დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მდინარე რიონს მიერთებული ჭომის „ტუალეტები“
2012/04/17 12:15:31

ქუთაისის თვითმმართველობა, მართალია, დღენიადაგ საუბრობს დასუფთავებისა და წყალკანალიზაციის მოწესრიგებაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საუბარი და დაპირება ხშირად მხოლოდ სიტყვად რჩება.

 

რედაქციაში ჭომის დასახლებიდან დარეკეს, „წაგვიღო კანალიზაციის წყალმაო“. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. აღმოჩნდა, რომ მარტო კანალიზაცია კი არ ყოფილა პრობლემა, ბოტანიკური ბაღის  მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი დიდი ხელოვნური ნაგავსაყრელიც!

ადგილობრივი მოსახლეობა შეშფოთებას ვერ მალავს.

ნანა მაისურაძე, 50 წლის, ლესელიძის ქუჩის მცხოვრები: „გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ, ამ ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა არ არის. ყველაფერი რიონში ჩაედინება, აქოთებულია მთელი დასახლება. ასე როდემდე გავძლებთ, არ ვიცი. არჩევნებზე ვახსენდებით და წლებია, ყველა არჩევნებზე გვპირდებიან, რომ მოგიგვარებთ პრობლემასო, თუმცა დავბერდი და ეს პრობლემა კიდევ არის“.

ნათელა ხოხიაშვილი, 55 წლის: „ეს ფეკალური მასა მთლიანად რიონში ჩაედინება. რამდენჯერაც გინდათ, იმდენჯერ მივმართეთ მერიას დასახმარებლად და იციან ჩვენი პრობლემების შესახებ, თუმცა საშველი მაინც არაა. გზები და განათება კი გაგვიკეთეს, მაგრამ მთავარი პრობლემა ჩვენი დასახლებისათვის მაინც ეს არის. იქნებ თქვენი გაზეთის წაკითხვის მერე მაინც გამონახონ რაღაც თანხა და მოგვიგვარონ ეს საუკუნის პრობლემა! აქოთებული მაქვს სარდაფი ამ ბინძური წყლით, მთელი სარდაფი წყალში დგას.“

ნუგზარ კოპალიანი, 65 წლის: „კოღოები და ბუზები გვესევა მთელ დასახლებას ზაფხულობით, რა უნდა ქნას ადამიანმა, არ ვიცი. ზაფხულში ბავშვებს ვერ ვაძინებთ, ეს ბაყაყები იმხელა ხმაზე ყიყინებენ. რა შეიქნა ამ უბნისთვის კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება და გაკეთება, ჩემამდე არ დადის.“

ნუნუ გერსამია, 42 წლის: „რიონს რომ ვუყურებ, სიბინძურის შეგრძნება მაქვს, მთელი მდინარე ამ ფეკალური  მასებითაა გაჟღენთილი. არ ვიცი, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ პრობლემას.  ქუჩაში, გზებზე, სარდაფებში - ყველგან ფეკალური მასებია.“

დემური (გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა): „ამ კანალიზაციასთან დაკავშირებით ერთ, არცთუ ისე სასაცილო, ისტორიას მოგიყვებით. გასულ შემოდგომაზე შვილს დაბადების დღე გადავუხადე, სუფრა „პლოშადზე“ გავშალე. ვიფიქრე, თბილი ამინდია და თბილისელ სტუმრებს ესიამოვნებათ იმერულ ჰაერზე პურის ჭამა-მეთქი, მივიპატიჟე მაგიდასთან სტუმრები. არ გასულა 10 წუთი და ისეთი საშინელი სუნი შემოვარდა, ჭამა კი არა, თავი დაავიწყა ხალხს - სადღაც ძველი მილი გამსკდარა და აყროლებულმა წყალმა მთელი ქუჩა მორწყო. გასაკეთებელია, აბა, რა, კომუნისტების დროინდელია ეს მილები! ხომ ხედავთ, კაცი არაა პატრონი. მდინარე რიონი ხომ სასირცხვილო მდგომარეობაშია. მთელი ჭომის ტუალეტები მიერთებულია ამ მდინარეზე, მაგრამ ადარდებს ვინმეს?“

ლეილა ჯანელიძე, 48 წლის: „ეს არის სირცხვილი! ამხელა ქალაქის უბნებში  რომ ეს პრობლემა მოუგვარებელი იქნება, კი უნდა მოვიწონოთ თავი? რომ იძახიან, საპარლამენტო ქალაქი, მეორე დედაქალაქიო, რა საპარლამენტო და მეორე დედაქალაქი?.. აგერ, ბოტანიკური ბაღის ჩაყოლებაზე, ნაგვის გროვაა,  მაგისთანას მთელს ქალაქში რამდენსაც გინდა, იმდენს შეხვდებით მეც და თქვენც. წლებია, ბოტანიკურ ბაღთან რაღაცას აშენებენ, მაგრამ, კაცმა არ იცის, რას.“

ცხადია, პრობლემა მეტად დამაფიქრებელია, მაგრამ დამფიქრებლის პოვნაა დღეს, ცოტა არ იყოს, რთული.

როგორც აღმოჩნდა, პრობლემის შესახებ გარემოს დაცვის კუთხით მომუშავე არასამთავრობოები დიდი ხანია ინფორმირებული არიან.

„აღნიშნული პრობლემით აუცილებლად უნდა დაინტერესდეს ადგილობრივი ხელისუფლება. რიონში ჩამდინარე ეს ფეკალური მასები, თუ შხამქიმიკატები და ა.შ. აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს, ვინაიდან ეს შემდგომში გამოიწვევს უამრავ პრობლემას, რიონის წყალი ხომ გაფილტვრის შემდეგ სასმელად გამოიყენება, ასევე, ამ მდინარეში თევზაობენ და, ბოლოს, აღნიშნული მდინარე შავ ზღვას უერთდება,“ - აღნიშნა გარემოს დაცვის კუთხით მომუშავე ნუგზარ კოხრეიძემ.

მერიაში კი შემდეგ კომენტარს აკეთებენ:

„აღნიშნულ სამუშაოებს ამ ეტაპზე ფირმა „კოქსი“ აწარმოებს, მიმდინარეობს ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობა და, ცხადია, ამ პროექტში მსგავსი პრობლემებიც განიხილება.“ - აცხადებს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი.

ქუთაისის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში კი ლესელიძის ქუჩის მცხოვრებლებს ჰპირდებიან, რომ უახლოეს მომავალში მოუგვარებენ აღნიშნულ პრობლემას.

„სამწუხარო რეალობაა ის, რომ ქუთაისში აბონენტთა 15%-ს საკანალიზაციო ქსელი არ აქვს. ისინი განეკუთვნებიან კერძო სექტორის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებმაც 70 და მეტი წლის წინ ააშენეს სახლები და საპროექტო დაგეგმარებაში არ გაითვალისწინეს საკანალიზაციო სისტემის მონტაჟი. მათ რიცხვში შედის ლესელიძის ქუჩის 50%. მოგვიანებით, მოსახლეობამ, წყალმომარაგების ორგანიზაციისათვის მიმართვის გარეშე, თვითნებურად უზრუნველყო საკანალიზაციო ქსელის მონტაჟი და მისი მდინარე რიონზე დაერთება. აღნიშნულ აბონენტებს მომსახურების ქვითრებში არ ერიცხებათ წყალარინების გადასახადი. არსებული პრობლემის მოგვარების მიზნით, ქვეყნის ხელისუფლებისა და უშუალოდ წყალმომარაგების კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე, მუნიციპალური განვითარების ფონდის ეგიდით, ამოქმედდა ახალი გრძელვადიანი პროექტი. რომელიც ქუთაისის საკანალიზაციო სისტემის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სულ მალე დაიწყება საპროექტო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში პირველ რიგში გათვალისწინებული იქნება იმ უბნებში საკანალიზაციო სისტემის  მშენებლობა, სადაც ის არ არსებობს,“ - ასე გვიპასუხეს წყალმომარაგების კომპანიიდან.

მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსს, ფრიდონ ბეშკენაძესაც მივმართეთ ხელოვნური ნაგავსაყრელის პრობლემასთან დაკავშირებით, მაგრამ ადგილზე არ დაგვხვდა. მოგვიანებით ტელეფონით ვთხოვეთ კომენტარის გაკეთება, მაგრამ, როცა გაიგო, რა საკითხზე ვაწუხებდით, სატელეფონო ხარვეზი მოიმიზეზა: „ალო, ალო, არ ისმის თქვენი ხმა,“ - იყო პასუხი და ტელეფონი გათიშა. მაშინვე დავურეკეთ სხვა ტელეფონით. ამჯერად მის მობილურზე გაურკვეველმა პიროვნებამ გვიპასუხა: „ბატონ ფრიდონს ტელეფონი დარჩა, საკრებულოშია ასული, არ სცალია!“ შემდეგი მცდელობისას კი ტელეფონს აღარავინ უპასუხა.

სადაც პრობლემის შესწავლით დაინტერესებულ ჟურნალისტებს ასე „გვპასუხობენ“, რა გასაკვირია, თუ ჭომის მოსახლეობამ, წლებია, ვერ მიიღო პასუხი თავის მარადიულ სატკივარზე! არადა, თუ ნარჩენები და კანალიზაცია არაა ქალაქში მოწესრიგებული, თავი მხოლოდ „ფეშენებელური“ შადრევნებით უნდა მოვიწონოთ?..

 

ლიკა ჩახუნაშვილი

ირაკლი ვაჩიბერაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1318
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია