დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის „სილიკონის მოედანი“ უკვე ზესტაფონს გადაულოცეს
2012/02/13 12:07:06

ქუთაისელებისთვის ყინულზე სრიალის „სწავლება“ 480 ათასი ლარი დაჯდა, ზესტაფონელებს 12 ათასი ლარი დაუჯდებათ

გასულ წელს მხარისა და ქალაქის პირველმა პირებმა ცენტრალური არხების კამერების წინ დიდი ზარზეიმით გახსნეს ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, ყინულის (პლასტმასის, სილიკონ) მოედანი. 

მაშინ ჟურნალისტებთან საუბრისას მხარისა და ქალაქის პირველი პირები დიდი მოწონებით ამბობდნენ, რომ პლასტმასის მოედნისთვის განკუთვნილი თანხა - 480 000 ლარი  ადგილობრივი  ბიუჯეტიდან  გამოიყო  და  მოედნის  ულტრათანამედროვე საფარი სპეციალურად ინგლისიდან ჩამოიტანეს.

ამბობდნენ იმასაც, რომ 600 კვადრატული მეტრის ფართობის მოედანი 200 ადამიანს ერთდროულად მოემსახურება და ის 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. მეტიც, იმასაც დაგვპირდნენ - რომ იქიდან გამომდინარე, რომ საციგურაო მოედანი ქალაქისათვის უცხოა, მოედანზე ინსტრუქტორებიც იქნებიან, რომლებიც დამწყებ მოციგურავეებს სრიალს ასწავლიანო.

თუმცა, სამწუხაროდ, რეალობა სულ სხვაგვარი აღმოჩნდა. თანხა არა ადგილობრივი, არამედ რეგიონული განვითარების სამინისტროდან გამოიყო. 24 საათის ნაცვლად პლასტმასის მოედანი შუადღის სამი საათიდან საღამოს 7-მდე მუშაობდა, ინსტრუქტორები კი იქ თვალით არავის უნახავს. ხოლო, რაც შეეხება ულტრათანამედროვე და ინგლისიდან ჩამოტანილ პლასტმასის მოედანს, ის მზის სხივზე ბუშტივით იბერებოდა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ პროექტში დაგეგმილი იყო მოედნის გადახურვა, არ გადახურეს. ამის შესახებ გაზეთ „P.S.“-ში (?28, 2011 წლის 24-30 ოქტომბერი) დაიწერა.

მეტიც, სტატიაში დეტალურად იყო აღწერილი, მზის შუქზე გაბერილ სილიკონზე, სრიალის ნაცვლად, როგორ დაბაკუნებდნენ ბავშვები მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე შემდგარი ქალბატონებივით. ქალაქის სხვადასხვა უბნებიდან სპეციალურად საციგურაო მოედანზე მისული ბავშვები მიხვდნენ, რომ იქ მისვლას არანაირი აზრი ჰქონდა, რადგან                  „გორაკ-ბორცვიან“ მოედანზე სრიალი, ფაქტობრივად,  შეუძლებელი იყო, ამიტომ ხალხიც ნაკლებად დადიოდა. გახსნიდან რამდენიმე კვირაში კი მოედანი განუსაზღვრელი დროით დაიხურა.

მოედნის დახურვას თვეების წინ საზოგადოებაში გაკვირვება არ გამოუწვევია, რადგან, როგორც მოსახლეობა აცხადებს, ეს „ხელისუფლების მორიგი ფასადური საჩუქარი იყო“.

რატომ დაზიანდა რამდენიმე კვირის გახსნილი მოედანი? - ამ კითხვით ჩვენ გასული წლის ოქტომბერში კეთილმოწყობის სამსახურს მივმართეთ, სადაც ასეთი კომენტარი გააკეთეს: „ხელოვნურსაფარიან მოედანს მართლაც აქვს რაღაც ხარვეზები, რომლის გამოსწორებაც უახლოეს პერიოდში დაიგეგმება. რადგან კომპანიას, რომელმაც ეს სამუშაოები შეასრულა, თავისი საგარანტიო ვადა აქვს და აუცილებლად შევაკეთებთ უახლოეს პერიოდში.“

ეს ყველაფერი მოხდა თვეების წინ. როგორ მდგომარეობაშია დღეს პლასტმასის საციგურაო მოედანი, რომელიც, პროექტის მიხედვით, გადახურული უნდა ყოფილიყო და მასზე ბავშვებს წელიწადის ოთხივე დროს უნდა ესრიალათ? მოსწავლეთა პარკში მივედი, რომ გამეგო, ჩატარდა თუ არა სარეაბილიტაციო სამუშაოები, შეკეთდა და გადაიხურა თუ არა მოედანი. ადგილზე მისულს სულ სხვა სურათი დამხვდა. რეგიონალური განვითარების ფონდიდან ქუთაისისათვის გადმორიცხული 480 000 ლარიანი ულტრათანამედროვე ყინულის მოედნის არათუ შეკეთება, არამედ დემონტაჟი 20 დღის წინ განხორციელებულა. გაბერილი სილიკონის მოედანი საჩუქრად ზესტაფონისათვის გადაუციათ. არგუმენტი კი ასეთია:

„ძველ პლასტმასის მოედანზე, რომელიც ქუთაისის მოსწავლეთა პარკში იყო დამონტაჟებული, მოთხოვნა აღარ იყო. საზოგადოება იქ აღარ დადიოდა, რადგან, როგორც თქვენთვისაა ცნობილი, ქალაქში რამდენიმე თვის წინ გაკეთდა ყინულის მოედანი და ახალგაზრდობის უმრავლესობა იქ დადის. ეს კი უკვე, ფაქტობრივად, უფუნქციოდ იყო დარჩენილი. სწორედ ამიტომ, სამხარეო ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნული საციგურაო მოედანი ქალაქ ზესტაფონში გადაეტანათ“ (კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი).

დახურულ პლასტმასის საციგურაო მოედანზე, სადაც ხალხს დაზიანების გამო არ უშვებდნენ, საზოგადოების მოთხოვნა როგორ იქნებოდა?  საზოგადოება კი, ფაქტთან დაკავშირებით, ასე ფიქრობს.

ზანდა გოტიაშვილი, სტუდენტი: „მოსწავლეთა პარკის შესასვლელთან, უზარმაზარ ბანერზე, „საციგურაო მოედანი“ ეწერა, ადგილზე მისულს კი პლასტმასის მეტლახები დამხვდა. ეს იმით გაამართლეს, რომ თითქოს ჯერ ქუთაისელბი უნდა შევგუებოდით პლასტმასზე სრიალს და მერე ნელ-ნელა გადაგვიყვანდნენ ნამდვილ ყინულზე... ანუ ადაპტაცია - რომ არ გაგვჭირვებოდა ხალხს... რად გვინდა ადაპტირება, ისედაც გაყინულები და გათოშილები დავდივართ. როგორც ვიცი, ფინანსურადაც საკმაოდ კოლოსალური თანხა დაიხარჯა პლასტმასის მეტლახების დაგებაზე. ასულელეს ხალხი და ახლა კიდე უფრო გაგვასულელეს, ამ პლასტმასს ბორბლები დაუმონტაჟეს და ზესტაფონში გადაუბარგებიათ, ალბათ, მალე მათაც დააწინაურებენ და შემდეგ ყინულის მოედანს გაუხსნიან, ხოლო იმ პლასტმასის მოედნით კიდევ სხვა ქალაქს გაახარებენ.“

თამარ კლიმჩუკი: „არც პლასტმასის მოედანზე დავდიოდი და არც ყინულისაზე, მაგარმ ერთხელ მართლაც ვიყავი სპეციალურად წასული პლსტმასის მოედნის სანახავად. მიკვირდა, რომ ამბობდნენ პლასტმასისაა და ხალხი სრიალებსო. მეწყინა თუ წაიღეს, ქუთაისელებს კიდევ რაიმეს წაართმევდა ვინმე?!“

მოსწავლეთა პარკის დირექტორის გიზო თავაძის კომენტარი კი ასეთია: „რაც მეორე ყინულის მოედანი გახსნეს, დღე ისე გადიოდა, ჩვენთან თითქმის არავინ აღარ დადიოდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ სითხე, რომლითაც მოედანს ვამუშავებდით, ცოტა გვქონდა, ამიტომ მოედანი დახურული იყო. რამდენიმე დღის წინ კი, სამხარეო ადმინისტრაციის სურვილით, ის ახლა ზესტაფონში გადაიტანეს.“

საკითხთან დაკავშირებით სამხარეო ადმინისტრაციის უფროსს, ქალბატონ ზეინაბ ხაჩიძეს დავუკავშირდით, რათა უშუალოდ მისგან გაგვეგო, თუ რა იყო მიზეზი ქუთაისში მოსწავლეთა პარკში პლასტმასის მოედნის დემონტაჟისა. „აღნიშნული მოედანი იყო პირველი მცდელობა ქუთაისელებისათვის - ესწავლათ სრიალი. თუმცა, რადგან ქუთაისში არსებობს ბუნებრივი ყინულის მოედანი, სამხარეო ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, აღნიშნული მოედანი რეგიონში, კონკრეტულად კი - ზესტაფონში გადაეტანათ, რათა მათაც ისწავლონ ციგურებზე დგომა.“

აღნიშნული მოედნის გადატანა ზესტაფონის  ადგილობრივ თვითმმართველობას 12 000 ლარი დაუჯდა. ჯერჯერობით უცნობია, რა დროით დაამშვენებს ქალაქ ზესტაფონს სილიკონის მოედანი და რომელი ქალაქი იქნება შემდეგი, სადაც მას გადაიტანენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1330
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია