დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
უბრალოდ, ჩამეხუტე!
2012/01/30 12:35:58

„შეიძლება, ჩაგეხუტოთ?“ - ამ სიტყვებით მიმართავდნენ 21 იანვარს ქუთაისელი ახალგაზრდები უცნობებს თუ ნაცნობებს რადგან ჩახუტების საერთაშორისო დღეს აღნიშნავდნენ. იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1986 წელს, მიჩიგანის შტატში მცხოვრებმა კევინ ზაბონმა დააარსა. გარკვეული დრო დასჭირდა იმას, რომ სხვადასხვა ქვეყნებშიც გაეთავისებინათ ეს დღე, საქართველოში კი უკვე მესამე წელია აღნიშნავენ. აქცია მერიის წინ მდებარე სკვერში იმართებოდა, სოციალური ქსელის მომხმარებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ერთი კვირით ადრე გაეგოთ აქციის შესახებ. ეგრეთწოდებულ „Free Hug“-ზე ადამიანებს შეუძლიათ, ჩაეხუტონ ყველას - მოხუცს, ახალგაზრდას, ბავშვს, სულიერს და უსულოს, ვისაც როგორ გაუხარდება, მთავარია, ორმხრივი იყოს სურვილი. როგორც გავიგეთ, ქუთაისში აქციას ორგანიზებას უწევდა გაგა ჩიხლაძე და ქრისტი ქუთათელაძე.

 

მაგრამ აქციაზე, თბილისისგან განსხვავებით, სულ რაღაც ოთხი ადამიანი შეიკრიბა. ერთ-ერთი მონაწილე - სტუდენტი და ბლოგერი თამარ რაზმაძე გვესაუბრა ამ დღესთან დაკავშირებით:

- რომ მივედი, მხოლოდ ორგანიზატორები დამხვდნენ, ხალხმრავლობას ველოდი, სტუდენტებს, ბევრ ნაცნობს და უცნობს, მეგონა მხიარულება იქნებოდა და ენერგიულად, სიხალისით შევუდგებოდით უფასო ჩახუტების დარიგებას, მაგრამ... „ნურას უკაცრავად, ვერ მოგართვით“, მე სულ დამავიწყდა, რომ ქუთაისელი ვარ და ამ ქალაქში ვცხოვრობ („უხვი ოპტიმიზმი ვნებს ადამიანს“), ასე იმედგაცრუებული და ცოტა „სახე დაღრეჯილი“ ველოდებოდი სხვა მონაწილეების მოსვლას. სულ 4 კაცი შევიკრიბეთ და ოდნავ უხალისოდ დავიწყეთ ჩახუტებები. ვცდილობდი მეაქტიურა და მუხტი შემომეტანა აქციის მონაწილეებში. მსვლელობა მთავარი სკვერიდან მერიის მიმართულებით დავიწყეთ. ყველას შესაბამისი პლაკატები გვეჭირა ხელში. გამვლელებს ვეძებდით. ჩვენს დანახვაზე ზოგი იღიმოდა და ნაბიჯს უმატებდა, ზოგს ვერ გაეგო და წარბებშეკრული დიდხანს აკვირდებოდა პლაკატს.
რამდენიმე გოგონაც გამოჩნდა, რომლებიც გვიღიმოდნენ და მიხვდნენ, რომ ცუდს არაფერს ვუპირებდით, თამამად ჩაგვიხუტეს. გავიფიქრე, მგონი, ლენტიც გაიჭრა-მეთქი. შემდეგ იყვნენ სხვები და ასე, ნელ-ნელა, „დაიქოქა“ ჩვენი  „Free hug“ დღე. ყველაზე მეტად რამაც გამაკვირვა, იყო ბიჭების რეაქცია და მათ მიერ წამოსროლილი რეპლიკები. „შენ რო ჩეგეხუტო, ცოლი გამიბრაზდება“ „მაგი სიტყვით არ შეიძლება?“

„დაიკო, კაიფში ხარ შენ?“

როგორც ჩანს, საზოგადოების დიდი ნაწილი არ არის ჯერ მზად, მსგავს აქციებს ღიმილით შეხვდნენ და უბრალოდ ჩაეხუტონ ერთმანეთს, ეს დღე ხომ წელიწადში ერთხელ აღინიშნება. თუმცა კაცია და ხასიათი, ზოგს ჩახუტების ნერვები არ აქვს, ზოგს კიდევ არ უნდა და მორჩა, მაგრამ ისეთი ადამიანებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც არ იუკადრისეს და, უბრალოდ, ჩაეხუტნენ ერთმანეთს, ეს ხომ სითბოს და სიყვარულის ერთგვარი გამოხატულებაა.“

აქციის ბოლოს მონაწილეებმა ბაზარში შესვლა გადაწყვიტეს. როგორც თამარი ამბობს:

„ჩემდა გასაკვირად, ბაზარში მყოფი საზოგადოება საოცრად თბილი აღმოჩნდა. მეგონა, რომ ამ სიცივეში, ყინვაში და ქარში ხელს აგვიქნევდნენ. არადა, დიდი სიხარულით, ღიმილით გვეხუტებოდნენ. რადიკალურად სხვადასხვა საზოგადოება დავინახე: ბაზარში მყოფი გლეხები, რომლებსაც შუა ცეცხლი ენთოთ დახლებქვეშ და ასე თბებოდნენ ამ სიცივეში თბილად გვიღებდნენ თავისი გულკეთილობით და მეორე - ცენტრალურ ბაღთან მყოფი ხალხი, რომელთაგანაც ზოგი თბილი კაბინეტიდან გამოდიოდა და გარეთ ზოგს მანქანა ელოდებოდა, ზოგს კიდე საყიდლებზე აგვიანდებოდა, ზოგს კიდე რა... რომლებიც ასე უკადრისობდნენ და არ გვიკარებდნენ სიახლოვეს.

ალბათ, გავა დრო და მოსახლეობა მიეჩვევა მსგავს აქციებს, აქ ხომ ცუდი არაფერია: უბრალოდ ჩავეხუტოთ, ერთმანეთისადმი სითბოს გამოსახატავად.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1366
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია