დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ჩვენ წაგვართვეს საქართველო!
2012/05/21 11:12:53

(მკითხველის გვერდი)

1991 წლის 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბატონ ზვიად გამსახურდიას საპროგრამო სიტყვაში ნათქვამია: ჩვენ ვდგავართ საქართველოს ისტორიის გზის გასაყარზე, სადაც ქართველი კაცი კიდევ ერთხელ ამბობს  უარს  ამქვეყნიურ, ფიზიკურ კეთილდღეობაზე სულისმიერი, ეროვნული აღორძინების სახელით. აღორძინება კი განახლებასა და საკუთარი ჭეშმარიტი მეობისაკენ დაბრუნებას ნიშნავს.“

თუ როგორ შეაძლებინეს ეს ერსა და პრეზიდენტს, სახეზეა: ერის ნება თავისუფლებისათვის ბრძოლაში დათრგუნულია, ხოლო პრეზიდენტი - ფიზიკურად განადგურებული.

 

საქართველო, როგორც სახელმწიფო, არასდროს მდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან ყოველთვის ახერხებდა, გამოეძებნა გადარჩენის გზა.

ბრალმდებელიც ვარ და ამავე დროს ვტირი, როგორც ერთ-ერთი ჭირისუფალი ქვეყნის, ერის, დაღუპულ-გადაკარგული ბიჭების, დაკეტილი ჭიშკრების, მიტოვებული სოფლების, დაკარგული ტერიტორიების, შებღალული ტრადიციების გამო.

1990 წლის 19 მაისს ქუთაისში, თეატრის წინ გამართულ მიტინგზე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბრძანებით, თავს დაესხნენ ბატონ ზვიად გამსახურდიას. სწორედ მაშინ, იმ დღეს, აგუგუნდა ათიათასობით ადამიანი: „ზვი-ა-დ-ი.“ ეს არ იყო ერთი კაცის პატივისცემა, ეს იყო ამაყი ხალხის ნება თავისუფლებისათვის ბრძოლაში, უკან კი ისმოდა ავისმომასწავებელი ხმა: „დაჰკარით!“

მაშინ, დაზაფრულმა, ერთი და იგივე გავიმეორე ხმამაღლა: „მე მეშინია, ხალხო!“

ეს იყო გუშინ, ისტორიისათვის ერთი წამიც არ არის მას შემდეგ.

კონსტანტინე გამსახურდია წერდა: „ქართველი ხალხი, როგორც სახელმწიფო მშენებლობის მასალა, ძლიერ კარგია, მაგრამ მისი მეთაური ინტელიგენცია ბევრ შემთხვევაში უღირსი აღმოჩნდა ერის ბელადობისა.“

ამ სიტყვების დასტურია 1992 წლის 7 მარტს შევარდნაძის მეორედ მოსვლის დროს გადახდილი მადლობა იმ ინტელიგენციის, ახალგაზრდობის მიმართ, იარაღით რომ დაამხეს კანონიერი ხელისუფლება; სიგუას ტრაბახი ჟურნალ „გუმბათში“ - ინტელიგენცია და საპატრიარქო მხარს გვიჭერდაო; მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის აღიარება: „ინტელიგენციამ ძალადობაში მონაწილეობა მხოლოდ მიტინგებზე წივილ-კივილის სახით მიიღო... საჭიროების შემთხვევაში არც ძალის გამოყენებას მოვერიდებოდიო“ („ახალი თაობა“. 1999 წ 26/VII). და, ვინ იცის, რამდენი უბედურების გახსენება შეიძლება.

მრავალსაუკუნოვანი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გზაზე საქართველო მეოცე საუკუნეში ორი დილემის წინაშე დადგა. ეს იყო ბოლშევიკური რევოლუცია და ბოლშევიკური დემოკრატია. ორივე საბედისწერო აღმოჩნდა.

რევოლუციის სახელით გავარდა ბერდანკა წიწამურში, რამაც ვაჟა-ფშაველას ათქმევინა: „მხოლოდ საწყალს, უბადრუკს, უბადრუკი შვილების პატრონს საქართველოში შეიძლება ამისთანა მკვლელობა.“

რევოლუციის სახელით დაიკარგა ნანატრი დამოუკიდებლობა...

1921 წლის 26 მაისს ბოლშევიკურმა მთავრობამ დამოუკიდებლობა „ზეიმით“ აღნიშნა დროშების გარეშე. ამ დროს დილეგებში პატრიოტებს ხვრეტდნენ. ჯალათობაზე უარი უთქვამთ თვით რუსებსაც კი და ჩინელები დაუქირავებიათ.

თანამედროვეების ნაამბობიდან ცნობილია, რომ საფიჩხიის გადაღმა, წყალწითელას პირზე, ღამით, ქართველ ვაჟკაცებს სიკვდილით სჯიდნენ, თავებს უხეთქავდნენ, დილისათვის კი დანაშაულის კვალი „წაშლილი“ იყო, მაგრამ საძოვარზე გარეკილი საქონელი ბალახს პირს არ აკარებდა, ბღაოდა, სისხლის ოხშივარს გრძნობდაო.

ვერც დემოკრატიამ მოგვიტანა სიკეთე, მის სახელსაც ავაზაკები ამოეფარნენ. სწორედ დემოკრატიის სახელით ესროლეს ნინოს ჯვარს, კანონიერ ხელისუფლებას, წამებულ პრეზიდენტს, ბრძოლით აიღეს ქალაქები. ამ დროს გამოჩნდა ავადსახსენებელ თენგიზ სიგუას „სამხედრო ნიჭი“ - მარყუჟში მოვაქცევთ გამსახურდიას მომხრეებს და გავანადგურებთო. მართლაც ბარბაროსულად თქერავდნენ ე.წ. სამთავრობო ჯარები, „მხედრიონი“ და ათასი სჯულის ვიგინდარები საქართველოს მიწა-წყალს, არბევდნენ მიტინგებს, ხოცავდნენ ადამიანებს. შევარდნაძე, სიგუა, იოსელიანი, კიტოვანი, ყარყარაშვილი და, ვინ მოთვლის, რამდენმა გამოიჩინა თავი „დემოკრატიისათვის“ ბრძოლაში.

უკიდეგანოა რევოლუციის სახელით ჩადენილი დანაშაულობანი, მაგრამ დემოკრატიამ დროს გაუსწრო.

90-იანი წლებიდან არც რუსები გახდა საჭირო და არც ჩინელები. ქართველები ხვრეტდნენ მიტინგებს გენშერების და ბეიკერების თვალწინ, აყალბებდნენ არჩევნებს... რუსი როდიონოვის ნამოქმედარს გაეჯიბრნენ მერაბიშვილი და მისი ზონდერბრიგადები. ასე იყო 2007 წლის 7 ნოემბერს, 2011 წლის 26 მაისს... ზემოთ ითქვა: საქონელმა იგრძნო სისხლის ოხშივარი წყალწითელას პირზე. მაგრამ რუსთაველზე ეს ვერ მოახერხეს მომღერლებმა - ორდენებჩამოსაკიდებლებმა, ორდენებჩამოკიდებულებმა და ხელისუფლების წარმომადგენელთა ცინიზმით სავსე სახეებმა.

არ არის ეს საშიში?!

ავადსახსენებელი შევარდნაძე არსად წასულა, არ გადამდგარა. იგი კვლავ აქტიურად ერევა პოლიტიკურ მოვლენებში, რომლის მთავარი მიზანია არა ქვეყნის გადარჩენა, არამედ - ხელისუფლებისთვის ბრძოლა. მაპატიოს მართლა საუკეთესო პიროვნებამ, ბატონმა ლაშა ნადარეიშვილმა, მაგრამ „ასავალ-დასავალი“ არ უნდა ქცეულიყო პუტჩისტების და შევარდნაძის „საბრძენკაცო“ საშუალებად. იგი, შევარდნაძე, ისევ თამაშობს, როგორც მაშინ, “მოქალაქეთა კავშირის“ პირმშოს - „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ დაუთმო სარბიელი. სააკაშვილმა „ღირსეულად“ გააგრძელა შევარდნაძის გზა. მან ბუმბულგაცლილ ფრინველს დაამსგავსა მოსახლეობის უმეტესობა და გუდაში ჩამწყვდეულ კატასავით დაუკიდა წინ ე.წ. სოციალური დახმარება.

- არ დავიჩოქებო! - დაიკვეხნა შევარდნაძემ სოხუმში და ბოლოს - მე კი არა, საქართველომ დაიჩოქაო. სამაგიეროდ, მას დაუჩოქეს თბილისში. და ასე გადააბარა აფხაზეთი რუსეთს.

- ვერ დამაჩოქესო! - განაცხადა სააკაშვილმა ა.წ. 6 მაისს გორში(!) და მართლაც სთქვა: კი არ დაიჩოქა, იფორთხა და ასე გადააბარა ე.წ. სამხრეთ-ოსეთი და მისი მიმდებარე ტერიტორიები რუსეთს. სამაგიეროდ, გმირად შერაცხეს. ერთ-ერთმა ქალბატონმა „ძლევამოსილი სარდალიც“ კი უწოდა (საუბედუროდ, ქუთაისელმა, „ვარდების“ წყალობით რომ გამდიდრდა. ლ.კ.). ეს მაშინ, ზეიმის ჟამს, როცა ომში დაღუპული ბიჭები უპატრონოდ იხრწნებოდნენ, თუმცა შემდეგ „ბულდოზერებით“ გაუთხარეს საფლავი.

ვინმე სვან გაზდელიანს კაცი უცემია, მშობლიური პარტია ცუდად ახსენაო და სვანობით გაუმართლებია თავისი ქმედება. ნაციონალებმა წინაპართა ძვლები რომ მოუთხარეს, მაშინ არ იყო სვანი?

ქართულ მიწას ჰყიდიან. გამყიდველიც და მყიდველიც ბევრია. ამ მიწაში წინაპართა ძვლებთან (რომლის ამოთხრა არ გაუჭირდა გიორგი ბარამიძეს) თანამედროვეობის გმირებიცაა ჩაფლული: 9 აპრილს დაღუპულები, ზვიადი, მერაბი, უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული მეომრები. ორი დედის გამონათქვამში კივის საქართველო: „საქართველოს სიყვარული არ გაპატიესო,“ - მოსთქვამდა გოჩა ესებუას დედა.

„მე საქართველოსთვის გაგზარდე და შეეწირე კიდეც, რა ეშველება შენი მკვლელების დედებსო!“ - ეს კაკო ელიავას დედის სიტყვებია.

მე მეშინია!

ჩვენ საფლავებსაც გაგვიყიდიან!

„გინდ მგელს შევუჭამივარ და გინდა მგლისფერ ძაღლსო,“ - ნათქვამია.

რა ბედენაა, რუსეთი წამართმევს დამოუკიდებლობას თუ ამერიკა?! აქაც შედარებას მოვიშველიებ:

რუსეთი ებრძოდა ქართულ ენას, უწოდებდა „ძაღლის ენას“, საეკლესიო გალობას - „თხის ბღავილს“... მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ამას მტერი აკეთებდა და წინააღმდეგობას აწყდებოდა.

ქართულ ენას დემოკრატიის სახელით ებრძვის მარიონეტული ხელისუფლება. იგი, ხელისუფლება, სპობს სულიერებას, ბედავს ეკლესიების დანგრევას, მართლმადიდებლობის შევიწროებას, ქართველის ცნობიერებაში ქართულის წაშლას. ამის მაგალითად მარტო ქართულისა და ისტორიის სახელმძღვანელოები კმარა.

ბოდვას ჰგავს საქართველოს ე.წ. პრეზიდენტის გამოსვლა, როცა თავს დავით აღმაშენებელს ადარებს. საინტერესოა, რატომ არ ასწავლა დედამ, რომ დავითი თავს უყრიდა ხელისუფლებაში სულით და ხორცით პატიოსან ხალხს. ზეიმს მაშინ ბრძანებდა, როცა ტერიტორიას აფართოებდა. ჰქონდა „სააჯო კარი“ და მისი დროის სამართალი ეყრდნობოდა მეფურ სიბრძნეს: „მსაჯული მართალ ჰსჯიდე, მსახურთა რისხვა ჰქროდეს, მართალნი ნეტარებდნენ, ცოდვილთ ჰგვემდეს ცეცხლი.“

სად არის სამართალი?

ბოდავდა ე.წ. პრეზიდენტი მაშინაც, როცა ლანძღავდა სამფეროვან დროშას, ჰიმნს, იმიტომ, რომ თავისმა შვილმა ვერ ისწავლა. ახლახან გაიხსენა 1991 წლის აპრილში, მიწისძვრის დროს, უზენაესი საბჭოს მიმართვის ტექსტი მსოფლიოსადმი - გვარჩინეთო. და ეს სთქვა საშინელი ცინიზმით. არ აღიარებს იგი 9 აპრილს, როგორც დამოუკიდებლობის დღეს, რითაც შეურაცხყოფს კანონიერ ხელისუფლებას და 9 აპრილს შეწირულებს.

ახლა ილიაობაც მოუნდა, კომპიუტერიზაცია შეადარა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.

არც იცის, არც უნდა იცოდეს, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ქართველობას გვიბრუნებდა, ენას გვიცოცხლებდა, სულს გვიმტკიცებდა.

ჩვენზე მართლა ახდა ესაიას წინასწარმეტყველება: „სარდლებად ბიჭ-ბუჭებს დავუდგენ და ქარაფშუტები იბატონებენ მათზე“.

დღეს ბრძოლაა საჭირო, არა ხელისუფლებისათვის, არამედ - ღირსების აღსადგენად.

საცოდავია არა მარტო ღარიბები, ლუკმა-პურისათვის, საშოვარზე გადახვეწილები, არამედ - მაძღრები, შევარდნაძის ხელდასხმული და მერე სააკაშვილის გამოყენებული გოგო-ბიჭები, ზომიერება მინდა დავიცვა, მაგარმ არ ვიცი, რა დავარქვა ისევ ე.წ. პრეზიდენტის გამოსვლას 2 მაისს ქუთაისში, თეატრში („ჰგავდა“ ხომ 1990 წლის 20 მაისს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ლექციას „გელათის სულიერი მისსია“. ლ.კ.). ხომ არ მიიღო მან მოწყალება რუსეთისაგან, ისე როგორც შევარდნაძემ?

შევარდნაძემ ხელოვნურად შექმნა გალის პრობლემა და ვითომც შემდგომ იქ უზრუნველყო ლტოლვილების დაბრუნება. სააკაშვილმა, ბურჯანაძემ, ოქრუაშვილმა და ძმათა თვისთა ურცხვად შეუცვალეს სახელი კოდორის ხეობას, დაარქვეს ზემო აფხაზეთი, შემდგომ თოფის გაუსროლელად დათმეს. იქნებ ისევ ახალი გმირის მანტიას იზომებს სააკაშვილი. საქართველოს უბედურებით ხელის მოთბობა ხომ ეხერხება (დაბრუნება კი არ არის უბედურება, მისი დაკარგვა იყო).

ქუთაისი. თვალში არ მოსდის საქართველოს ე.წ. ხელისუფლებას მისი ქართული იერი, არც გელათის სულიერი მისსია, არც დავითის და კონსტანტინეს საძვალე და მოსათვინიერებლად პარლამენტი „აჩუქა“. შენობას საფუძველში ბავშვის წმინდა სხეული ჩაატანა. ერთ დროს მშვენიერ, ნიჭიერ, პატრიოტ ახალგაზრდას კაკო ბობოხიძეს ხელში ამერიკული სიმინდის ტარო მისცა და კეთილდღეობის სანაცვლოდ „რუპორად“ გაიხადა.

ქუთაისში „მხედრიონი“ და ე.წ. სამთავრობო ჯარების ტანკებსა და „ბეტეერებზე“ ამხედრებული ჟურნალისტი დაუნდობლად ებრძოდა ეროვნულ ხელისუფლებას, შემდეგ ე.წ. გუბერნატორის თანმხლები იყო, შემდეგ და შემდეგ „აღზევდა“ და პოლიტიკური გაერთიანება „ჩემი საქართველოს“ ლიდერი გახდა (ეხ. რა კარგი წარმოდგენა მქონდა ვალერი გელბახიანზე. ლ.კ.).

ჩვენ წაგვართვეს საქართველო.

საქართველოში პრეზიდენტობა ადვილია. იგი დაწეწილია, დაგლეჯილი. რუსეთსა და ამერიკას შორის განაწილებული, ხელისუფლებაში უნდა იყოს კარგი მონა (თემა „კარგი მონა“ განზოგადდება უთუოდ. ლ.კ.). არჩევნების შედეგს                                              „მეგობარი სახელმწიფოები“ ცნობენ, თუ არჩეული იქნება კარგი მონა.
ამიტომ წამოტივტივდნენ და გააქტიურდნენ: ჩახვაძეები, ქარდავები, ჩიხრაძეები, ბერძენიშვილები და ვინ მოსთვლის.

საქართველოში არჩევნები არ ჩატარდება!

ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბევრი ფული იშოვეს. მათ შეგნებულად გააღატაკეს ხალხი, რომელთა მოსყიდვას, საუბედუროდ, ახერხებენ, ხომ სჩანს ნათლად - ფულიანი რომ გამოჩნდა, ეშინიათ.

არა და, ნაცადი ხერხი აქვთ:

პენსიონერების გამოყენება.

ჯარისკაცებისაგან ორჯერ ხმის მიცემა.

დაზაფრული პოლიციელების ერთგულების იმედი.

ავღანეთში გადაკარგული ბიჭების არა მარტო სისხლის, ხმის გამოყენებაც.

საქართველოში სამოქალაქო ომი დაუშვებელია! არც არსებული ხელისუფლების ხანის გაგრძელება შეიძლება.

მინდა გაგახსენოთ უნგრელი მწერლის მორ იოკაის „გულქვა კაცის შვილებიდან“ ერთი მიმართვა:

„შვილო ჩემო, დადგა დრო, როცა ხალხი იცვლება! ახლა ყოველი ქვაც კი გრძნობს ტკივილს, ბნელ ძალებს უნდათ მოსპონ ყველანი, ვინც თავისუფლებისათვის მახვილი აღმართა, მაგრამ ყალყზე შემდგარ შუბების ტყეს ჰყავს დედა. მას სამშობლო ეწოდება. ის, ყველა ჩვენგანის დედა, მუნჯია, ყვირილი არ შეუძლია და ეს იციან ჩვენმა მტრებმა. მათ იციან, რომ შეუძლიათ, გაამათრახონ, აწამონ, ნაწილ-ნაწილ დააქუცმაცონ...

მაგრამ მტერი არ დაფიქრებულა, რომ ყოველ მებრძოლს შინ დედა ჰყავს.“

გეშინოდეთ უფლის. გახსოვდეთ აბდია წინასწარმეტყველის სიტყვები: „არწივივითაც მაღლა რომ აიჭრა, ვარსკვლავთშორისაც რომ დაიბუდო, იქიდანაც ჩამოგაგდებ, - ამბობს უფალი.“

 

ლია კაცაძე,

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1470
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია