დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნინოშვილის ბაღს საპირფარეშოს ფუნქცია აქვს შეთავსებული...
2012/02/06 14:12:05

ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ბაღი, რომელიც წლების წინ საბჭოთა ხელისუფლებისათვის მებრძოლთა ხსოვნის ობელისკით იყო დამშვენებული, სადაც ვეტერანთა შეკრებები ტარდებოდა, დღეს, ფაქტობრივად, უფუნქციოდ და ნაგავსაყრელადაა ქცეული. აქ მოფანტული ბოთლები და ხის კენწეროებზე დროშებივით მოფრიალე პოლიეთილენის პარკების დანახვა არავის უკვირს. როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, მათთვის წლების წინ, ზაფხულობით სკვერში გადასვლა და მრავალწლოვან ხეთა ჩრდილში დაჯდომა დიდი სიამოვნება იყო. თუმცა მოსახლეობის ინიციატივით რამდენჯერმე დასუფთავებულ ბაღში, მდგომარეობა კვლავ გაუსაძლისია.

ბოლო სკამი, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების მიერ იყო ნაბოძები, გასული წლის ზამთარში გატყდა, იმის შემდეგ ამ სკვერში არავის მოუსვენია. ერთ დროს რამდენიმე ათასი კვადრატული მეტრის ფართობის ბაღს ახლა უკვე სხვა დანიშნულება აქვს და საპირფარეშოს ფუნქციაც კი შეითავსა. გვერდით მდგომი ტაქსისტები და შემთხვევითი გამვლელები სკვერში ფიზიოლოგიურ მოთხოვნებს უსირცხვილოდ იკმაყოფილებენ.

„რაც ეს ქვეყანა აირია, ბაღის მდგომარეობა იმის შემდეგაა ასე.  დადიოდა აქ ერთი კაცი, ალაგებდა და როგორც თვითონ ამბობდა, ამაში 80 ლარს აძლევდნენ, თუმცა სამი წელია, არც ის კაცი გამოჩენილა - ასე თქვა, არც ის 80 ლარი მომცესო. როგორი მდგომარეობაა, თქვენც ხედავთ, ფაქტობრივად, ნაგავსაყრელადაა ქცეული ჩვენი სკვერი და საპირფარეშოდ,“ - გვითხრა ნინოშვილის სკვერის წინ მცხოვრებმა გენადი ხურციძემ.

„ბოლოს  როდის დაასუფთავეს, აღარც კი მახოვს. ერთხელ დავასუფთავეთ, მაგრამ ისევ დანაგვიანდა. ახლა სულ მოსახლეობა რას დაალაგებს, ეს კი არა, ზოგს სახლის დალაგება ეზარება. საპირფარეშო და სანაგავო გვაქვს წინ. ცოტა ხნის წინ განათებისთვის  ამოყარეს ორმოები, განათება აღარ გააკეთეს და ხალხი წარა-მარა ვარდება შიგ,“ - აღნიშნა აქ მცხოვრებმა ზურაბ ენდელაძემ.

რამდენიმე თვის წინ ქუთაისის მერის მოადგილემ დავით ანდღულაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას, მოსახლეობას ჩვეული დაპირებით უთხრა, რომ სკვერი არათუ ერთჯერადად დასუფთავდება და ყოველდღიურად დაიგვება, არამედ - მისი რეაბილიტირებაც კი იგეგმება და სულ მალე კიდევ ერთი განახლებული ბაღი ექნება ქალაქსო. იმის შემდეგ, რამდენიმე თვე გავიდა, ბაღში არსებულ ნაგავს კი კვლავ ემატება ნაგავი. გაზეთი „P.S.“ დაინტერესდა, თუ რატომ არ შეასრულა ხელისუფლებამ სიტყვა და ხომ არ იყო ეს მათი მორიგი უშედეგო დაპირება. „ნინოშვილის სკვერის რეაბილიტირება აპრილის თვეში დაიწყება და  დაახლოებით ოქტომბერში დასრულდება. მასზე და ხარაზოვის ბაღზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი არის გამოყოფილი. სკვერებში დამონტაჟდება: შადრევნები, ლამპიონები და ახალი სკამები, ვფიქრობ, რომ აღნიშნულ სკვერში დასვენება ჩვენი მოსახლეობისათვის ძალიან სასიამოვნო იქნება,“ - განაცხადა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ლევან ჭანჭალეიშვილმა.

ნინოშვილის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს ახლა ისღა დარჩენიათ, გაზაფხულის დადგომას დაელოდონ: იქნებ ხელისუფლებამ დაპირება მართლაც შეასრულოს...

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1578
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია