დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„გვიშველე, ბიძინა!“
2012/06/11 13:05:03

ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, „ქართული ოცნების“ საორგანიზაციო ჯგუფმა მუშაობა დილის ექვსი საათიდან დაიწო. ასსაფეხურიან კიბესთან დაამონტაჟეს სცენა, რომელიც ტყვიაგაუმტარი მინით იყო შემორაგვული. დილიდანვე დაიწყო ხალხმა აქციაზე მოსვლა.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა გაზეთ „P.S.“-თან კომენტარი გააკეთა: დილის 09:00 საათიდან მზადება დაიწყო და ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. ახლა დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური საკითხების მოგვარება და 18:00 საათისთვის დაგეგმილი აქცია აუცილებლად დროზე დაიწყება. რაიონებიდან მოსახლეობის ქუთაისში ჩამოყვანა დაწყებულია. ძირითადი თავშეყრა 16 საათის შემდეგ დაიწყება, ძალიან ბევრ ხალხს ველოდებით, იმდენს რაც არასოდეს ყოფილა ქუთაისში.

13:00 საათზე რაიონებიდან ჩამოსულმა ახალგაზრდა აქტივისტებმა შეკრება დაიწყეს. ახალგაზრდა „მეოცნებეები“ ხმამაღლა გაჰყვიროდნენ: გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს ბიძინას! ბიძინა, ბიძინა, ბიძინა...

აქტივისტების ხელმძღვანელი: ბიჭებო, ბიძინა არ დაიძახოთ, დაიძახეთ „გაუმარჯოს საქართველოს“.

მოგვიანებით აქტივისტები ასსაფეხურიან კიბესთან განლაგდნენ.

აქციაზე ახალგაზრდებმა გაზეთების - სპეციალურად გამოშვებული  „კვირის ქრონიკისა“ და „ქართული ოცნების“ დარიგება დაიწყეს. ასევე დაარიგეს ბენდენები და დროშები.

ქალბატონი: მომეცით „ბენდენა.“

აქტივისტი: არ გვაქვს, რაც გვქონდა დავარიგეთ.

ქალბატონი: შვილო, 9 შვილთან ერთად ვარ აქციაზე მოსული და რა მოხდება, რომ ერთი ბენდენა მაჩუქოთ.

აქტივისტი: მოიცადეთ, ქალბატონო, თუ დაგვრჩა, აუცილებლად გაჩუქებთ.

ქალბატონი: არ მინდა თქვენი ბენდენა...

გაბრაზებულმა ქალბატონმა აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორია დატოვა.

დაახლოებით 14:00 საათზე  დაიწყო ხალხმა ქართული ოცნების აქციაზე მისვლა. თითოეულ რაიონს კოალიციის ლიდერი მოჰყვებოდა. თანდათანობით იზრდება ხალხის რაოდენობა.

ხალხი: ჩვენ გავიმარჯვებთ, გვიშველე, ბიძინა!

75 წლის ქალბატონი „ქართული ოცნების“ მაისურით: ბებო, ჩემი ოცნებაა თავისუფალი საქართველო. მე ვანიდან ჩამოვედი და იმედია, ამიხდება ოცნება.

მამაკაცი: ბიძინას გარდა, დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხს ვერავინ გადაარჩენს.

17 საათზე თითქმის ყველა რაიონიდან ჩამოსულები შეუერთდნენ აქციას.

ყველაზე მეტი საჩხერელები იყვნენ. მათ კოლონას ბიძინა ივანიშვილი მოუძღოდა.

17:30 წუთისთვის აღმაშენებლის გამზირზე, დაახლოებით, 40 ათასი კაცი იმყოფებოდა.

17:40 წუთზე ბიძინა ივანიშვილი დაცვასთან ერთად გამოჩნდა. იგი ფეხით ჩაუყვა ასსაფეხურიან კიბეს, სადაც ახალგაზრდა აქტივისტები ტაშის კვრით ეგებებოდნენ.

უცხოელებისაგან განსხვავებით, უხეშობით გამოირჩეოდნენ ბიძინა ივანიშვილის დაცვის ქართველი წევრები, ისინი ჟურნალისტებს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ.

ჟურნალისტები: ბატონო ბიძინა, გთხოვთ, გააკეთეთ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით კომენტარი.

დაცვა: გავიდნენ აქედან ჟურნალისტები, გააკეთეთ კორიდორი. გავატაროთ ბატონი ბიძინა!

მოხუცი ქალბატონი: ბიძინააა, შენ გენაცვალე! გვიშველე, ბიძინა. თავგასიებულ სააკაშვილს ოთხი წერილი გადავეცი და ერთსაც არ გამოხმაურებია. შენ გენაცვალე, ბიძინა, შენ უნდა გადაგვარჩინო.

ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, პირდაპირ ტრიბუნასთან მივიდა და პოლიტიკური მოწოდებები გააკეთა.

აქციამ ყოველგვარი ექსცესის გარეშე ჩაიარა. აქციის შეფასება კოალიცია  „ქართული ოცნების“ პრესსპიკერს მაია ფანჯიკიძეს ვთხოვეთ.

მაია ფანჯიკიძე: როგორც პრეს-სპიკერი, დღევანდელ აქციას მას შემდეგ შევაფასებ, როცა ვნახავ, მედიამ აქცია როგორ გააშუქა. რაც შეეხება აქციას, ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ ქუთაისელებისთვის მხიარულება მოგვეტანა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი იყო იმის გამო, რაც რამდენიმე დღის წინ ქუთაისში მოხდა. ვფიქრობ, ქუთაისელებს ყველაზე მეტად გული იმის გამო დასწყდათ, რომ ბერას კონცერტი ვერ ჩატარდა. ბერას კონცერტი აქ აუცილებლად გაიმართება, მეც ძალიან გამიხარდება და ვეცდები, არ დავაკლდე.

აქციის დასრულების შემდეგ კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდა აქტივისტებმა აღმაშენებლის დანაგვიანებული გამზირი დაასუფთავეს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1347
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია