დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სამტრედიის მრავალპროფილურ ცენტრს კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატურა შეემატა
2012/05/07 11:56:49

გვყავს გამოცდილი კადრები, რომლებიც მაქსიმალურად ზრუნავენ პაციენტებზე

გასული წლის ბოლოს, სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ სამტრედიაში შპს „ჯეოჰოსპიტალის“ სამტრედიის მრავალპროფილური ცენტრი დააფუძნა. საავადმყოფოს ოფიციალურ გახსნას  საქართველოს პრეზიდენტი სტუმრობდა. მან პირველ პაციენტს, მშობიარესა და ახალშობილს საჩუქრები გადასცა.  

ევროსტანდარტების შესაბამისად მოწყობილ და მაღალტექნოლოგიურ დონეზე აღჭურვილ საავადმყოფოში მედპერსონალიც საუკეთესო სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული.

ჩვენ ვესაუბრეთ  მთავარ ექიმს, ბატონ ირაკლი ლაღიძეს, რომელსაც სერიოზული პროფესიული გზა აქვს გავლილი.

- უმაღლესი განათლება ყაზახეთში მივიღე, სადაც ვმუშაობდი ზოგადი ქირურგიის კათედრაზე, - გვიამბობს ბატონი ირაკლი. - შემდეგ ქუთაისში, ოთარ ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სარეაბილიტაციო სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრში ვიმუშავე ქირურგად. მოგვიანებით გერმანიაში, ერთ-ერთი წამყვანი საავადმყოფოს ქირურგი ვიყავი. გერმანიიდან ისევ ქუთაისში დავბრუნდი, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ცენტრში - ქირურგად. შემდეგ ორი წელი პეტერბურგში, მე-4 საავადმყოფოს ქირურგი გახლდით. 2006 წლიდან, აქ გადმოსვლამდე, კლინიკა „LG“-ჯიში ქირურგად ვმუშაობდი. ამჟამად იმერეთში „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კოორდინატორი ვარ.

136 თანამშრომელი გვყავს. საავადმყოფო არის მრავალპროფილური. წარმოდგენილია ქირურგიული დეპარტამენტი, რომელიც აერთიანებს უროლოგიას, ტრავმატოლოგია-ორთოპედიას, ზოგად და ბავშვთა ქირურგიას, პროქტოლოგიას და ანგიოქირურგიას. გვაქვს თერაპიული განყოფილება-კარდიოლოგია, ნევროლოგია, პედიატრია; სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტი, რეანიმაციული განყოფილება - 6 საწოლზე, ერთი ბავშვთა რეანიმაცია. შემიძლია ვთქვა, რომ სადიაგნოსტიკო საშუალებების სრული სპექტრი გვაქვს. ექოსკოპია და ენდოსკოპია ულტრათანამედროვე აპარატურით ხორციელდება. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ენდოსკოპიური მეთოდით სანაღვლე გზების კონტრასტულ გამოკვლევებს.

თვის განმავლობაში საავადმყოფოში 70-ზე მეტი სხვადასხვა სახის ოპერაცია კეთდება. როგორც მთავარი ექიმი ამბობს, ეტაპობრივად, წინასწარ შედგენილი გეგმით ვითარდებიან და ახალ-ახალ სერვისს სთავაზობენ პაციენტებს.

- სამტრედიაში ხარისხიანი სერვისი არ არსებობდა. ის მხოლოდ ცენტრალურ ქალაქებში იყო ხელმისაწვდომი - განაგრძობს ბატონი ირაკლი, ახლა კი ჩვენ სამტრედიის მოსახლეობას ვთავაზობთ მაღალ ხარისხსა და პროფესიონალიზმს. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ სამედიცინო დაწესებულების წარმატებული ფუნქციონირება დამოკიდებულია უპირველესყოვლისა მედპერსონალზე, თანამედროვე აღჭურვილობასა და ხარისხიან მენეჯმენტზე. ჩვენს მრავალპროფილურ ცენტრში სამივე კომპონენტი წარმოდგენილია, რაც ერთგვარად წარმატების გარანტია.

ამავე დროს აღსანიშნავია, რომ „ჯეოჰოსპიტალის“ მრავალპროფილურ ცენტრში მომსახურების ფასებიც 20-30%-ით ნაკლებია ცენტრალური ქალაქების კლინიკებთან შედარებით.

 საერთოდ, იცით, რა ხდება? - მარტო ძვირადღირებული აპარატურა ვერაფერს წყვეტს, ალეგორიულად რომ შევადაროთ, ნოტებზე დაწერილ ლამაზ მუსიკას ადამიანი ვერ შეასრულებს, თუ მას  შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია არ გააჩნია. ჩვენთან მუშაობენ  წარმატებული და მაღალკვალიფიციური ადგილობრივი ექიმები. ასევე, ვთანამშრომლობთ დედაქალაქში მოღვაწე ისეთ გამორჩეულ სპეციალისტებთან, როგორებიც არიან რადიოლოგები ოთარ ტატიშვილი და გრიგოლ ნემსაძე.

 

 

***

აქვე გაცნობებთ, რომ საავადმყოფოში კიდევ ერთი სიახლეა: ხდება კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევა. „ჯენერალ ელექტრიქსის“ თანამედროვე აპარატით შესაძლებელია ადამიანის ორგანიზმის ყველა ნაწილის  და ორგანოს კომპიუტერული შესწავლა. ასეთი აპარატურა სამტრედიაში პირველია, და აქამდე არასდროს ყოფილა. საავადმყოფოს ხელმძღვანელობა უახლოეს დღეებში კიდევ ერთ დაპირებას შეასრულებს. სულ მალე ე.წ. უსისხლო ოპერაციების ჩატარება  გახდება შესაძლებელი. აპარატურა გერმანიიდან და ამერიკიდან ჩამოვა. სხვადასხვა სახის ქირურგიული, უროლოგიური და გინეკოლოგიური ოპერაციები კვეთის გარეშე მოხდება. ეს არის ლაპარასკოპიური,  მინიმალ-ონვაზიური ქირურგია ანუ როგორც ხალხშია ცნობილი, „უსისხლო ოპერაცია“.  სამომავლო გეგმებში ნეიროქირურგიაც შედის.

საავადმყოფოში სოციალურად დაუცველ პაციენტებსაც შეხვდებით. როგორც ბატონი ირაკლი ამბობს, პაციენტების დაფინანსების საკითხი მათივე სადაზღვეო კომპანიებთან შეთანხმებით წყდება.

- ამ საკითხში მნიშვნელოვანი ისაა, რომ გვაქვს ერთიანი, მძლავრი, ცენტრალიზებუური საკომუნიკაციო ქსელი - შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით. რისი მეშვეობითაც, ნაკლები დროის და ნერვების დანახარჯით, პაციენტები მიიღებენ პოლისის პირობებით გათვალისწინებულ მომსახურებას.

***

საავადმყოფოს თერაპევტის, რუსუდან ჭკუასელის თქმით, მას სამტრედიის ყოფილ რაიონულ საავადმყოფოსთან შედარებაც კი უჭირს:

- კადრები კარგი იყო, მაგრამ შენობა - ამორტიზებული. იმ საავადმყოფოს პროფესიონალების სერიოზული ბირთვი ჰყავდა, მაგრამ რაკი ტექნოლოგიები მოძველებული იყო, ეს ყველაფერი როგორც ექიმზე, ისე პაციენტზეც აისახებოდა. ასეთი კლინიკა ჩვენი დიდი ხნის ოცნება იყო. ყველაფერი დადებითად შეიცვალა, ადამიანურ პირობებში ვართ, არის კომფორტი, გვყავს არაჩვეულებრივი ხელმძღვანელობა. ნამდვილად რომ ექიმად ვგრძნობ თავს. ტარდება ყველა სახის გამოკვლევა. პაციენტების სიმრავლეც შეიმჩნევა. მყავს 80-90-მდე ამბულატორიული პაციენტი, ასევე არიან სტაციონალურიც.

ზურაბ გვაზავა, სამეანო-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:-

- სამტრედიის ყოფილ სამშობიარო სახლში ნამყოფი ვარ. იქ არანაირი თანამედროვე დანადგარი არ იყო, არც რეამინაცია, ანესთეზიურ-რეანიმაციური განყოფილებაც არ არსებობდა. ახლა გვაქვს სრულყოფილი განყოფილება. შესაბამისად, ორსულების და გინეკოლოგიური პაციენტების რიცხვმაც იმატა. 4 თვის განმავლობაში 1000-ზე მეტი პაციენტი გვყავდა, 720 - ამბულატორიული, ხოლო დანარჩენი - სტაციონალური.  მოსახლეობას ვთავაზობთ მაღალ ხარისხს ხელმისაწვდომ ფასებში. დღეს უკვე პაციენტებს შეუძლიათ, რაიონიდან გაუსვლელად ადგილზე მიიღონ ყველანაირი სრულფასოვანი მომსახურება. გვაქვს ძვირადღირებული აპარატები.

გურამ მშვიდობაძე, ნევროლოგი: მე ძველი საავადმყოფოდან გადმოვედი და შედარებაც არ შემიძლია, აქ იმდენად მოწესრიგებულია ყველა სისტემა. განსაკუთრებით მისასალმებელია კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილება. ძალიან კარგი ხელმძღვანელობა გვყავს. აქ პაციენტს თავმდგმური არ ადგას თავზე. არც მედიკამენტის შემოტანა უწევთ.

თამარ ლოლაძე, პედიატრი: ასეთ მოწესრიგებულ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობაზე, მე მგონი, ნებისმიერი ექიმი იოცნებებდა. ზოგჯერ მგონია, რომ სადღაც, ევროპაში ვარ და არა - სამტრედიაში. პაციენტებიც მრავლად გვყავს, სტაბილურად სერიოზული დატვირთვაა. ვმუშაობთ 24 საათის განმავლობაში. გამოკვლევა  დღის ნებისმისერ დროსაა შესაძლებელი. ჩვენი ხელმძღვნელობა კარგადაა ჩახედული ამ სფეროში. შესაბამისად, კოლექტივიც ერთ გუნდად შეიკრა. ყველაფერი მობილურია და ცოცხალი ორგანიზმია. ვემსახურებით პაციენტებს და გვიყვარს ჩვენი ავადმყოფები.  უნდა ითქვას, რომ ღია თვალებით გვძინავს.

მალხაზ ძოწენიძე, რეანიმაციული განყოფილების გამგე: პაციენტებზე დაზღვევაც მოქმედებს. უფასოდ ისეთი ოპერაციები კეთდება, რომლებიც ძვირადღირებულია. თანამედროვე აპარატებიდან გვაქვს ამერიკული წარმოების აპარატები, 5 ხელოვნური სუნთქვის აპარატი, რაც რეანიმაციას ესაჭიროება, ყველაფერი სრულყოფილად გვაქვს. ვფლობთ ყველა სახის გაუტკივარების მეთოდს ყველა ასაკის ადამიანებში.

მიუხედავად იმისა, რომ რეანიმაციაში უმძიმესი ავადმყოფები არიან,  უმეტესობა გამოჯამრთელებული მიდის სახლში და კმაყოფილებას ვერ ფარავენ. ინფექციონისტ მანანა შენგელიას თქმით, საავადმყოფოში ყველანაირი კვლევის თანამედროვე მეთოდებია. პირობებიდან გამომდინარე, პაციენტების მოზიდვაც დიდია და ნდობასაც უცხადებენ ექიმს. ძველ საავადმყოფოში საკუთარი მედიკამენტით უნდა მისულიყო პაციენტი, აქ კი პაციენტს არ სჭირდება არაფრის შემოტანა.

- საავადმყოფო 24 თებერვალს დეკანოზმა ვახტანგ მაღლაკელიძემ აკურთხა. ოფიციალური გახსნა ნიკოლოზობას დაემთხვა. ეს ყველაფერი დიდ მადლთან არის დაკავშირებული, - ამბობს საავადმყოფოს მენეჯერი კახა მეფისაშვილი.

რაც შეეხება პაციენტების დამოკიდებულებას, როგორც ისინი ამბობენ, სამტრედიაში მსგავსი სამედიცინო დაწესებულება, თანამედროვე აღჭურვილობით, სისუფთავით და ვიზუალურობით ასე გამორჩეული, - არ არსებობდა. დღესდღეობით რომ ასეთი მაღალი დონის სამედიცინო მრავალპროფილური ცენტრი არსებობს სამტრედიაში, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ და ჯეოჰოსპიტალის“ დამსახურებაა. სამტრედიაში კი არა, რომელიმე უცხოურ წამყვან კლინიკაში გეგონება თავი. მთავარი ექიმიც ძალიან გულისხმიერია. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი პროფესიონალი და კარგი ადამიანები! - გვითხრეს კმაყოფილმა პაციენტებმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1781
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია