დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რას მოითხოვს „სიმინდის ხელშეწყობის პროგრამით დაზარალებულთა კავშირი?“
2012/03/05 13:31:51

„ხელისუფლება ვალდებულია, ბანკებიდან გამოტანილი ათასობით ლარი ჩამოგვაწეროს“

 

14 თებერვალს ლანჩხუთში არასამთავრობო ორგანიზაცია - „სიმინდის ხელშეწყობის პროგრამით დაზარალებულთა კავშირი“ შეიქმნა. მისი დამფუძნებელი და თავმჯდომარეა ელიზავეტა ქორიძე. მისი ინფორმაციით, ორგანიზაციაში დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ათასამდე ფერმერია გაწევრიანებული.

 

„პრეზიდენტის საამაყო ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა ჩავარდა. ეს მთავრობამ და სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც აღიარა. ჩვენ საპატიებელი არაფერი გვაქვს, ხელისუფლება ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში ბანკებიდან გამოტანილი ათასობით ლარი ჩამოგვაწეროს,“-აცხადებს ჩვენთან საუბრისას ელიზავეტა ქორიძე.

- ქალბატონო ელიზავეტა, იქნებ ორგანიზაციის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბროთ... 

- ამ ეტაპზე ასეულობით ადამიანია გაწევრიანებული, მაგრამ დაზარალებულთა რაოდენობა ნელნელა იმატებს. კონკრეტულ რიცხვს ვერ დავასახელებ. მოგეხსენებათ, რომ დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ფერმერები ძალიან დაზარალდნენ. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობდნენ. ეს პროგრამა ჩავარდა. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი, რომელიც პროგრამაში იყო გაწევრიანებული, დაზარალდა.

- რას მოითხოვს ახლადჩამოყალიბებული არასამთავრობო ორგანიზაცია?

- ჩვენი ამოცანაა, რომ პრეზიდენტის ყურამდე მივიდეს ჩავარდნილი პროექტის ამბავი. ეს მთავრობამ და სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც აღიარა. მაგრამ, არა მგონია, იმ მდგომარეობის შესახებ, რაშიც აღმოვჩნდით თითოეული ჩვენგანი, პრეზიდენტი ინფორმირებული იყოს.

- თუ არ ვცდები, თქვენ ამ საკითხზე პრეზიდენტს წერილი გაუგზავნეთ. რა შედეგი მოჰყვა მას?

- დიახ, პრეზიდენტს ჩვენ წერილი გავუგზავნეთ ჩვენი ორგანიზაციის სახელით. მივმართეთ თხოვნით, რომ შესულიყო ჩვენს მდგომარეობაში, შეესწავლა თითოეული ჩვენგანის მდგომარეობა და მოეხდინა პროგრამის ფარგლებში აღებული კრედიტებიდან ვალების ჩამოწერა. განცხადება ჩაბარდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ჩაბარების საბუთი მე მაქვს. პასუხი პრეზიდენტიდან ჯერჯერობით არ მომსვლია. ასე რომ, პასუხს ველოდები...

ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ იმისათვის, რომ პრეზიდენტმა შეიტყოს ამ პრობლემის შესახებ. მე, დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ პრეზიდენტი პრობლემას დადებითად გადაწყვეტს. სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც მივწერეთ, თუმცა პასუხი არ ისმის. არცერთი სამთავრობო უწყება არ გვცემს პასუხს, ამ პროგრამით დაზარალებული ხალხის წინაშე ვალდებულებას არავინ იღებს.

- მხოლოდ დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ფერმერები არიან ორგანიზაციაში გაწევრიანებული?

- ამჟამად დასავლეთ საქართველოს მოვიცავთ, თუმცა არ გამოვრიცხავ, აღმოსავლეთ საქართველოდან შემოგვიერთდნენ. კერძოდ, კახეთის რეგიონიდან მიკავშირდებიან დაზარალებული ადამიანები და სურვილი აქვთ, გაწევრიანდნენ ორგანიზაციაში. ცოტა ხანში მთელ საქართველოს მოვიცავთ. არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისი ლანჩხუთში გვაქვს, ოფისი ჩემს საცხოვრებელ სახლშია განთავსებული. იმერეთი, გურია, სამეგრელო, მთელ დასავლეთ საქართველოს მოვიცავთ. მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენს პრობლემას, რაღაც ფორმით, მაინც გასცემს პრეზიდენტი პასუხს. მესიჯი გაგზავნილი გვაქვს და, იმედია, პრეზიდენტი გაეცნო. მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფოს დავალებით კრედიტები საკმაოდ იოლად გასცეს ბანკებმა. ეს იყო სახელმწიფო დავალება, რომ სოფლის  მეურნეობისთვის  შეეწყო ხელი. მაშინ ჩვენ მივმართეთ ბანკებს და ბანკებმა დახმარების ხელი გამოგვიწოდეს, თუმცა პროგრამა ჩავარდა. ხელისუფლება ვალდებულია, ბანკებიდან გამოტანილი ათასობით ლარი ჩამოგვაწეროს.

 

P.S. 28 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის წლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ, დებატების დროს, ქრისტიან-დემოკრატმა გიორგი ახვლედიანმა, მიხეილ სააკაშვილს საჯაროდ მოსთხოვა ჰიბრიდული სიმინდის პროგრამით დაზარალებული ადამიანებისათვის ბანკებიდან გამოტანილი თანხების ჩამოწერა. პრეზიდენტმა თანხმობის ნიშნად თავი დახარა და ოპონენტს უთხრა, ნუ ინერვიულებთ, ჩათვალეთ, დღეიდან ჩამოეწერათო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1461
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია