დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ესემესით“ ნასწავლი ჟარგონები
2012/01/23 11:26:02

ერთმა ნაცნობმა მითხრა, დღეს გოგო-ბიჭები „ესემესით“ იმახსოვრებენ ახალ სიტყვებს, ცდილობენ, ერთმანეთს მიბაძონ და „თანამედროვეობაში“ გაეჯიბრონო.

 

რამდენიმე დღის წინ ორი, სავარაუდოდ, 16-17 წლის (X-XI კლასელი) გოგოს დიალოგი რომ მოვისმინე, სწორედ იმ ნაცნობის ნათქვამი გამახსენდა:

- მასწავლებელთან ვიყავი ინგლისურზე და ისეთი რაღაცეები გავიგე, სულ რომ გამომადგება.

- ახალი სიტყვები ჩაგაწერინეს? - ეკითხება მეორე

- არა.

- აბა?

- ახალი სიტყვები ვისწავლე, ოღონდ - ვაფშე თანამედროვე.

- ვაუ! არ თქვა, მასწავლებელმა ჩაგვაწერიაო.

- არა, გოგო. ერთი ბიჭი მიმესიჯებდა, მაგარი ჩაზმანულია, ქუჩასთან კარგადაა. გაგებულია,  რა, და ისეთ სიტყვებს  მწერდა, მაგათი მნიშვნელობის  აზრზეც  არ   ვიყავი.          „პრისტუპნიკი“, იცი, რას ნიშნავს?

- კი, ძაან სვეცკია, ხო?

- უფრო მეტს ნიშნავს. ზუსტად არ ვიცი. მარა, ასეთი ბიჭები მომწონს. მურტალოს ტიპის არიან. „დერსიკი“ თანამედროვეს ნიშნავს, ტელეფონში მიწერია. წაიკითხე და შენც გამოგადგება, ესემესით მაინც ისწავლე ჟარგონული ლაპარაკი.

- ტელე გაფუჭებულია და ვერ ჩავწერ. ცოტა ხანში პასტას და რვეულს ვიყიდი და გადავწერ მაგ სიტყვებს.

- ხო, გადაწერე. შენ მაღალფარდოვნად რო გიყვარს ლაპარაკი, მაგას სჯობია, „დერსკი“ სიტყვები იცოდე და არ ჩაბანძდე. ხომ ხედავ, მე ინგლისურსაც ვსწავლობ და სხვა რამეებსაც. შენ არ იცი, მე რა „ზამაშკები“ მაქვს. კიდევ გავიგე „პრავი“, „გაპრავება“. ამის მნიშვნელობა შენ არც გეცოდინება. ბიჭებმა მითხრეს, ახლა შემოვიდაო ბევრ რამეს ნიშნავს, რა. თუ მაგარი თინეიჯერი ხარ, უნდა იცოდე! ჩვენ რით ვართ ვინმეზე ნაკლები. ხო, ჩემ მშობლებს ისევ ქალიშვილობა გონიათ მოდაში, არადა, რა ბანძები არიან! რა დროს ეგაა!..

- ადრე ბიჭს რო გაიცნობდნენ და ერთხელ ეკოცნა, ცოლად მიყვებოდენ, ვინმეს რო არაფერი წამოეძახებია...

- რა საცოდავები იყვნენ! ახლა თავისუფლებაა. ანუ ის უნდა აკეთო, რაც გინდა.

ამ საუბრის მოსმენის შემდეგ 10-მდე მოზარდს გავესაუბრე და დავრწმუნდი,   რომ   მობილურით    მიღებული „მესიჯები“ მათ ძალიან ეხმარებათ ლექსიკის „გამდიდრებაში“ და მშობლიური ენის უარყოფაში.

 

***

მოზარდების თემასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ფსიქოლოგ ლალი ნაკაშიძეს.  

- მოზარდობა ერთ-ერთი ურთულესი ასაკია ადამიანის ფსიქო-ფიზიკურ განვითარებაში. მას თანმხვედრად უნდა ჰქონდეს აღზრდის მოტივაციური დამოკიდებულებები. ანუ აღზრდის დროს რეალობა ადეკვატურად უნდა მიეწოდოს მოზარდებს, რათა ბავშვმა კარგად აღიქვას ყველაფერი ის, რაც მის ირგვლივ არსებობს და ხდება. ყოველდღიური ცხოვრების რიტმი იმდენად სწრაფი და ძლიერია, რომ ახალგაზრდა ვერ უძლებს მოზღვავებულ სექსო-ფსიქოლოგიურ პრობლემებს. უამრავი აუხსნელი დეტალი ხდება მის გარშემო, რომელსაც ახსნა ესაჭიროება. და, რატომღაც, ამ დროს ყველაზე ნაკლებად მშობლები აქტიურობენ.

- როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში მშობელი?

- შვილის მეგობარი უნდა გახდეს აუცილებლად. მშობლები ზოგჯერ ფიქრობენ, რომ მატერიალური უზრუნველყოფა საკმარისია შვილის აღზრდა განვითარების სრულყოფისათვის. მოზარდს აუცილებლად უნდა მივცეთ სათქმელის თავისუფლება. იქამდე კი შვილის ნდობის მოპოვებაა საჭირო. თუკი შვილსა და მშობელს შორის ნდობის ფაქტორი არ არსებობს. მაშინ, ბუნებრივია, სათქმელის თავისუფლებაც არ იქნება. როცა მშობელი შვილთან ერთად განიხილავს მოზარდობის ასაკთან დაკავშირებულ პრობლემებს, მაშინ პასუხებიც გაცემული იქნება ყველა კითხვაზე.

- რა გზით ცდილობს მოზარდი საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას?

- მოზარდი სხვადასხვა მეთოდით იბრძვის თვითდამკვიდრებისთვის. ამდენ თეთრპერანგიანში მეც თეთრი პერანგით თუ არ დავდივარ, ეს იმას ნიშნავს, რომ საწინააღმდეგო მიმართულებით მივდივარ და როცა 90% ფიქრობს ასე, ამიტომაც შემოდის ზანგური კვარტლების ტერმინები. ჟესტიკულაციით თუ სიტყვებით. ამბობენ: „რა მაგარია“, როცა გვაქს: „რა კარგია: „რა არაჩვეულებრივია!“ ეს ქართული სიტყვები მიტომ დაიკარგა, რომ მოზარდებს მიეწოდებათ ფილმბები, სადაც ინფორმაციაა არა განვითარებული სოციალური კლასისა, არამედ - შეზღუდული სოციალური უფლებების მქონე კლასისა. პერიფერიებიდან მოდის ინფორმაცია. ამიტომაც ამბობს მოზარდი: „რა მაგარი ხარ!“ კიდევ ვიმეორებ,  რომ ფილმებიც, მათი გახმოვანებაც სერიოზულ გავლენას ახდენს მოზარდის განვითარებაზე.

ასაკობრივ თავისებურებებს ახასიათებს ფიზიოლოგიური ცვლილებებიც. უჩნდება სახეზე გამონაყარი, კიდურები უგრძელდება, ხდება სახის დეფორმირება. აღარ არის ის მოსაფერებელი და ლამაზი ბავშვი, რომელიც ადრე იყო. ბავშვობა დატოვა და გადავიდა მოზარდობაში. შესაბამისად, როცა სარკეში იხედება, უჩნდება კითხვა, თუ რატომ არ არის სასურველი და ეძებს გზებს, რომლითაც ლამაზი გახდება. მოზარდისთვის ყველაზე მთავარი მაინც არის მშობელი. დედამ უფრო დიდი დრო უნდა დაჰყოს შვილთან, განსაკუთრებით - მოზარდობის დროს.

სამი წლის ასაკში ჩნდება კრიზისი. ბავშვი ამბობს: „მე თვითონვე“ და ამას ჯიუტად იმეორებს, ჩვენ კი ამ დროს, შესაძლოა, დავტუქსოთ. არადა, ის ჯიუტი კი არაა, არამედ პიროვნების კითხვები უჩნდება, მეც მინდა, დიდი ვიყო. და მერე ეს განსაკუთრებით მოზარდობაში მძაფრდება.

ადრე მოზარდობა 11-12 წლიდან იწყებოდა, ახლა 9-10 წელზე დავიდა. ეს ინფორმაციის მიწოდებითაა განპირობებული: მინდა-არ მინდა, ჩემი შვილი ტელეეკრანზე ისეთი მომენტებს ხედავს, რომლებიც მის ფსიქიკაში კითხვებს იწვევს და ცნობიერების მოთხოვნილება ჩნდება, რომლისთვისაც სახელი ვერ დაურქმევია.

რაც შეეხება ქალიშვილობას, ტელევიზიით, საზოგადოებაში ჩნდება ისეთი ადამიანების პიარი, რომელიც ქალიშვილობის ინსტიტუტს ამსხვრევენ. ჩემი პროფესია მკარნახობს. რომ ასე არ შეიძლება. პიარი კარგი რამეებისთვისაც შეიძლება. მე ვნახე ფილმი, სადაც მამას და შვილს სქესობრივი კავშირი ჰქონდათ. ასეთი ინფორმაცია არ უნდა მიეწოდოს ბავშვს. არადა, საინფორმაციო საშუალებები ასეთ ინფორმაციებს თავისუფლად უშვებენ. მერე რა, თუ განსხვავებულად ვიცხოვრებთო, გვეუბნებიან. ადამიანში პოტენციურად თუ არის სულ ცოტა ინტერესი, მას მოჰყვება ცოდნა მიღებული ინფორმაციიდან. ე.ი. ინტერესი, ცოდნის დაკმაყოფილება და... ბოლოს ვღებულობთ გაუკუღმართებულ ადამიანს.

- რაში ხედავთ გამოსავალს?

- მთავარია ოჯახური აღზრდა. მშობელი და პედაგოგი ერთნაირად უნდა ზრუნავდნენ მოზარდის სწორ აღზრდაზე. ოჯახში თუ კონფლიქტური სიტუაციაა და მამა მიუღებელი ფორმით მიმართავს შეუღლეს, მაშინ რატომ წყდებათ გული, თუკი შვილიც ანალოგიურს იმეორებს?! ამიტომაც, მშობელი და პედაგოგი,  ერთად უნდა  „აცხობდნენ“ იმ პროდუქტს, რომელსაც, უხეშად რომ ვთქვათ, მოზარდი ჰქვია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3996
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია