დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ტყეშელაშვილების ოჯახის ტრაგიკული ისტორია
2012/05/14 12:18:50

ბავშვთა სახლიდან დედ-მამით ობოლი სამი პატარას შინ დაბრუნება ვანის გამგეობის ხელშია

 

ტყეშელაშვილების ოჯახის ტრაგედია ვანის რაიონის სოფელ ქვედა ბზვანში ყველასათვის ცნობილია. ამ სოფელში მცხოვრებ სამ არასრულწლოვანს, ხუთი წლის წინ - დედა, ხოლო ოთხი წლის წინ მამა გარდაეცვალა. უპატრონოდ დარჩენილი ძმისშვილების აღზრდა საკუთარ თავზე აიღო ქუთაისში, ერთოთახიან ბინაში მცხოვრებმა დაქვრივებულმა მამიდამ, რომელსაც ქმარი მაშინ გარდაეცვალა, როცა საკუთარი გოგონა ერთი წლის ჰყავდა. ქალბატონი თამარი არჩევანის წინაშე დადგა, დედ-მამით ობოლი პატარები და საკუთარი ობოლი გოგონა ან შიმშილით დაეხოცებოდა, ან ძმისშვილები ბავშვთა სახლში უნდა ჩაებარებინა. ძმისშვილები, ტირილით, ზესტაფონის ბავშვთა სახლში იმ იმედით მიიყვანა, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნებოდა და ბავშვებსაც მალევე გამოიყვანდა. თუმცა, იმის შემდეგ ხუთი წელი გავიდა. თამარის ძმისშვილები ზესტაფონის ბავშვთა სახლიდან ჯავახეთში, ახალქალაქში გადაიყვანეს. მამიდას ძმისშვილების სარჩენი თანხის მოძიება ძალიან ურთულდება, სახსრების არქონის გამო, ბავშვები ბოლოს დეკემბრის დასაწყისში ნახა. იმის შემდეგ კი მხოლოდ ტელეფონით ეკონტაქტებიან ერთმანეთს. 

 

როგორც ქალბატონი თამარი აცხადებს, ბავშვებთან ყოველი სატელეფონო ზარი მათი ტირილით სრულდება და ობლებს იმ იმედით ემშვიდობება, რომ დადგება დრო, როცა მათ საკუთარ სახლში წაიყვანს.

თუმცა პრობლემას პრობლემა ემატება: გარდა იმისა, რომ ყოველდღიური პურის ფული დედ-მამით ობოლი ტყეშელაშვილების მამიდას არ აქვს, ასევე თავად ბავშვების სახლი ვანის რაიონის სოფელ ქვედა ბზვანში მთლიანად ამორტიზირებულია და, როგორც მამიდა, თამარ ტყეშელაშვილი-დვალიშვილი თავად აცხადებს, იქ ცხოვრება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

იგი რედაქციაში გვესტუმრა და მოკრძალებით გვიამბო მისი ოჯახის პრობლემის შესახებ.

- ქალბატონო თამარ, როგორც ვიცი, ბავშვების დაჟინებული მოთხოვნაა, რომ ბავშვთა სახლიდან წამოიყვანოთ. გაქვთ კი ამის საშუალება და შესაბამისი პირობები?

- ყოველი დარეკვისას ბავშვები ტირილისაგან ისტერიკაში მივარდებიან: აქედან წაგვიყვანე, მამიდაო. კარგად გვექცევიან, გვაჭმევენ, გვეფერებიან, მაგრამ აქ მაინც არ გვინდაო. არ ვიცი, რა ვქნა, როგორ მოვიქცე! მეშინია, ბავშვებმა ფსიქოლოგიური ტრამვა არ მიიღონ, მაგრამ სად წავიყვანო? მე ერთოთხანი ბინა მაქვს ქუთაისში, ხოლო მათი სახლი სოფელში ძალიან დაზიანებულია. შიგნით, ფაქტობრივად, ვერ შეხვალ, წყალი ზემოდანაც ჩამოდის და ქვემოდანაც ამოდის, მეშინია, ბავშვებს სახლში რომ შევიყვან, არ ჩამოინგრეს და არ დამეხოცოს ძმისშვილები.

- რას ამბობენ თავად ბავშვები, რატომ მოითხოვენ ასე დაჟინებით სახლში წამოსვლას?

- არაფერი არ ვიცი, იძახიან, რომ ყველანაირად კარგად გვექცევიან, მაგრამ მაინც სახლში გვინდაო. ამას წინათ პატარა გოგონას ველაპარაკე, გახარებული იყო, ლამაზი კაბა მიყიდესო, მეც ძალიან გამიხარდა - მგონი, შეეჩვია ყველაფერს და შეუყვარდა იქაურობა-მეთქი, თუმცა მეორე დღეს ისევ დამირეკა. მე არ ვიცი, როგორ ტიროდა და მემუდარებოდა ბავშვი, ძალიან გთხოვ, წამიყვანე აქედანო. ვეღარ ვძლებთ ვერცერთიო, წაგვიყვანე და სოფელში საჭმლის ფულს ჩვენ თვითონ გამოვიმუშავებთო. საჭმელსაც ჩვენი ხელებით გავიკეთებთ, ოღონდ აქედან წაგვიყვანეო. უფროსი 13 წლისაა, მთლად უმცროსი კიდევ 9 წლის.

- თუ მიმართეთ ვინმეს დასახმარებლად?

- მსგავს მდგომარეობაში არ ყოფილა ადრე ეს სახლი. თუმცა ორი წლის წინათაც არ გამოიყურებოდა სახარბიელოდ და მივმართე ვანის რაიონის გამგეობას. არანაირი რეაგირება არ მომხდარა. არადა, დღეს უკვე რა ვქნა, არ ვიცი, მე კაპიკის საშუალება არ მაქვს, ეს სახლი კი დღე-დღეზე დაინგრევა, თუ არ შეკეთდა, ან რაიმე არ გაუკეთდა.

- თუ ვინმე არ დაგეხმარათ, რას აპირებთ?

- არაფერი არ ვიცი. ძალიან მინდა, შევეხვეწო ყველას, რომ დამეხმარონ. ბავშვები ფსიქოლოგიურად მინადგურდებიან. დღეებს ითვლიან, რომ წამოვიყვანო და თავიანთ სახლში გაირბინ-გამოირბინონ. სულს ლევენ საკუთარ სახლზე. თქვენ უნდა ნახოთ, იქიდან როცა მომყავს ზოგჯერ, საახალწლოდ, როგორ დღეში არიან. ლამის მანქანას ასწრებენ, ისე უხარიათ. ხან მეზობელთან გადავლენ გახარებულები და ხან რას აკეთებენ და ხან რას.

 

***

შესაძლებელია თუ არა ვანის რაიონის სარეზერვო ფონდიდან აღნიშნული ოჯახის დახმარება, დედ-მამით ობოლი ტყეშელაშვილების სახლის შეკეთება? ამ კითხვით ვანის რაიონის გამგებელს, ზურაბ გეგიძეს დავუკავშირდით, რომელმაც უშუალოდ სოციალური სამსახურის უფროსთან, ბესარიონ მიქელაძესთან გადაგვამისამართა.

აღნიშნული ოჯახის პრობლემების შესახებ ჩვენ ინფორმირებულები არ ვართ. ჩვენ, შესაძლებლობების ფარგლებში, სიამოვნებით დავეხმარებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც უჭირს. ასე რომ, აღნიშნული საკითხით ჩვენ ახლავე დავინტერესდებით და ამ კონკრეტულ ოჯახს დახმარებას გავუწევთ,“ - განაცხადა ბესარიონ მიქელაძემ.

თუ დაპირება დაპირებად არ დარჩა, ტყეშელაშვილების ოჯახს სულ მალე რეაბილიტირებული სახლი ექნება. გაზეთი „P.S.“ მომავალში აუცილებლად გიამბობთ, რამდენად მიიტანს გულთან სამი ობოლის გაჭირვებას ვანის გამგეობა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1391
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია