დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მალხაზ ჭრელაშვილი: „სამწუხაროდ, ქუთაისის სტრატეგიული განვითარების გეგმა დღემდე არ არსებობს...“
2012/03/26 14:08:00

ქუთაისის ეკონომიკის სამსახური ამ გეგმაზე ახლა მუშაობს და 2012 წლის ბოლოსთვის უნდა წარმოადგინოს პროლოგის მაგიერ

 

წლების განმავლობაში ქუთაისის ხელისუფლების სათავეებთან მდგომი ადამიანები თუ საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები წუხდნენ ქუთაისის უფუნქციობასა და ქვეყნის განვითარების ტემპიდან ამოვარდნაზე... 

დღევანდელმა ხელისუფლებამ ამ დილემის გადასაჭრელად  მარტივი რეცეპტი მოიგონა, მშვენიერი PR-აქცია მოიწყო - ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად და მეორე დედაქალაქად გამოაცხადა. სარეაბილიტაციო პროექტებიც წამოიწყო, თუმცა, მოსახლეობის დიდი ნაწილის შეფასებით, ყველაფერი ფასადურ ხასიათს ატარებს და ქუთაისიც, ლამისაა, პოტიომკინის სოფელს დაემსგავსოს.

მიუხედავად ამისა, ისიც ფაქტია, რომ ქალაქი სიცოცხლეს აგრძელებს და გარკვეული ეკონომიკური წინსვლაც შესამჩნევია. თუმცა, სამწუხაროა, რომ ყველაფერი ქაოტურად და დაუგეგმავად ხდება. როგორც თვით ქუთაისის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა, მალხაზ ჭრელაშვილმა, ჩვენთან საუბრისას განაცხადა, დღემდე არ არსებობს ქუთაისის სტრატეგიული განვითარების გეგმა და მათი სამსახურის ვალდებულებაა, რომ ეს გეგმა 2012 წლის ბოლომდე წარუდგინონ საზოგადოებას. ამ და სხვა, ქალაქის ეკონომიკური განვითარების საჭირბოროტო საკითხებზე გაზეთი პოსტსკრიპტუმი ბატონ მალხაზ ჭრელაშვილს ესაუბრა.

 

***

- ბატონო მალხაზ, თქვენი სამსახურის დებულებაში წერია, რომ გევალებათ  ქუთაისის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის შედგენა. მანამდეც ყოფილა მსგავსი მცდელობები, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. მუდმივი საუბარი იყო ასევე იმაზე, რომ ქალაქს ფუნქცია არ ჰქონდა და ეს ართულებდა ამ მიმართულებით მუშაობას... თქვენს სამსახურს თუ აქვს რაიმე რეალური ნაბიჯები ამ კუთხით გადადგმული?

- ფუნქციებიდან დავიწყებ. ქალაქი ისედაც იძენს უკვე თავის ფუნქციას; ისეთი გადანაწილება, როგორც აქამდე არსებობდა, რომ დედაქალაქი იყო ერთი დიდი ცენტრი და თბილისი გადაიქცა დიდ „თავკომბალად“, ყველა გზა, ყველა მიმართულება რომ თბილისში იყრიდა თავს, ეს იცვლება და შეიძლება, რამდენიმე ცენტრი მივიღოთ ქვეყნის მასშტაბით, რაც ქვეყნის სტაბილურად, თანმიმდევრულად და თანაბრად განვითარების საშუალებას იძლევა. ეს, ერთმნიშვნელოვნად, ჩემთვის მისაღებია და, ალბათ, უმრავლესობისთვისაც. რა თქმა უნდა, ყველა ინიციატივას ჰყავს მოწინააღმდეგე და ამას შეგუებულები ვართ, თუმცა, უკვე შეძენილია ეს ფუნქცია და ამ ფუნქციას სჭირდება უფრო მეტი მუშაობა და განვითარება. ეს  არის მეორე დედაქალაქის ფუნქცია - როგორც ადმინისტრაციული ცენტრი. ფაქტობრივად, ძირითადი ადმინისტრაციული რესურსები ჩვენს ქალაქში გადმოდის. შესაბამისად, ეს ჩვენ, ადგილობრივმა თვითმმართველლობამ უნდა გამოვიყენოთ ქალაქის განვითარებისთვის. პირველი, რაც მთავარია, ამისათვის საჭირო არის გაცილებით მეტი ინვესტიციები, რათა მოწესრიგდეს ქალაქი და შედგეს როგორც მეორე დედაქალაქი. რაც მალე მოხდება ეს, მით უფრო სწრაფი ტემპით დაიწყებს ქალაქი განვითარებას. რა თქმა უნდა, საუბარია როგორც ადგილობრივ, ისე - უცხოურ ინვესტიციებზე. 

ყველაზე სამწუხაროა, რომ დღეს ქალაქის სტრატეგიული განვითარების გეგმა არ არსებობს, რომელიც პირველი ამოსავალი წერტილია უცხოელი ინვესტორისათვის - თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი, რა მიმართულებით, რა სტრატეგიით, სად არის დასვენების ზონები, სად - სამშენებლო. ანუ, რეალურად, ქალაქის სივრცითი დაგეგმარება უახლოეს და გრძელვადიან პერსპექტივაში არ არსებობს. ამისთვის არის ის დებულებაც, რომ ასეთი გეგმა დაიდოს და დაიდოს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის თანამონაწილეობით, ასევე, უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით. ერთ-ერთი ნაბიჯი, რაც გადავდგით ამ მიმართულებით, ისაა, რომ შევქმენით მერთან არსებული სტრატეგიული განვითარების საბჭო, რომელშიც შედის 15 წევრი. საბჭო დაკომპლექტებულია როგორც საკრებულოს, ისე საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიზნესის წარმომადგენლებისაგან. საბჭო შეიქმნა გასული წლის ბოლოს და სამი სხდომა უკვე ჩავატარეთ. 2012 წელს უნდა დავდოთ ეს სტრატეგიული გეგმა.

- მაინც, რა უნდა გაითვალისწინოს სტრატეგიული განვითარების გეგმამ?

- აქ ყველაფერი გათვალისწინებული უნდა იყოს - კულტურული ზონები, ქალაქის სამშენებლო პერსპექტივები; ქალაქი სულ 200 ათასიანი ხომ არ იქნება. ექსპერტების მონაცემებით, თუ შენარჩუნდება არსებული ეკონომიკური ზრდის ნიშნული და ადმინისტრაციული ცენტრიც ქუთაისში გადმოვა, ეს აღარ იქნება 200 ათასიანი ქალაქი და იქნება მეტი; შესაბამისად, გაჩნდება ახალი გამოძახილები. გარდა ამისა, დღეს არსებულ დოკუმენტაციებშიც ვაწყდებით ცდომილებებს, როცა საჭიროა კომუნიკაციების და ა.შ. მშენებლობები და ეს პრობლემაც მოგვარდება. ამ დოკუმენტის შექმნისათვის გარკვეული ბიუჯეტიც არის გამოყოფილი, რომელიც, რა თქმა უნდა, რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ და თუ საჭირო იქნება, დონორებიც მოვძებნოთ...

- ორი წელია, რაც არსებობს ეს სამსახური და ამ ხნის განმავლობაში რა შეძელით, ან რა ვერ შეძელით?

- სამი პროექტი და მიმართულება ავირჩიეთ ჩვენს სტრატეგიად. ეს დებულებაშიც ასახულია. ეს არის ინვესტორებთან ურთიერთობა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და ტურიზმის განვითარება.

- დავიწყოთ ინვესტორებთან ურთიერთობით...

- უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობა - ეს არის თემა, რომლისთვისაც ჩვენ წელს გაცილებით მეტს ვაკეთებთ, ვიდრე შარშან და გასულ წელს გავაკეთეთ. ჩვენ ვგეგმავთ, უცხოელი ინვესტორებისათვის დავდოთ მზა პაკეტები - რა შეიძლება, საინტერესო იყოს ქალაქის განვითარების თვალსაზრისით. შარშან და წელს ჩავატარეთ ორი ბიზნესფორუმი ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისათვის. ამან კარგი შედეგები გამოიღო. მარტივად გეტყვით, რომ შარშან ფორუმის ამ აქტიურობით ქალაქში შემოვიდა დაახლოებით 4 მილიონამდე უცხოური ინვესტიცია, რომელიც შეეხო როგორც უძრავ ქონებას, ასევე - მიწასაც. ამის შედეგი იყო ის, რომ 2011 წლის ბიუჯეტი მარტის თვეში უკვე შესრულებული იყო.

წელსაც გვქონდა ასეთი ბიზნეს-ფორუმი, თუმცა, ჩემი აზრით, ეს საკმარისი არ არის. საჭიროა, დაიდოს კონკრეტული პაკეტები კონკრეტულ ობიექტთან მიმართებაში, შეიკრას მთლიანად - რა ობიექტია, რა ძირითადი საშუალებებია ამ ობიექტზე, რა ფული იყო ამ ობიექტში ჩადებული, რა ინვესტიცია შეიძლება განხორციელდეს და რა შედეგი შეიძლება მიიღოს ინვესტორმა, დარგის განვითარება იქნება ეს  კონკრეტულად, თუ შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია და ა.შ. ასევე - მიწის კუთხითაც, უნდა მოხდეს ზონებად დაყოფა ქალაქის მასშტაბით - სად რა ობიექტები, სად რა მიწა არსებობს, რომელი მიწა როგორ შეიძლება რაციონალურად იქნას გამოყენებული. ეს უნდა გაკეთდეს ევროპული სტანდარტებით, უნდა მოხდეს მთლიანად ქალაქის მასშტაბით მიწის და ტერიტორიების დაყოფა გარკვეულ სეგმენტებად, რომელიც იქნება აღწერილი  საჯარო რეესტრში, როგორც ეს არის ევროპაში - წინასწარ უნდა იყოს შედგენილი სტრუქტურა, რა მიწა გვაქვს გასაყიდი რა პარამეტრებით, უნდა მოხდეს დახარისხება, რაც მისცემს საშუალებას ქალაქს, განვითარდეს კარგად და სწორად და არა ასე, ქაოტურად, უსახურად.

- მოდით, ინვესტიცია დასაქმებასთან დავაკავშიროთ. თუ შეგიძლიათ, კონკრეტულად მითხრათ მაჩვენებლები, შეუწყო თუ არა დასაქმებას ხელი ინვესტიციებმა?

- ყველაზე კარგი მაჩვენებელი არის დასაქმების მაჩვენებელი, როცა ინვესტიცია ხორციელდება. ჩვენთან არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, სადაც რამდენიმე სერიოზული საწარმო ფუნქციონირებს და ამან, გარკვეულწილად, გადაწყვიტა დასაქმების პრობლემა. თუმცა, ეს არ არის მარტო ერთი თემა, რომ ამაზე გავჩერდეთ.

ნებისმიერი ინვესტიცია მცირე და საშუალო ბიზნესში ხელს შეუწყობს დასაქმების პრობლემის მოგვარებას. დაახლოებით 8-10 ათასიანი ინვესტიცია ასაქმებს 2-3 კაცს, შესაბამისად, გრძელვადიან პერიოდში, მარტივად შეიძლება გაითვალოს, რა ინვესტიცია რამდენ კაცს დაასაქმებს.

- მიუხედავად ინვესტიციებისა, უდაოდ არსებობს ერთი პრობლემა - უცხოური ინვესტიციების შემთხვევაში უცხოელები უფრო მეტად არიან დასაქმებულები, ხოლო როცა თბილისურ ფირმა აშენებს, თბილისიდან ჩამოყვანილი ხალხი ყავთ აყვანილი სამუშაოზე. ფაქტობივად, ადგილობრივი მოსახლეობა მაინც დაუსაქმებელია. რა არის ამის მიზეზი?

- თუკი ეს უცხოური კომპანია არის, იქ არის გარკვეული სტანდარტები, რომელსაც სჭირდება შესაბამისობა და ადაპტაცია. ჩვენთან მუშახელმა კვალიფიკაცია დაკარგა, ჯერჯერობით არ არის გადამზადების საშუალება. მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ შეიქმნას გადამზადების ცენტრები ქალაქებში. რადგან სწორედ ასეთ პროექტებში მონაწილეობენ ის ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ამის კვალიფიკაცია, მაგრამ თუ დამსაქმებელმა იცის, რომ შენ ოთხი-ხუთი წელი არ მუშაობდი ამ კვალიფიკაციით, მისთვის ეს კვალიფიკიაცია არის ნული. შესაბამისად, ძნელია, როცა შენ უცხოელ ინვესტორს ეუბნები, რომ მე მყავს ზეინკალი, მშენებელი, რომელიც შენ გინდა და მან იცის, რომ ეს გარკვეულ პერიოდში არსად არ მუშაობდა და უნდა, უბრალოდ, რომ სამუშაოთი დაკავდეს. ამიტომ, ჩემი აზრით, როდესაც შეიქმნება ასეთი ცენტრები, ყველას ექნება საშუალება, რომ გადამზადდეს და ინვესტორს დახვდეს კვალიფიციური მუშა ხელი. ასევე, როცა ტენდერი ცხადდება, კრიტერიუმი კი არის, რომ დასაქმებული იყოს ადგილობრივი მუშახელი, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ მათი მიდგომაც ასეთია - თუკი მოდის ისეთი, რომელსაც არ უმუშავია და უნდა, უბრალოდ, დასაქმდეს, ძნელი მისაღებია, იმიტომ, რომ მას ჩვენ ვთხოვთ ხარისხს. ადგილობრივებიც კი ხანდახან უცხოეთში ეძებენ კვალიფიციურ მუშახელს. ამ პრობლემას სხვაგვარი გადაწყვეტა სჭირდება და ალბათ, უახლოეს პერიოდში ესეც გადაწყდება.

- ბატონო მერაბ, თქვენი სამსახური ბიზნესის მხარდაჭერასა და სტიმულირებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ხომ არ გეგმავთ რაიმეს ამ კუთხით?

- ამ კუთხით ჩვენ ვიწყებთ მცირე სესხების პროგრამას. კერძოდ, მერიას ექნება გარკვეული ფინანსები, ჩვენ ამ ფინანსებს გამოვიტანთ პროექტების მიხედვით, ბიზნესის ხელშემწყობი საბჭო განიხილავს ამ ბიზნესპროექტებს და აირჩევს საუკეთესო ვარიანტს, რომელიც მისაღები იქნება. ეს იქნება სესხი, ანუ ჩვენ ამ თანხას განვათავსებთ ნულოვან პროცენტად ბანკებში და შემდეგ ეს ბანკები გაცემენ ბევრად უფრო დაბალ პროცენტში, ვიდრე ჩვეულებრივი კრედიტი არის. ანუ, ჩვენთან მოხდება პროექტების განხილვა, რეკომენდაციების მიცემა. რომელი პროექტიც გაიმარჯვებს, იმ პროექტით მოთხოვნილი თანხა მიეცემა ნულოვან პროცენტად იმ ბანკს, რომელსაც მოითხოვს გამარჯვებული, ხოლო ბანკი ამ სესხს გასცემს გაცილებით დაბალ პროცენტად: 6%-დან  8%-მდე.

- რა მიმართულებები დაფინანსდება ამ გზით?

- იქნება ის სფეროები, რომელიც ქალაქის განვითარებისათვის აუცილებელია - მომსამხურების სფერო, ქალაქის გარშემო სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების ათვისებაც გვაქვს ჩადებული მიმართულებებში, თუმცა ძირითადად იქნება ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს ქალაქისათვის.

- სესხის რაოდენობა განსაზღვრულია?

- სესხისათვის გამოყოფილია დააახლოებით 70 ათასამდე ლარი. რამდენიმე პროექტი შეიძლება წელს იქნას განხილული, 7 ან 10 პროექტი. ეს გვაჩვენებს გარკვეულ შედეგებს და შემდეგ, ამ შედეგებიდან გამომდინარე, მომავალ წელს დავიწყებთ უფრო მეტი თანხის მობილიზებას.

- პროექტის შერჩევისას იქნება თუ არა ერთ-ერთი კრიტერიუმი, თუ რამდენ ადამიანს დაასაქმებს მეწარმე?

- დიახ, რა თქმა უნდა. გარდა ამისა, ეს პროექტი საინტერესო არის იმით, რომ ჩვენ არ ვკარგავთ ამ თანხას, ანუ როცა საბანკო სექტორი გაცემს 6%-დან  8%-მდე, ამ ფარგლებზე გვაქვს საუბარი, ეს თანხა შემდეგ დაუბრუნდება თვითმმართველობას. რეალურად, გარკვეული ფინანსური რესურსი მიედინება სწორად, დასაქმების პრობლემის მოსაგვარებლად, შემდეგ ბრუნდება და ეს თანხა ჩვენ ისევ შეგვეძლება გამოვიყენოთ.

- ტურიზმის სფეროში როგორ ეხმარებით ბიზნესს და ტურისტულ კომპანიებს?

- ეს ძალიან საინტერესო მიმართულებაა და ქვეყნის ეკონომიკაში ტურისტების შემოდინება მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. ჩვენთან ტურისტი ხარჯავს ფულს ადგილობრივ ბიუჯეტში, თანხები შედის როგორც ცენტრალურ ბიუჯეტში, ისე - ადგილობრივ თვითმმართველობაში  გარკვეული დოზირებით, ამიტომ გარკვეული ინტერესი ყოველთვის იქნება, უფრო მეტი ტურისტი შემოვიდეს. ჩვენს ბიზნესპროგრამაში გვაქვს რამდენიმე პროექტი, მაგალითად, ერთი განხორციელდა შარშან. ჩვენ ვეხმარებით მეწარმებს, რომ თავიანთი პროდუქცია გაიტანონ უცხოეთში ბაზარზე. მათ ჩვენგან სჭირდებათ მენეჯმენტსა და რეკლამაში მოხმარება: შეიძლება დავუმზადოთ ბუკლეტები, რიფლეტები და მივცეთ საშუალება, წარადგინოს თავისი პროდუქცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ამ კუთხით უკვე ხელი შვეუწყვეთ რამდენიმე მეწარმეს, ერთ-ერთი მაგალითად, ქართული ჩაის მწარმოებელი კომპანია იყო, რომლის პროდუქციაც წარვადგინეთ ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე.

ვცდილობთ ასევე, ხელი შევუწყოთ ტურისტულ კომპანიებს, გავიდნენ უცხოეთში და წარადგინონ თავიანთი თავი. აგრეთვე, ადგილობრივმა თვითმმართველობამ 7 ტურისტული კომპანია წაიყვანა თბილისის და ბათუმის ტურისტულ გამოფენაზე, რა თქმა უნდა, ჩვენი სახსრებით.   გაკეთებული გვაქვს რიფლეტები, ბუკლეტები ქუთაისის კულტურული და ტურისტული ობიექტების შესახებ. თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არაა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, რომელიც შეიქმნა ქუთაისში,  არის ორმხრივი დაქვემდებარების ცენტრი - ორ თანამშრომელს ვაფინანსებთ ჩვენ, ერთს აფინანსებს დეპარტამენტი. მათ მიერ დათვლილი სტატისტიკის შედეგად, შარშანდელი ჩვენი გამოფენების შედეგები სახეზეა; მაგალითად, შარშან გამოფენა-გაყიდვა ჩავატარეთ ისრაელში და ყველაზე მეტი ჩამოსული ტურისტი საქართველოში გასულ წელს ჩამოვიდა ისრაელიდან.

- და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, მაინც რა არის ყველაზე აუცილებელი იმისათვის, რომ ქუთაისის ახალმა სტატუსმა რეალური ფუნქცია შესძინოს ქალაქს?

- იმისათვის, რომ ქუთაისი გახდეს მეორე დედაქალაქი, ამას სჭირდება გაცილებით მეტი მუშაობა ადგილობრივი თვითმართველობიდან. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ თანმიმდევრულად განვითარდეს ყველაფერი;   ახალი იდეები უნდა იქნეს გაჟღერებული და რეალიზებული, რათა ქუთაისი საინტერესო იყოს, როგორც საქართველოს მეორე დედაქალაქი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1322
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია