დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მატყუარა კარდაკარელები“
2012/07/09 13:41:33

წინასაარჩევნოდ სახელმწიფომ და ცეესკომ, სიების დაზუსტებისა და გადამოწმებისათვის, „კარდაკარ“-ის პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით 15 ივლისს უნდა დასრულდეს. რაც შეეხება იმერეთს, ამ რეგიონში „კარდაკარ“-ის პროგრამაზე მუშაობა სიების დაზუსტების კომისიამ 20 ივნისს დაასრულა. დაზუსტების კომისიებმა და ცეესკომ სრული ანგარიში სახელმწიფოს 1 აგვისტოს უნდა წარუდგინონ.

 

მანამდე კი, როგორც აღმოჩნდა, ცეესკოს სახელით სხვადასხვა პარტიისა თუ ორგანიზაციის წარმომადგენლები საკუთარი სახსრებით და ხარჯებით ახორციელებენ გადამოწმებასა და მას ასევე „კარდაკარ“-ის სახელით აცნობენ მოსახლეობას.

ჩვენმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა, ლიამ (გვარის დასახელებისაგან თავი შეიკავა), გვიამბო, რომ დაახლოებით ივნისის ბოლოს მასთან ორი ახალგაზრდა მივიდა, რომელთაც განუცხადეს,  რომ „კარდაკარ“-ის პროგრამის ფარგლებში ახორციელებდნენ მოსახლეობის გადამოწმებას.

„კარზე კაკუნი იყო და, როცა გავაღე, მითხრეს, „კარდაკარ“-ის გამოკითხვას ვატარებთო. ვკითხე, რომელი ორგანიზაციიდან ხართ-მეთქი და მათგან ერთ-ერთმა, ახალგაზრდა ბიჭმა, მაჩვენა თითქმის ცარიელი ფურცელი, რომელზეც ცეესკოს წარწერა იყო დაშტამბული. მე ვიკითხე, აუცილებელია-მეთქი ამის შევსება და მიზეზად ის დავასახელე, რომ უკვე იყვნენ ჩემთან ნამყოფები. ისინი შებრუნდნენ და მითხრეს, რომ არ იყო აუცილებელი შევსება: „თუ გეზარებათ, არა უშავს, იყოს, ძალას ვერ დაგატანთო“ და წავიდნენ. სხვა საბუთი არაფერი უჩვენებიათ.“- გვიყვება ქალბატონი ლია.

როგორც გავარკვიეთ, მსგავსი შემთხვევები არამარტო ქალბატონ ლიას ჰქონია, არამედ - სხვა უბნელებსაც.

„კარდაკარ“-ის პროგრამა იმიტომ ხორციელდება, რომ ყველა მოქალაქე, განურჩევლად პოლიტიკური ორიენტაციისა, აღწერილი იყოს შესაბამისი რეგისტრაციის მიხედვით და თუ იგი არ იმყოფება ადგილზე, ამის შესახებაც ინფორმაცია მიეწოდოს ცეესკოს. ამ პროგრამაში ჩართული ყველა „კარდაკარელის“ ძირითადი ფუნქციაც სწორედ ესაა. ამ შემთხვევაში „კარდაკარ“-ის ოპერატორების მიერ უკანდახევა რამდენად სამართლიანად ითვლება, ამის თაობაზე სიების გადამოწმების კომისიის იმერეთის რეგიონის ხელმძღვანელს ივანე კაპანაძეს ვესაუბრეთ:

„იმისათვის, რომ ნებისმიერმა პარტიამ არჩევნებში მონაწილეობისათვის მოახდინოს დარეგისტრირება, მას სჭირდება ამომრჩეველთა მხარდაჭერა. ის ფურცელი კი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, არის ცეესკოს ფურცელი, სადაც მისი ბარელიეფია გამოხატული და ივსება ადამიანების მიერ, ვინც ამ პარტიას უჭერს მხარს: სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ხელის მოწერა. ეს შეიძლება ყოფილიყო რომელიმე პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც არ თქვა ვინაობა. ამ შემთხვევაში კანონი ირღვევა, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ამომრჩეველს უფლება აქვს, იცოდეს, რაზე აწერს ხელს. თუ პარტიები ამოწმებენ სიებს, მათ აქვთ სიების ფურცელი, რომლითაც აწარმოებენ გადამოწმებას. ეს არ არის გასაკვირი, რადგან ისინი მუშაობენ არამარტო სიების გადამოწმებაზე, არამედ - პარტიული დავალებაც აქვთ“.

სიების გადამოწმებას საკუთარი ინიციატივით კოალიცია „ქართული ოცნება“ და „ამომრჩეველთა ლიგა“ ახორციელებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ახალგაზრდები, რომლებმაც „კარდაკარ“-ის პროგრამის წარმომადგენლებად გაასაღეს თავი, „სიების გადამოწმების“ მიზნით არ დადიოდნენ კარდაკარ:

„როგორც ვიცი, არის „ამომრჩეველთა ლიგა“, რომელიც ამას აკეთებს და არის კოალიცია „ქართული ოცნება“. არანაირი ცეესკო არ უკეთებს ამ გადამოწმებას მონიტორინგს. ცეესკომ მათ ამომრჩეველთა ისეთივე სიები გადასცა, რომლითაც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა. ჩვენი მისია იყო, რომ ჩვენი წარმომადგენლები უნდა შესულიყვნენ თითოეულ ოჯახში, ერთი ადამიანი მაინც უნდა ენახათ, რომელიც იმ ადგილზე იყო რეგისტრირებული, დაეწერათ მისი პირადობის ნომერი. ჩვენ ამას ვითხოვდით. იყო შემთხვევა, როცა  ინფორმაცია არ იყო აღებული, ანუ არ იყო მინიშნებული პირადობის ნომერი - ესე იგი ვერ ნახა მან ეს კონკრეტული ადამიანი, ამიტომ ხელახლა ვაგზავნიდით, რათა აუცილებლად მიეთითებინათ პირადობის ნომერი,“ - აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას ივანე კაპანაძე.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ორგანიზაციები შეცდომების და დარღვევების თავიდან ასაცილებლად ხელახალი აღწერის პროცესს ატარებენ, ეს ხალხში გარკვეულ დაბნეულობას იწვევს. ამისათვის კი აუცილებელია, რომ მოსახლეობამ თავად გადაამოწმოს საკუთარი თავი საარჩევნო სიებში. აქვთ შესაძლებლობა, რომ დარეკონ ცხელ ხაზზე, ან ნომერზე - 2012 - გააგზავნონ sms, სადაც მითითებული იქნება პირადი ნომერი, შემდეგ გამოტოვება  და დაბადების წელი. ეს საშუალებას მისცემს თითოეულ ადამიანს, დარწმუნდეს, თუ სად აქვს მას ხმის მიცემის საშუალება. ასევე შეუძლია, გაარკვიოს, სად არის დარეგისტრირებული და, პრობლემის შემთხვევაში, მიმართოს სიების გადამოწმების კომისიას.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1354
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია