დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დედაქალაქი - მხოლოდ სამშენებლო ცემენტის ხარჯზე?
2012/01/23 11:19:57

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არც ლითოფონის  ქარხნის ამუშავებას დაგვპირებია და არც ავტოქარხნიდან ავტომობილების გაგზავნას მოძმე რესპუბლიკებში. მან, უბრალოდ, ქუთაისის მეორე დედაქალაქად გადაქცევა გადაწყვიტა.

ახალი სტატუსის მქონე ქალაქში, პირველ რიგში, პარლამენტის, მთავრობის სახლის და კონტროლის პალატის გადმოტანა გადაწყდა. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანამ კი ახალი შენობები და გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა მოითხოვა.

განახლებული ოპერის თეატრი, რეაბილიტაციადაწყებული ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, საძირკველჩაყრილი და ზრდადაწყებული პარლამენტის შენობა, სწრაფად დასრულებული, მთავრობის  სახლად  წოდებული „ფირუზის სასახლე“,  სადაც,  ჯერ  კიდევ ამოუცნობია, ვინ მუშაობს მომხიბლავი შუშების მიღმა... განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია იმ მუშათა შრომა, რომლებიც, ცუდი ამინდის მიუხედავად, ქუჩებში გულმოდგინედ აგებენ მრავალჯერ აყრილ ქვაფენილს და წარმოუდგენლად სწრაფად ასრულებენ ყოფილ კინო-თეატრ „საქართველოს“ შენობის რეკონსტრუქციას, შენობისა, პრეზიდენტმა რომ საზეიმო ვითარებაში გახსნა, ქუთაისელი ბავშვებიც მოთმინებით ელოდნენ მსოფლიო ფილმების პრემიერებს, მაგრამ ის ადრინდელ მდგომარეობას დაუბრუნდა და... კიდევ ხარაჩოებშია.  საძირკველი  ჩაეყარა „ეკოლოგიურად სუფთა“ კოპიტნარის აეროპორტის მშენებლობას. ქალაქში გაიხსნა ორი ყინულის მოედანი... ყინულის რა, საზოგადოება ჯერ სილიკონზე სრიალს მიეჩვია, მოგვიანებით კი ნამდვილ ყინულზე გადაინაცვლა. გაკეთდა პალმების ხეივანი (300 პალმის ქვეშ გავლის შემდეგ ყოველთვის გიჩნდება სურვილი, სადმე ზღვასაც წააწყდე...), მოეწყო ველოტრასები, სადაც ველოსიპედი მხოლოდ გახსნის დღეს ნახეს, როდესაც პრეზიდენტი სეირნობდა ბავშვებთან ერთად... კიდევ ერთხელ გადაიღება ფასადები და ამ ყველაფრის ფონზე ქალაქში თითქოს ყველაფერი ამოძრავდა, ძეგლებიც და შენობებიც. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმთან ერთად, ცენტრალური მოედნიდან „გააძევეს“ დავითის ძეგლიც, რომელიც „შედარებით სუფთა გარემოში“ გადაიყვანეს - რკინიგზის სადგურთან. მოედანზე გრანდიოზული შადრევნის მშენებლობა  ისეთი ინტენსიობით მიმდინარეობს, რომ, შესაძლოა, მიმდებარე ტერიტორიის განახლებამდეც კი გაიხსნას. ქალაქში ჩასატარებელი სამუშაოების და გულმოდგინედ მომუშავე მუშების რაოდენობა სულ უფრო იმატებს. აი ასე, იმ ერთმა გადაწყვეტილებამ აქცია პატარა ქუთაისი დიდი ხარაჩოების ქალაქად და, როგორც ოფიციალური მედიასაშუალებები იუწყებიან, აღმშენებლობის გზას დაადგა.

„ოდნოკლასნიკიდან“ „ფეისბუქში“ გადაბარგებულთა თაობას  მივმართეთ შემდეგი კითხვით:

- რას ფიქრობთ ქუთაისზე, როგორც მეორე დედაქალაქზე?

შალვა კეთილაძე, 20  წლის, თბილისის მცხოვრები: „თბილისი ძალიან გაიზარდა, აქ მოიყარა თავი ყველაფერმა, ის თითქოს თავკომბალას დაემსგავსა, მე პირადად, ძალიან მომწონს იდეა - ქუთაისი, როგორც მეორე დედაქალაქი. ეს ხელს შეუწყობს ფუნქციების გადანაწილებას, მაგრამ, ამავდროულად, ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ეს მხოლოდ ქვეყნის გამო არ გაუკეთებია: გადაწყვეტილება იდეალურია მიტინგებიდან თავის დასაღწევადაც, ოპოზიცია ვეღარ მოახერხებს რამდენიმე ქალაქში ხალხის მობილიზებას. ასე, რომ მე მინდა წარმატებები ვუსურვო ახალ ქუთაისს.“

ბადრი ტყეშელაშვილი,  ქუთაისი:          „ეს კარგია ჩვენი ქალაქისთვის, მაგრამ, ცუდია ქვეყნისთვის. მეორე დედაქალაქობა მხოლოდ სტატუსი ხომ არ არის, მას თან მოჰყვება მთელი რიგი უწყებები, რაც გამოიწვევს იმას, რომ თბილისში მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი დარჩება, ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა და, ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდება უფრო სერიოზული კვლევები, რათა გათვალისწინებული იქნას საზოგადოების აზრი.“

ელო კუხიანიძე, 23 წლის, ქუთაისი: „მე, პირადად, მეორე დედაქალაქი ბათუმი უფრო მგონია, ვიდრე ქუთაისი.“

ეთო პავლიაშვილი, 17 წლის, თბილისი: „გაგიჟდი შენ?! მე არ მინდა, ეგრე რომ იყოს, სისულელეა!“

ლიკა გენელიძე, 19 წლის, ქუთაისი: „ვფიქრობ, ეს ფაქტი მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის სწრაფი ტემპით განვითარებისთვის, გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა, მოიმატებს სამუშაო ადგილების რაოდენობა და, ვიმედოვნებ, რომ ახალგაზრდების უმრავლესობას ბედის საძიებლად თბილისში წასვლა აღარ მოუწევთ. ასე რომ, იდეა განსახორციელებლად რთული, მაგრამ სასურველია.“

თამარ რაზმაძე, 20 წლის, ქუთაისი: „დავიწყოთ იმით, რომ საერთოდ არ მესმის, რას ნიშნავს ტერმინი „მეორე დედაქალაქი.“ ეს სტატუსი, ალბათ, ქალაქს მეტად დატვირთვის და გამოღვიძების საშუალებას მისცემს, რაც ძალიან კარგია, მე იმედით უყურებ ამ გადაწყვეტილებას, შედეგს დრო გვიჩვენებს.“

იმავე კითხვით ქუჩაში გამვლელებსაც მივმართეთ.

ჟენია ფხაკაძე, 73 წლის: „რა უნდა ვიფიქრო, ბებო, რაც კარგი გაკეთდება ამ ქალაქისთვის, გამიხარდება და მივესალმები. იმდენი შეგვეძლოს, რომ ეს უცხოეთში გადახვეწილი ხალხი სახლში დაბრუნებულიყოს! არ შეიძლება, ყველა წასვლას ფიქრობდეს, მაშინ ვისთვის ვაკეთებთ ამდენ რამეს.“

გივი ფირცხალავა, ტაქსისტი: „ამ გადაწყვეტილებამ არამარტო ქუთაისი, საერთოდ, დასავლეთი გამოაცოცხლა. ყურადღება მიექცა ისეთ სოფლებს და ქალაქებს, მივიწყებული რომ იყო. მაგრამ, ამავდროულად, არის მინუსებიც, არ შეიძლება მეტი აქცენტი გაკეთდეს დროზე და არა - ხარისხზე. მშენებლობისთვის უნდა შეირჩეს სწორი დრო რადგან ვფიქრობ, რომ ზამთარში, თან სადღესასწაულო დღეებში, ცენტრალური მოედნის გადაკეტვა არ შეიძლება. აბა სხვა რა ვიცი, რაც კარგი გაკეთდება, წაადგება ჩვენს ქალაქს და ქვეყანას.“

როგორც ჩანს, საზოგადოებაში ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ჩვენ, ქუთათურები, კი, დედაქალაქი დედაქალაქობდეს და, გადათხრილ ქუჩებს, უზარმაზარ გუბეებს, ფასადებზე ჩატარებულ საღებავის ექსპერიმენტებს და მარადიულ ხარაჩოებს კი ავიტანთ, ოღონდაც ამას რეალური ცვლილებები მოჰყვეს.

 

ნონა ქარციძე, სტუდენტი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1522
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია