დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საკონსტიტუციო ცვლილებაზე ისევ დავობენ
2012/05/14 12:15:57

საქართველოს საკანონმდებლო ორგანო ბოლო დროს „სამომავლო“ ცვლილებებს განიცდის. ამჯერად საკონსტიტუციო პაკეტის ფორმულირება ისევ შეიცვალა: ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში პოლიტიკური აქტიურობის უფლებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის ფორმულირება მოხდება.

 

 

დოკუმენტი იმ შინაარსით ჩამო-ყალიბდა, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებს შემდეგი შინაარსის ახალი მუხლი ემატება: „2014 წლის პირველ იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებულნი არიან აქ, ბოლო 10 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.“

საკონსტიტუციო ცვლილებების აქამდე არსებული ვარიანტი კი ასეთი იყო: „2015 წლის პირველ იანვრამდე ამ კანონით გათვალისწინებული პასიური და აქტიური საარჩევნო უფლებით საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ასევე სარგებლობენ პირები, რომლებიც დაბადებულნი არიან საქართველოში, ათი წელი უცხოვრიათ და ბოლო სამი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.“

საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას და საქართველოში 10-წლიანი ცხოვრების პირობას მოითხოვს. პარლამენტის გასული კვირის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა:

„ქრისტიან-დემოკრატების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ცვლილებებს მხოლოდ ერთი პირობით დავუჭერთ მხარს. პირდაპირ ჩავწეროთ, რომ ეს ნორმა 2014 წლის პირველ იანვრამდე იმოქმედებს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე. ამასთან, ცვლილება უნდა გავრცელდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც საქართველოში არიან დაბადებული და აქ ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოვრობენ. ქრისტიან-დემოკრატები ბოლო სამ წელს გვთავაზობენ,“ - აღნიშნავს პავლე კუბლაშვილი.

პარტია „ჩემი საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე ვალერი გელბახიანი კი ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთ განცხადებას აკეთებს: „საქართველოს პარლამენტმა გამოაქვეყნა კონსტიტუციური ცვლილებები ისე, რომ საზოგადოებრივი განხილვის შედეგად არსებითი ცვლილებები არ იქნა გათვალისწინებული, პარლამენტმა თვითნებურად, არსებითად გააფართოვა და დიამეტრალურად შეცვალა კონსტიტუციური ცვლილებების იურიდიული და პოლიტიკური შინაარსი. კერძოდ, პარლამენტის წევრად კენჭისყრის უფლება მიეცა ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეებს, მაგრამ დაემატა შეზღუდვა, რომელიც უპრეცენდენტოა დემოკრატიული სისტემისთვის. დამტკიცებული რედაქციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს არ აქვს უფლება, იყაროს კენჭი პარლამენტში, თუ მას ბოლო ათი წელი არ უცხოვრია საქართველოში. ამ ფორმულირების თანახმად, თუ პირი სასწავლებლად ან სამუშაოდ წავა ერთი წლით უცხოეთში, ერთწლიანი წყვეტა მოიცავს 19 წელიწადს. ამ შეზღუდვით პოლიტიკური უფლება ჩამოერთმევა  ყველა სტუდენტს, ვინც უცხოეთში სწავლობს და ემზადება სამშობლოში პოლიტიკური ცხოვრების დასაწყებად. ამ შეზღუდვით არაა გათვალისწინებული, როგორი წესით უნდა განისაზღვროს მუდმივი ცხოვრების ცენზი და ნიშნავს თუ არა სამი თვით ქვეყნის დატოვება საცხოვრებელი ცენზის დარღვევას. თუ საქართველოს პარლამენტი ამ დაუსაბუთებელ და დისკრიმინაციულ შეზღუდვაზე უარს არ იტყვის, სასწრაფოდ მისაღებია კანონი „საარჩევნო ცენზის განსაზღვრისა და გამოანგარიშების შესახებ,“ - აცხადებს ვალერი გელბახიანი.

საქართველოში ათწლიანი ცენზის შეუხებლობაზე საუბრობს „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. „საქართველოში ცხოვრების ათწლიანი ცენზი ვერ შემეხება, რადგან ქვეყანაში 2004 წლიდან ვცხოვრობ და 2005 წლიდან გადასახადებს ვიხდი, როგორც მობინადრე. რაც საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით ხდება, ეს კონსტიტუციის შეურაცხყოფაა. სააკაშვილს ჰგონია, რომ იმ მაქინაციებით, რაც ახლა პარლამენტში ხდება, სახეს შეინარჩუნებს. არცერთი ნორმალური ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს თავის კანონებს და ხალხს, არ უშვებს მსგავს პრეცედენტს და იმას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს მისცეს პოლიტიკური ცხოვრების უფლება,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

არჩევნებამდე როგორც ჩანს კიდევ უნდა ველოდოთ საკანონმდებლო ორგანო რა ცვლილებებს შემოგვთავაზებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1489
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია