დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქალის სურნელით მოდის გაზაფხული
2012/03/05 13:33:28

გაზაფხულის პირველი თვე ქალბატონების უმეტესობას განსაკუთებით უყვართ, რადგან 3 მარტი დედის დღე, ხოლო 8 მარტი, ათწლეულების ტრადიციით, ქალთა საერთაშორისო დღეა. ვიდრე ქალთა დღე მოვა, მანამდე დედის დღეს აღნიშნავენ ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველასთვის განსაკუთრებული და სიყვარულით აღსავსე, თბილი დღეა. ვინ როგორ ულოცავს დედას, ამასთან დაკავშირებით ახალგაზრდები გამოვკითხეთ:

 

გვანცა მანჯგალაძე, 24 წლის, დიზაინერი: „დედას ყოველთვის ვულოცავ 3 მარტს. ძალიან მიყვარს ეს დღე, რაღაც ისეთი განსაკუთრებული საჩუქარი არასოდეს გამიკეთებია, მაგრამ ვგრძნობ, ერთი იის კონაც, რომ ვაჩუქო, ძალიან უხარია და ბედნიერია. წელს ვაპირებ სხვადასხვა, ცოცხალი თუ გამხმარი ყვავილებით ტილოზე ლამაზი სურათი გავაკეთო და ვაჩუქო. იმედია, რაც მაქვს ჩაფიქრებული, გამომივა.“

გიორგი ვარდანიძე, 19 წლის, სტუდენტი: „პატარა როცა ვიყავი, მახსოვს, დედას ყვავილებს ვჩუქნიდი. ახლა დიდი ხანია არაფერი მიჩუქნია, მაგრამ ყოველთვის ვულოცავ, შარშან ვეხუმრე, ყველაზე დიდი საჩუქარი მე ხო ვარ შენთვის და გული არ დაგწყდეს-მეთქი (იცინის).“

ახალგაზრდების გამოკითხვას, რომ ვატარებდით, ერთი ხანდაზმული ქალბატონი შეჩერდა, გვისმენდა, რაზე ვსაუბრობდით. ჩაწერას რომ მოვრჩით, გვითხრა: „შვილო, 70 წლის ქალი ვარ, ყოველთვის სიხარულით აღვნიშნავდით 8 მარტს, თუმცა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს შემოღებული დედის დღე - 3 მარტი მაინც ყოველთვის განსაკუთრებული დღე იყო, ეს დღე ხომ ვინც ამ ქვეყნად ყველაზე მეტად გვიყვარს, იმათი დღეა!“

დავინტერესდი თუ ჰყავდა ქალბატონს შვილები და თუ სჩუქნიან რამეს, მისგან კი ასეთი პასუხი მივიღეთ: „ერთი გოგო მყავს და უკვე მესამე წელია საბერძნეთშია, რომ მისი ოჯახი არჩინოს... ალბათ, ტელეფონზე დამირეკავს და მომილოცავს, რა ვიცი“... ჩაილაპარაკა და გზა განაგრძო.

მათთვის, ვინც არ იცის: 8 მარტი - ეს არის ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტური პარტიის დეკლარაციის შემდეგ აღინიშნა. ამ დღეს მომხდარ ისტორიულ მოვლენათა შორის ერთ-ერთი უმთავრესი, რომელმაც მოძრაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახადა ცნობილი, იყო „ტრაიენგლ შირტუეისტ“ (Triangle Shirtwaist) საფეიქრო ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი (ნიუ-იორკი,1919), რომელმაც 140-ზე მეტი ქალი იმსხვერპლა.

1908 წლეს 15.000 ქალბატონი გამოვიდა ნიუ-იორკის ქუჩებში მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით. 1910  წელს კოპენჰაგენში სოციალისტ-ინტერნაციონალმა ქალთა პირველი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. ამ ყრილობაზე დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე გავლენიანი გერმანელი სოციალისტის, კლარა ცეტკინის ინიციატივით. მომავალ წელს ამ დღეს ქალთა სოლიდარობის მიზნით მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში.

8 მარტი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში დღემდე რჩება დღესასწაულად და უქმე დღედ, მათ შორის - საქართველოშიც. ამჟამად ქალთა უფლებების დაცვის მოძრაობები მსოფლიოს გარშემო ყოველწლიურად 8 მარტს მრავალ ღონისძიებას ატარებენ. ქალთა გლობალური ასოციაციის „ავრორა“ ვებგვერდზე შესაძლებელია ადგილობრივ ღონისძიებათა დარეგისტრირება, რაც ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ლოკალური მოვლენების გლობალურად გაშუქებას უწყობს ხელს. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მთავრობა და ორგანიზაცია უჭერს მხარს ქალთა საერთაშორისო დღეს და მისდამი ინტერესი დღითიდღე იზრდება.

მართალია, ქალთა საერთაშორისო დღეს ჩვენს ქვეყანაშიც მოუთმენლად ელიან ქალბატონები, თუმცა ისეთებიც არიან, ვინც დღესასწაულად ვერ აღიქვამს ამ დღეს.

ქეთი ხარაბაძე, 37 წლის: „მართალია, 8 მარტს ყოველ წელს აღვნიშნავთ მეგობრები, მაგრამ რაღაც განსაკუთრებულ დღესასწაულად არ მიმაჩნია, ყოველი დღე ქალის უნდა იყოს, ამიტომ ერთი დღე რომ აღვნიშნოთ არასწორად მიმაჩნია. იმიტომ კი არა, რომ საჩუქრებს არ მჩუქნიან, ან მამაკაცები ყურადღებას არ მაქცევენ, უბრალოდ, რატომღაც ასე ვთვლი.“

ლია უკლება, რადიო „ძველი ქალაქი“-ს სარეკლამო სამსახური: „მე ზოგადად დღესასწაულების აღნიშვნის დიდი ტრადიცია არ მაქვს, ბავშვებს დედის დღესთან დაკავშირებით უჩუქნიათ საჩუქრები, მეუღლესაც, ძირითადად, ყვავილები, მაგრამ მე ამას საჭიროდ არ ვთვლი.“

ლანა, 20 წლის, სტუდენტი: „ჩვეულებრივად ვხვდები ამ დღეს, არაფერსაც არ მჩუქნიან, სკოლაში ბიჭები გვჩუქნიდნენ თითო-თითო ვარდს, მეტი არაფერი მახსენდება. რაც შეეხება ჩემს თაყვანისმცემლებს, ყვავილები არ უყვართ, ეტყობა „უტყდებათ“ ხელში ყვავილის დაჭერა. მოკლედ, ასეთ დღეში ვარ (იცინის).“

ალბათ, გაზაფხულივით თბილ, ჩვენთვის განსაკუთრებულ ქალბატონებს ბევრჯერ გავუკეთებთ სიურპრიზებს და გავახარებთ ჩვენი ყურადღებით.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1711
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია