დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რა ხდება აღმაშენებლის გამზირზე?
2012/04/02 15:14:30

მოსახლეობა: „უხარისხოდ შესრულდა სამუშაოები“

ხელისუფლება: „აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია ნამდვილად ხარისხიანად შესრულდა“

 

- რაც აღმაშენებლის გამზირზე გააკეთეს, ყველაფერი უხარისხოა. გზაზე უზარმაზარი ორმოებია, რომელშიც წყალი დგება, ბორდიულები დაიმსხვრა და ისევ გასაკეთებელია. ეს არის სამარცხვინო, მერამდენედ უნდა გაარემონტონ აღმაშენებლის გამზირი! - ასე აპროტესტებს აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციას ადგილობრივი მოსახლეობა. მათი თქმით,  ველობილიკები სრულიად უფუნქციოა და აქ, ქუჩაში, მხოლოდ ფეხით გადაადგილდებიან ქუთაისელები.

„რათ მინდა, ბიძია, ველობილიკები, მაქანე მაინც არ ივლიან ჩვენი ბოვშები. იმიტომ, რომ ქუთაისელებმა არ ვიცით  ველოსიპეტის ტარება!“ - ღიმილით გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

აპალონ ჭოლაძე, პენსიონერი: „ბაბუა, რას გეტყვი, იცი? დასაჭირავია ის მაკონტროლებელი ბრიგადა, რომელმაც უნდა შეამოწმოს ხარისხი. ყველაფერს უხარისხოდ აკთებენ, ჯერ არ გასულა ერთი წელი და დაიმსხვრა ბორდიურები. ყოველ წელს ასფალტის დაგება რაფერ შეიძლება, კაცო. დააგე ერთხელ და იყოს სამუდამოდ.“

თემურ ჯანგველაძე: „პალმების შუაში მაინც დარგონ წიწვოვანი ხეები, ჰაერიც გასუფთავდება და გალამაზდება ხეივანი. ზაფხულში საშინელი მტვერი დგას, ვიხრჩვებით ხალხი“.

ამირან ხარაბაძე: „წელს გამზირზე სამი ავარია მოხდა. ორმოებია ქუჩაზე და მანქანები დაიმტვრა. ერთხელ და სამუდამოდ დააგეთ კაი ასფალტი.“

ქუთაისის მერიის არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ვასილ მებურიშვილის განცხადებით კი, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია, ნამდვილად ხარისხიანად შესრულდა.

„საბიუჯეტო სახსრებით ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაგეგმა აღმაშენებლის გამზირის გამყოფი-გაზონის კეთილმოწყობა, რაც განხორციელდა კიდეც. არ იყო საკმარისი საბიუჯეტო სახსრები და ბორდიურები, რომელიც გაზონს შემოსაზღვრავს, მხოლოდ შეკეთდა. დანარჩენი - პალმების ხეივანი, გაზონები, სარწყავი სისტემა, ბილიკები თავიდან გაკეთდა. 2012 წლის ბიუჯეტის დაგეგმისთანავე გათვალისწინებულ იქნა აღნიშნული ბორდიურების დემონტაჟი და ახლის მონტაჟი. ამ დროისთვის სწრაფი ტემპით მიმდინარეობს მშენებლობა და, დაახლოებით, აპრილის ბოლოსთვის დასრულდება ბორდიურების მონტაჟი,“ - განმარტა მებურიშვილმა.

მისივე თქმით, გზა აღმაშენებლის გამზირზე 2002 წლის შემდეგ კაპიტალურად არ შეკეთებულა.

„მოგეხენებათ, რომ წელს იყო მძიმე ზამთარი. ყინვამ და ჭარბმა ნალექმა დააზიანა გზა. აღნიშნული გზის აღდგენა მიმდინარეობს და მთელი წლის მანძილზე მოხდება ორმოების კაპიტალურად შეკეთება. სულ მალე აღმაშენებლის გამზირი აბსოლუტურად იქნება მოწესრიგებული,“ - განაცხადა მან „P.S.“-თან საუბრისას.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1404
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია