დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მიშას მოსვლამდე საავადმყოფო გულშეწუხებული მომლოდინეებით შეივსო...
2012/06/04 12:42:18

მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მმართველი პარტიის გუნდი რეგიონების მოსახლეობაზე რომ აქტიურად მუშაობს, ეს დასამალი აღარავისთვისაა. 28 მაისს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე ათეულათასიანი მიტინგის, ხილვის შემდეგ, პრეზიდენტისათვის, ალბათ ცოტათი რთული იქნებოდა, რომ       „იმერეთის რეგიონული კლინიკური საავადმყოფო“ ქუთაისში ხალხის ფონზე არ გაეხსნა. „ქუდზე კაციო!“ - უბრძანებია მავანს და ყველა საჯარო მოხელე „დედიმისიშვილი“ იყო, საავადმყოფოს გახსნაზე არ მისულიყო. „მასოვკას“ შეადგენდნენ: სტუდენტები, პედაგოგები, მოსწავლეები, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, სამხარეო ადმინისტრაციისა და მერიის თანამშრომლების სრული შემადგენლობა... ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ საავადმყოფოს ეზო ცენტრალური კამერების ობიექტივში საკმაოდ სოლიდური ხალხის მასით გამოჩენილიყო.

საავადმყოფო საღამოს 6 საათზე გაიხსნა, თუმცა საჯარო მოხელენი იქ გაცილებით ადრე, დღის 2 საათზე დაიბარეს. მაღალი ტემპერატურის გამო, ახლადგახსნილი საავადმყოფოს პალატები, რამდენიმე საათის დგომითა და სიცხისაგან შეწუხებულმა ადამიანებმა დაიკავეს.
„ჩვენ, მე მგონი, ხალხად არ აღგვიქვამენ, დაგვხოცეს ხალხი, დღის 2 საათზე გამოგვიშვეს სკოლიდან პედაგოგები, რომ მალევე გახსნის და მერე სახლში წახვალთო. ზუსტად 4 საათია იმის მერე გასული, ფეხზე დგომა აღარ შემიძლია ისე დავიღალე. ან მოვიდეს და ან მოგვცენ იმის უფლება, რომ წავიდეთ სახლში,“ - ჩივის პედაგოგი, ქალბატონი ნანა.
„სამი საათია, ველოდები, როდის ჩამოვა. უნივერსიტეტში გვთხოვეს, რომ აუცილებლად მიდითო, დავალებული გვაქვსო. აღარ შემიძლია, ცოტა ხანს კიდევ დავიცდი და მერე მართლა წავალ,“ - ამბობს სტუდენტი მარი მელქაძე.
„თუ თქვი რაიმე, სამსახურიდან გამოგაგდებენ, თუ არადა - კი უნდა ჩაიგუბო თევზივით პირში წყალი. ეგ ადამიანობაა ახლა? შე კარგო ადამიანო, თუ 6 საათზე აპირებდა პრეზიდენტი მოსვლას, ჩვენ 2 საათზე რატომ მოგვიყვანეს ამ 45 გრადუს სიცხეში, მე არ მესმის. ხომ ხედავთ, ეგერ პანტა-პუნტით ცვივა ხალხი და წუხდება. ეგ არის ხალხის დაცინვა და მეტი არაფერი,“ - აღელვებულია ლალი გ.

რამდენიმე საათის ლოდინის  შემდეგ პრეზიდენტიც გამოჩნდა. მან მოსახლეობას სიტყვით მიმართა და უახლოეს გეგმებზე ისაუბრა.

„ვიცი, რომ ყველაზე დიდი პრობლემა აქ უმუშევრობაა. მაგრამ იმისათვის, რომ ადამიანი წელში გამართული იყოს, მას უნდა ჰქონდეს ელემენტარული სოციალური დაცვა და ასევე ელემენტარულად მოწყობილი ჰოსპიტალური კლინიკა. ჩემი მთავარი მიზანია, რომ საქართველოში აღარ იყოს გაჭირვებული, უპოვარი, უმუშევარი ადამიანი და უპერსპექტივო, უიმედო სიტუაცია, ამას კი, გპირდებით, ყველანი ერთად მივაღწევთ. ქუთაისი ძალიან მალე გახდება ძალიან მაგარი ქალაქი. სულ მალე აშენდება კოპიტნარის ახალი აეროპორტი. მე ვვარაუდობ, რომ წელიწადში ნახევარი მილიონი ადამიანი აღნიშნული აეროპორტით ისარგებლებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ნახევარი მილიონი ადამიანი გაივლის ქუთაისს, შევა კაფეებსა და ბარ-რესტორნებში. ადრე კიდევ ხალხს არ ჰქონდა საშუალება და, მაქსიმუმ, ბიკენტიას საქაბაბეში შეიძლებოდა შესულიყო,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტმა „იმერეთის რეგიონული კლინიკური საავადმყოფოს“ პალატები დეტალურად დაათვალიერა. ასევე ის ავადმყოფები მოინახულა, რომლებიც იმ დროისათვის აღნიშნულ საავადმყოფოში იყვნენ განთავსებული.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1358
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია