დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჰაიდელბერგელები საქართველოს „პრაქტიკულად“ სწავლობენ
2012/04/17 12:11:09

გერმანიაში, ქალაქ ჰაიდელბერგში არსებულ გიმნაზიაში, უკვე წლებია, გერმანელი სტუდენტები საქართველოს ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს სწავლობენ. იმნაზია სტუდენტებს სთავაზობს, ისწავლონ ესპანეთის, საფრანგეთის, პოლონეთისა და ამერიკის ისტორია, თუმცა, ყოველწლიურად რამდენიმე ათეული გერმანელი ბავშვი მაინც უცნობი საქართველოს ისტორიითა და კულტურით უფრო ინტერესდება.  

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნუგეშა გაგნიძე,  მეხუთე წელია, ამ პროექტის ხელმძღვანელია. მისი განცხადებით, საქართველოს შესახებ  გერმანელ ახალგაზრდებში ინტერესი უფრო და უფრო იზრდება.

„აღნიშნულ გიმნაზიაში უკვე მეოთხე წელია, ისწავლება საგანი „საქართველო“, რომლის მიმართაც ინტერესი ძალიან დიდია. ეს არის სასემინარო კურსი, სადაც საკმარისია, 7 მოსწავლემ აირჩიოს საგნად საქართველო, რომ ჯგუფი შეიკრას. თუმცა, არა - შვიდი, არამედ - ჩვენს საგანს ირჩევს რამდენიმე ათეული ახალგაზრდა. როცა მოსწავლეები გარკვეულ ცოდნას დააგროვებენ საქართველოს შესახებ, შემდეგ, პროექტის ფარგლებში, ისინი მოდიან საქართველოში და, რაც ისწავლეს, ადგილზე ყველაფერს ნახულობენ.“-აცხადებს გაზეთ „P.S.“-თან საუბრისას პროექტის ხელმძღვანელი ნუგეშა გაგნიძე. 

ქუთაისსა და ჰაიდელბერგს შორის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის ინტერესი რომ დიდია, ამას ისიც ადასტურებს, რომ ამ დღეებში თავად სასწავლებლის  დირექტორიც ეწვია ქუთაისს 12 სტუდენტთან ერთად.

„მიხარია, რომ ეს პარტნიორობა არსებობს  ქუთაისსა და ჩვენს ქალაქს შორის. ჩვენმა მოსწავლეებმა აქ ძალიან ბევრი მეგობარი გაიჩინეს და ეს ძალიან მახარებს. ჩვენ აქ თავს ვგრძნობთ არა როგორც ტურისტები, არამედ, როგორც ამ ქალაქის მცხოვრებლები. მჯერა, რომ ეს ურთიერთობა ხანგრძლივი იქნება,“ - ამბობს სკოლის დირექტორი მარტინ დიოპი.

„უკვე წლებია, რაც ამ ქალაქში ჩამოვდივარ და თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მოსწავლეებს ვაჩვენებ ამ არაჩვეულებრივ ქალაქს. ჩვენ ეს ურთიერთობა ჰორიზონტს გვიფართოებს, რომ აღმოსავლეთში არის საინტერესო ქვეყანა. უკვე ბავშვებთან ერთად დავათვალიერეთ ბაგრატის ტაძარი, გელათის მონასტერი, მოწამეთა და აღფრთოვანებული ვარ ამ მშვენიერებით. ძალიან მომეწონა თქვენი სამზარეულო, მწვადსა და ხაჭაპურს არაფერი სჯობს,“ - გვითხრა  ისტორიისა და პოლიტიკის მასწავლებელმა პეტერ შნიტცერმა. 

უცხო ქვეყნის კულტურა და ღირსშესანიშნაობები ძალიან მოსწონთ თავად ჰაიდელბერგის გიმნაზიის მოსწავლეებსაც, მათ ქართული სამზარეულოც მოიწონეს.

„იმას, რაც თეორიულად ვისწავლეთ, ახლა პრაქტიკულად ვნახულობთ, მინდა გითხრათ, რომ ამ ქვეყანამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ძალიან მომწონს ქართველი ხალხი, ყველა გულღია და ბედნიერია, ქართული კერძებიც მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ცხარეა. ხაჭაპური მაინც ძალიან კარგია.“ - აცხადებს გიმნაზიის მოსწავლე ევა ქოჩი.

პროექტის ფარგლებში, გერმანელი სტუმრები ქალაქში კიდევ ათ დღეს დაჰყოფენ, შემდეგ კი  რამდენიმე დღით დედაქალაქს ესტუმრებიან.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1488
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია