დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ივანიშვილმა ქუთაისში ჩამოსვლა გადაიფიქრა
2012/04/17 12:10:01

გუბაზ სანიკიძე: „დღეს საქართველოში გამოცხადებულია ნაცმოძრაობის პანაშვიდები, ოქტომბერში იქნება მათი გასვენება“

10 აპრილს ქუთაისში, რუსთაველის გამზირის 38-ში მდებარე სახლში,  „ქართული ოცნების“ რიგით პირველი ოფისი გახსნ.

წინა დღით სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ჩამოვიდოდა ამან ოფისის გახსნაზე დასწრების მსურველთა რაოდენობა გააორმაგა. თუმცა, ლიდერის ნაცვლად, ოფისი „ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა და  კოალიციის წევრმა გუბაზ სანიკიძემ და ახლადგაპოლიტიკოსებულმა ცნობილმა ჟურნალისტმა ელისო ჩაფიძემ გახსნეს. რამდენიმე ასეულ ადამიანს, რომლებმაც სახლის წინ თავი მოიყარეს, გუბაზ სანიკიძემ აივნიდან მიმართა. მოგვიანებით მან „P.S.“-თან საუბრისას განაცხადა, რომ, თუ კოალიცია გადაწყვეტს, შესაძლოა, ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თავად იყოს.

„ქუთაისი ღირსეული ქალაქია, პოლიტიკაში ქუთაისი ყოველთვის თამაშობს დიდ როლს და ამბობს თავის სათქმელს. ასევე ეს ქალაქი გამოირჩევა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, რაც ძალიან მომწონს. ჩვენს კოალიციაში გაწევრიანებულია ოთხი სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიის პარტია, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა, რომ ჩვენ ერთ მუშტად შევეკარით და გავერთიანებულიყავით. საქართველოს აღარ გააჩნია პერპექტივა ამ ხელისუფლების ხელში. 2012 წელი გადამწყვეტი იქნება ქვეყნისათვის, წელს გადაწყდება საქართველოს ბედი. 8 წლის განმავლობაში ის რეფორმები, რითაც სააკაშვილი თავს იწონებდა, ეს იყო დაგებული გზები, პატრულის რეფორმა თუ ჯარი, - თურმე, ბიძინა ივანიშვილის ფულითაა გაკეთებული. სააკაშვილი ფულს მხოლოდ საკუთარი გართობისათვის ხარჯავს. დღეს საქართველოში გამოცხადებულია ნაცმოძრაობის პანაშვიდები. ოქტომბერში იქნება მათი გასვენება, რომელშიც მთელი ქართული საზოგადოება მიიღებს მონაწილეობას.“

„ქართული ოცნების“ ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარედ გელა გაბადაძე დასახელდა, რომელმაც, სიტყვით გამოსვლისას, 2012 წლის არჩევნები დიდგორის ბრძოლას შეადარა და აღნიშნა, რომ საქართველოს ბედი ოქტომბრის არჩევნებზე გადაწყდება, სადაც აბსოლუტური უმრავლესობა მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს:

„საქართველოს ბედი მომდევნო თვეებში გადაწყდება. ქუთაისში მე ვუხელმძღვანელებ „ქართული ოცნების“ შტაბს, ჩემთვის ეს დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. დარწმუნებული ვარ, რომ ქუთაისში ჩვენ მმართველ პარტიას აბსოლუტური უმრავლესობით დავამარცხებთ, ამათი ტირანია ძალიან მალე დასრულდება და ქართველ ხალხს მართლაც აუხდება ქართული ოცნება,“ -  ამბობს „P.S.“-თან კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისის თავმჯდომარე გელა გაბადაძე.

შეხვედრაზე საინიციატივი ჯგუფის წევრმა ელისო ჩაფიძემ განაცხადა, რომ ქუთაისელებმა უკვე დაამტკიცეს - ქუთაისი მზადაა ცვლილებებისთვის.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ, უამრავი ადამიანია აქ მოსული. ყოველდღიურად იხსნება „ქართული ოცნების“ ოფისები, უახლოეს დღეებში ორმოცდაათამდე ოფისი გაიხსნება. თვის ბოლოს მთელ საქართველოს მოვიცავთ და დაიწყება „ქართული ოცნების“ აქტიური საქმიანობა, მალე ყველას აუხდება ეს ოცნება,“ - აცხადებს საინიციატივო ჯგუფის წევრი ელისო ჩაფიძე.

ოფისის გახსნაზე მოსულმა რამდენიმე ადამიანმა გაზეთ „P.S.“-ს უთხრა, რომ ერთადერთი იმედი, რომელიც მათ შემორჩათ, „ქართული ოცნებაა“.

„ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი, უკანასკნელი იმედი არის ბიძინა ივანიშვილი და მისი კოალიცია. ეს ხალხი ფიქრობს იმაზე, რომ ქვეყანა გადარჩეს. მე ვხედავ ამ კოალიციაში იმ დასაყრდენ ძალას, რომლითაც ისინი ჩაანაცვლებენ მმართველ გუნდს. ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, თუ როგორ გააუმჯობესოს ცხოვრება ქართველ ხალხში, დააბრუნოს დაკარგული ტერიტორიები და ხალხს დაუბრუნდეს ცხოვრების ხალისი“ - მიაჩნია ტარიელ ლომთაძე.

„მომავლის იმედი დამიბრუნდა, პენსიონერი ქალი ვარ და  მინიმალური პენსია არაფერში არ მკმარა. გადასახადებია და ძალიან ძვირია. პენსიას რომ ავიღებ და გადასახადებს გადავიხდი, მერე საჭმლის ფული აღარ მრჩება. ეს ხელისუფლება, ასეა თუ ისე, უნდა წავიდეს და ჩვენი ხალხის მიერ არჩეული ლიდერი უნდა მოვიდეს ბიძინას სახით,“ - ამბობს ქალბატონი ლილი (გვარი არ გაგვიმხილა).

„უმუშევრები ვართ და ერთადერთი იმედი ჩვენთვის ეს ხალხია, პენსიონრები ვართ, მაგრამ პენსია მედიკამენტებში არ მყოფნის. დარწმუნებული ვარ, ამათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ცხოვრება გაუმჯობესდება და გაგვიადვილდება,“ - აცხადებს ვახტან ზახაროვი. 

„სამხედრო ნაწილში ვმუშაობდი 21 წელი და გაუგებარი მიზეზების გამო გამათავისუფლა ამ ხელისუფლებამ, ქმარი უმუშევარი მყავს და შვილი - მოსწავლე, ყოველდღიურ პურის ფულს ვსესხულობთ, ძალიან გვიჭირს.  ერთადერთი იმედია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს კოალიცია, ესენი გადაარჩენენ სამშობლოს,“ - ამბობს ია ბენდელიანი.

ოფისის გახსნაზე მისულმა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა კოალიციის წევრებს, გამოსვლისას, სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა ტაშით.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1581
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია