დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ყველა მძღოლი, ვინც ბენეფიციარს ავტობუსს არ გაუჩერებს, კანონით ისჯება
2012/05/14 12:16:33

არაერთხელ მომხდარა, რომ ხანდაზმულ ბენეფიციარს, რომელიც წუთებს ითვლის, რომ  სათნოების სახლს ესტუმროს და მისთვის განკუთვნილი თბილი ულუფა მიირთვას, ავტობუსის მძღოლი მხოლოდ იმის გამო ეჩხუბება, რომ ავტობუსში სწრაფად ასვლა არ შეუძლია. ხშირ შემთხვევაში მძღოლები არც კი იწუხებენ თავს, რომ შეუძლოდ მყოფ მოხუცებულს ავტობუსი გაუჩერონ.

 

 

ერთ-ერთმა მოხუცებულმა, რომელიც ძალიანაა შეწუხებული ამ ფაქტით, ცრემლიანი თვალებით გვიამბო: „მე უპატრონო ქალი ვარ, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი. არც პროდუქტის ყიდვის ძალა შემწევს და არც კერძის მომზადების, ამიტომ ჩემი ერთადერთი „სულისმოთქმა“ სათნოების სახლია, სადაც თბილი ლუკმა მელოდება. უგულო მძღოლები კი ხშირად იმის გამო არ მიჩერებენ, რომ მასავით ახალგაზრდა აღარ ვარ და სწრაფად ვერ ვმოძრაობ. რატომ არ ფიქრობენ, რომ ისინიც მოხუცდებიან? მეც ვიყავი ახალგაზრდა, მათსავით ლამაზი და მოხდენილი. რა ასაკისაც არ უნდა იყო, ელემენტარული ყურადღება ყველას სჭირდება, რადგან ასაკს ხომ თავისი ხიბლი აქვს?“

გაზეთი  „P.S.“ ზუსტად იმ დროს ესტუმრა სათნოების სახლს, როცა მოხუცები სადილობდნენ. ჩვენც მყუდროება არ დავურღვიეთ და პირდაპირ სათნოების სახლის დირექტორს მივმართეთ, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის აღმოფხვრა.

„ჩვენ დღითიდღე ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ აქ პირობები, 30 ოჯახს კერძის ადგილზე მიტანით ვემსახურებით, 6-დღიანი კვება გავხადეთ 7-დღიანი, 650 ბენეფიციარი გვყავდა, დღეს 700-მდე გვყავს. ტრანსპორტირებას რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს სპეციალური, უფასოდ მგზავრობის ტალონები, რომლებიც მხოლოდ ავტობუსებში მოქმედებს. თუმცა მძღოლი რამდენად ადამიანურად მოიქცევა და გააჩერებს, მის გულისხმიერებაზეა დამოკიდებული. მეც მსმენია მსგავსი ფაქტი, რასაც შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვა, მძღოლი გააფრთხილეს. ამის შემდეგ რამდენად სინდისიერად ასრულებენ ამ ყველაფერს, ამაზე ვერაფერს ვიტყვი,“ - აღნიშნა ბატონმა ოლეგ კაკურიამ.

ბენეფიციართა ტრანპორტირების პრობლემა აშკარად არსებობს და, შესაბამისად, გადამჭრელი ზომებიც უნდა გამოინახოს, ამიტომ მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსს ვალერი კლდიაშვილს მივმართეთ.

„მსგავსი ფაქტის შესახებ პრეტენზიები ჩვენამდე არ მოსულა. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა მოქალაქემ მოგვმართა თხოვნით: მას ჰქონდა ვადაგასული უფასოდ მგზავრობის საშვი, რომელიც მალევე აღვუდგინეთ. ხოლო თუ მძღოლი არ გაუჩერებს ბენეფიციარს, ძალიან მკაცრ ზომებს მივმართავთ. საკმარისია, ერთმა ბენეფიციარმა მაინც მოგვმართოს განცხადებით და იმავე დღეს, მძღოლი, რომელიც არაკეთილსინდისიერად მოემსახურა პენსიონერს, ინვალიდს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ბენეფიციარის უფასოდ მგზავრობის ტალონით სარგებლობს, მოიხსნება სამსახურიდან.

ჩვენ ვმართავთ თათბირებს, რომ მსგავს პრეტენზიებს ადგილი არ ჰქონდეს. ეს პირდაპირ კანონის დარღვევად ითვლება.“ - განმარტა ვალერი კლდიაშვილმა.

 

ხატია გორგოძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1432
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია