დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
როგორ გაიარა დავრდომილმა გოგონამ ფეხზე 15 წლის წინათ
2012/04/23 12:09:10

მართლმადიდებლურ სამყაროში ბევრი ხილული სასწაული რომ ხდება, დიდი ხანია, საკამათო აღარაა. საეკლესიო სწავლების მიხედვით ღვთაებრივ მინიშნებებს უფალი ადამიანებს რწმენაში განსამტკიცებლად მოუვლენს. ბედნიერია ის, ვისაც ამ მადლის მიღების ნიჭი აღმოაჩნდება. ერთ-ერთი სასწაული 1997 წელს ქუთაისში მოხდა, როდესაც დავრდომილმა ნინო მხეიძემ ფეხზე გაიარა.

 

ინტერვიუზე ძლივს დავითანხმე, მხოლოდ მაშინ გამესაუბრა, როცა ბერმონაზონ მამა იოსებისაგან (ბურჯანაძე) მიიღო ლოცვა-კურთხევა. ჩვენი საუბარი ნინოს ბინაში შედგა, კლინიკურ საავადმყოფოსთან ახლოს, მაისურაძის ქუჩაზე.

 

- ნინო, როგორ დაიწყო სასწაულები შენს ცხოვრებაში?

- 1996 წლის 12 მარტი იყო, სახლში ვსაქმიანობდი და უეცრად გული წამივიდა. როდესაც ექიმთან მივედი, ჩათვალა, რომ ეს იყო ეპილეფსიის ნიშნები. თუმცა, ასეთი რამ არასოდეს დამმართნია. დამინიშნეს ეპილეფსიის წამლები. რამდენიმე დღეში, დამეწყო საშინელი თავის ტკივილი. გადაწყვიტეს ჩემი თბილისში გადაყვანა, ნევროლოგიურ საავადმყოფოში. დაჯდომა არ შეიძლებოდა და დაწოლილ მდგომარეობაში წამიყვანეს. ჩვენს მანქანას უკან მოჰყვებოდა მეორე მანქანა, სადაც ჩემი ოჯახის წევრები და ახლობლები ისხდნენ.

მგზავრობის დროს, უეცრად გამოვეთიშე საყმაროს და ვნახე ხილვა... მივდივარ ულამაზეს მინდორში, სადაც ენით აღუწერელი სილამაზეა. ვერც ერთი მხატვარი ვერ დახატავს იმ სილამაზეს, რაც იქ ვნახე. ჩემს მარჯვნივ აღიმართა ოთხი თეთრი, გვირილის მსგავსი ყვავილი, მარცხნივ - ოთხი შავი ყვავილი, მივდივარ ბილიკზე და ყვავილებიც მომყვებიან. ვფიქრობ, მე ხომ თბილისში მივდიოდი, ნეტავ ჩემები სად არიან? ბილიკის ბოლოს ვხედავ მყინვარსვეტს, რომელიც საოცარ ფერებს ირეკლავს. გავიფიქრე, გავივლი ბილიკს და, ალბათ, ის სვეტთან არიან ჩემები-მეთქი.

უეცრად, ატყდა ჯექა-ქუხილი. შეშინებული მუხლებზე დავემხვე, ვლოცულობ: ღმერთო, მიშველე!

ჭექა-ქუხილი შეწყდა, ნელ-ნელა თვალი გავახილე და ჩემს წინ ვიხილე მაცხოვარი, რომელმაც ხელი გამომიწოდა და წამომაყენა. ჩემს მარცხნივ რომ ოთხი შავი ყვავილი იყო, რაღაც ძალით თავისკენ მიზიდავდნენ, მაგრამ მაცხოვარმა თავზე ხელი დამადო და მითხრა: ნუ გეშინია, ნინო! შენს მარჯვნივ რომ ოთხი თეთრი ყვავილია, ეს ოთხი ანგელოზია, ორი შენს მანქანას მფარველობს, რომელშიც ზიხარ და ორი - შენ რომ მანქანა მოგყვება მას. მეც შენთან ერთად ვარ. ხელში წმინდა გიორგის ხატი მომცა და მითხრა, სადაც მიდიხარ, ყველგან ეს ხატი დაგხვდება და დაგიცავს. მე ვეუბნები: უფალო, მე ხომ შენ მიყვარხარ და შენი ხატი მინდა! მაცხოვარმა მითხრა: ნინო, წმინდა გიორგი მახვილს ჩასცემს შენს ავადმყოფობას. უეცრად ხატი ხელიდან გამივარდა. ვყვირი: უფალო, ხატი დავკარგე, ჩემი ხატი! და ჩემმა ხმამ გამომაფხიზლა.

ყვირილი ჩემებმაც გაიგეს და შეშინებულები მიყურებდნენ. მოვუყევი, რაც მოხდა, მაგრამ ჩათვალეს, რომ მომაკვდავი ვიყავი და მიცვალებულები მესიზმრებოდა.

ჩავედით თბილისის ნევროლოგიურ საავადმყოფოში. რომელი კარიც შევაღეთ, ყველგან წმინდა გიორგის ხატი დაგვხვდა. გამომიკვლიეს თავი, გავიარე სრული შემოწმება. ყველაფერი ნორმალურად იყო. მაგრამ პირადმა ექიმმა საჭიროდ ჩათვალა, რაკი თავის ტკივილები მქონდა, წამლების დოზა გაეორმაგებინა. ხოლო თუ შედეგს ვერ მიიღებდნენ, იმ შემთხვევაში, თავზე გამიკეთებდნენ ოპერაციას და გაიგებდნენ შიგნით რა ხდებოდა. ერთი წლის მანძილზე დავდიოდი ექიმებთან, საავადმყოფოდან - საავადმყოფოში. 1997 წლის 4 მარტს, ავადმყოფობიდან ერთი წლის თავზე, დამემართა ისტერიული დამბლა, მოვწყდი წელს ქვემოთ.

ორმოცდაათი დღე ვიყავი საწოლს მიჯაჭვული. ღმერთს იმას ვევედრებოდი, რომ არ მოვმკვდარიყავი და შვილების გაზრდას მოვსწრებოდი. ყოველ დღე ახალ აღთქმას ვკითხულობდი და ვლოცულობდი. ხშირად მქონდა ხილვები. იმის ნიშნად, რომ ოჯახის წევრებს ერწმუნათ, მათ თვალწინაც ბევრი სასწაული ხდებოდა.

მოდიოდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ჩემი მეუღლე გეგმავდა, პირველად ვის საფლავზე უნდა გავსულიყავით. მე დაწოლილი ვარ და ვფიქრობ: „ეჰ, მე ხომ დედაჩემის საფლავზე ჩემი ფეხით ვერასოდეს მივალ!“ ვტირი თან და ტირილში ჩამეძინა. ვნახე ხილვა...

გამომეცხადა მაცხოვარი და მითხრა: ნინო, დედის საფლავზე შენ შენი ფეხით მიხვალ აღდგომა დღეს.

მე ვეუბნები: როგორ უფალო?! მე ხომ სიარული არ შემიძლია? - ღმერთი ხომ ყოვლისშემძლეა და შენ იქნები მეოცე საუკუნის ერთ-ერთი სასწაული. შენ ჩასახვიდან ხარ აყვანილი, როგორც რჩეული. როგორც შენ მე შემიყვარე, ასევე შეგიყვარე მეც., ეს სასწაული მოხდება ვნების შვიდეულში, დიდ ხუთშაბათს. ჩემი ჯვარცმიდან სულთმოფენამდე 50 დღეა, იგივე იქნება შენი დავრდომიდან აღდგომამდე.

მივიღე უფლისგან მითითება, რომ ვნების შვიდეულში, ოთხშაბათ დღეს მივიღებდი შვიდგზის ზეთის ცხებას და ხუთშაბათს ვეზიარებოდი. უფალმა მითხრა: დიდ ხუთშაბათს შვიდის ნახევარზე გაგატარონ, რომ ხალხმა შეხედოს, შენ ნამდივლად ვერ დადიხარ. შვიდს რომ დააკლდება 10 წუთი, იგრძნობ წელში ძლიერ დარტყმას. წელზე გაქვს 20 მეტრიანი სარტყელი, რომლის მოხსნას დიდი ტკივილი მოჰყვება. დაიძახებ: დედა, მიშველე, მგარამ ვერცერთი ხორციელი ვერ გიშველის სანამ უფალს არ მოუხმობ და უფალი გიშველის. ეს მოხდება საზეიმო ვითარებაში, ბევრი მხილველი ეყოლება.

შენი გასვლა მოხდება სახლის უკანა კარიდან. კარის მიჯახუნების ხმას ყველა გაიგონებს! - მაცხოვარმა გაშალა ხელის გული და მაჩვენა წამლები, რომელიც ნახშირივით გაშავდა. ეს არის წამლები, არასწორად დანიშნული, რამაც გამოიწვია შენი დავრდომა. არანაირი წამალი არ მიიღო!..

ჩემთან დადიოდა ექიმი-ნევროლოგი კოტე გეგელაშვილი. უფალმა მასზეც მომცა მითითება - რომ არ უნდა მოსულიყო, რადგან მხოლოდ უფალი იყო ჩემი მხსნელი და მკურნალი.

17 მარტიდან 24 აპრილის ჩათვლით მქონდა ხილვები, იყო ასეთი ხილვაც, რომლის გამხელის უფლება არ მაქვს...

როდესაც ოჯახს ვუამბე, მითხრეს, რომ რასაც ვნახულობდი, დამეწერა. მომიტანეს კალამი და ფურცელი, მაგრამ ვერ დავწერე. არცერთი კალამი ჩემს ხელში არ წერდა. ისევ ვნახე ხილვა: „არ დაწერო, ეს ყველაფერი გადაიღეთ!“

 

***

ნინომ ვიდეოკასეტა ჩართო. ტელეეკრანზე ვიხილე დაახლოებით ნახევარასაათიანი ვიდეომასალა, სადაც აღბეჭდილია ეს სასწაული: ნინოს სახლი გაფორმებულია ყვავილებით, იქ მართლაც საზეიმო ვითარებაა. ნაჩვენებია, როგორ დაატარებს ნინოს ხელით ორი მეგობარი - იმის ნიშნად, რომ მას სიარული ნამდვილად არ შეუძლია. როდესაც სასწაულის დრო მოახლოვდა, ნინო ზის ტახტზე. უეცრად თითქოს გული წაუვიდა - გვერდზე გადაქანდება. რამდენიმე წამში იწყებს ამაზრზენ ყვირილს: ვაიმეე, დედა, მიშველე! 3-4 წუთის მანძილზე იტანჯება, უეცრად აღმოხდება: „ღმერთო, მიშველე!“ და ითიშება. ამის შემდეგ, ყველა დატოვებს ოთახს და გადის გარეთ. ცნობისმოყვარე ხალხი თავშეყრილია ეზოში და ელოდება სასწაულს. უეცრად ისმის კარების არაბუნებრივი ჯახუნის ხმა და ეზოში, ბილიკზე, რომელსაც ჯვრის ფორმა აქვს, გამოდის ნინო, როგორც ღვთის ხილული სასწაული, და ამბობს დაღლილი ხმით: „ხალხო, ხომ ყველამ იცოდით, როგორ ვიყავი, ახლაც არ ირწმუნებთ ღმერთს?!“

ხალხი გაოგნებულია, ემოციებს ვერ მალვს, ზოგი ტირის, ზოგიც მუხლებზე დაემხობა, პირჯვარს ისახავს და უფალს ადიდებს. ნინოს შვილი დაახლოებით 3 წლის იქნება ამ დროს. როდესაც ბიჭუნა მოსიარულე დედას შეხედავს, გაკვირებული ეკითხება: „დედიკო, შენ დადიხარ?“

 

***  

- ვინ არის შენი მოძღვარი და როგორ აღიქვა მან ეს სასწაული?

- ჩემი მოძღვარი იყო მამა გაბრიელი, წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღოლი, საოცარი ადამიანი, რომელიც ჩემთვის მოძღვარიც იყო, მეგობარიც, დედაც და მამაც. ჩემს მოძღვარზედაც მითითება უფლისაგან მივიღე, ვინ უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, მამა გაბრიელი ახლახან ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა. მას მიაჩნია, რომ ეს იყო სასწაული. უფლისგან. დღეს მოძღვარი არ მყავს, ისევ ველოდები ნიშანს უფლისაგან. მიჭირს მამა გაბრიელის შემდეგ სხვა მოძღვრის არჩევა.

- იცის თუ არა შენს შესახებ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ?

- როდესაც ეს სასწაული მოხდა, მეუფემ დამიბარა. მამა ექვთიმეს და მამა გაბრიელის თანხლებით ვეახლე რეზიდენციაში. მე ვუყვებოდი ყველაფერს და მეუფე წერდა. შვიდი თაბახის ფურცელი დაწერა და მითხრა: „ყველა სიტყვა გავშიფრე და ვაღიარებ, ყოველი სიყვა სულიწმინდისგანაა.“

- რა არის შენი მისია?

- ვთვლი, რომ მე ვარ უფლის მონა, რომელმაც ხალხს, ჩემი სასწაულით, კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ყოვლისშემძლეა და ჩვენ კაცნი უსუსურები ვართ.

 

თეა თავაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1394
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია