ რა ძლიერი და დიდებულია ქართული სიმღერა და ცეკვა. დღეს ჩვენი ანსამბლის ყველაზე დიდი პრობლემა უსახსრობაა. კოსტიუმებიც კი არ გვაქვს საკმარისი და სათანადოდ განახლებული. რამდენიმე დღის წინ ათენში ვიყავით. იქ რაც ხდებოდა, ამის გადმოცემა მიჭირს. სამწუხაროდ, გადაღებული არ გვაქვს, რადგან სცენის ტექნიკურ პერსონალს ერთმანეთში გაუგებრობა მოუვიდა და შუქი არ აგვინთეს. პრეტენზია რომ გამოვთქვით, გვითხრეს: რა უნდა გვაჩვენოთ ახლა ისეთი, რაც არ გვინახავსო. კონცერტის ბოლოს კი მთელი ტექნიკური პერსონალი, 25-30 კაცი, ბოდიშს გვიხდიდა: მართლა არ გვცოდნია, რა არის ნამდვილი ქართული სიმღერა და ცეკვაო. აი, ეს შევძელით ჩვენ, - მხოლოდ ჯემალ ჭკუასელმა კი არა, „ერისიონის“ მთელმა კოლექტივმა და, პირველ რიგში, ეს არის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის მადლი. 

 

გიორგი სირაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1532
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია