დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
განთავისუფლებულ თანამშრომლებს მუზეუმის შენობაში არ უშვებდნენ
2012/01/23 11:17:58

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმიდან 2012 წლის 3 იანვარს რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს. მიმოზა ჟორჟოლიანი, ნინო კუტივაძე და დარეჯან ივანიძე წლების განმავლობაში მუშაობდნენ მუზეუმში. 2012 წლის 18 იანვარს, მას შემდეგ, რაც განთავისუფლებულმა თანამშრომლებმა მუზეუმის ადმინისტრაციასთან შეხვედრა და სიტუაციაში გარკვევა მოითხოვეს, მუზეუმის დაცვამ ისინი შენობაში არ შეუშვა. მიზეზად ადმინისტრაციის ადგილზე არყოფნა დაასახელეს.

 

 

ქალბატონებმა პატრულის გამოძახებით განიზრახეს პრობლემის მოგვარება. უნდა აღინიშნოს, რომ მუზეუმის შენობაში არც დაცვამ და არც პატრულმა ჟურნალისტებიც არ შეუშვეს. მოგვთხოვეს დიქტოფონების გამორთვაც და როდესაც ვიკითხეთ, რატომ?  პასუხი იყო ასეთი: „იმიტომ...“ და მუზეუმის კარი მჭიდროდ დახურეს.

ყოფილი თანამშრომლები მხოლოდ იმის შემდეგ შეუშვეს, რაც მუზეუმის იურისტი გიორგი წიქორიძე მოვიდა. ჩვენთან საუბრისას მუზეუმის ყოფილმა თანამშრომელმა ნინო კუტივაძემ განაცხადა:

„დაცვამ კარები არ გაგვიღო, თუმცა მიზეზი არ უთქვამთ. შემდეგ დაურეკეს იურისტს და მერე გვითხრეს, შემობრძანდითო. ახლა როგორ შემოვიდე, აქამდე რატომ არ გამიღეთ კარები-მეთქი და - აქამდე ადმინისტრაცია არ იყო მოსულიო.“

იურისტისაგან გამოსულმა ყოფილმა თანამშრომლებმა თქვეს, რომ  გიორგი წიქორიძემ მათ მისცა დოკუმენტაცია, რის საფუძველზე მოხდა გათავისუფლება. „გადავხედავთ ამ დოკუმენტაციას და ყველაფერს გავარკვევთო.“

ნინო კუტივაძე: „პირადად მე მითხრა, რომ არა ხარ კვალიფიციურიო. 35 წელი თუ კვალიფიციური ვიყავი, ახლა რატომ არ ვარ? ყველაფერი ბურუსით და ბნელით არის მოცული. გასაგებია, რომ გათავისუფლება შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს გათავისუფლება ბნელით მოცული ხომ არ უნდა იყოს და რაღაცები ხომ არ უნდა მოსდევდეს. როდესაც გეუბნებიან, რომ ჩვენ არ ვათავისუფლებთ პენსიონერ ადამიანებსო, მაგრამ ლანჩავა კასტებად ყოფს თანამშრომლებს - ეს არის ჩვენიანი და ეს არ არის ჩვენიანი, - არ ვიცი, რის მიხედვით იყოფა ეს კასტები. მე ვიყავი მხოლოდ ჩემი სამსახურით და ოჯახით დაკავებული, არანაირი პოლიტიკური ორიენტაცია და არანაირი სხვა მიმართულება არ მქონია. თვითონ იყო, ბონდო შალიკიანის ნდობით აღჭურვილი პირი.

ხდებოდა შეზღუდვები თანამშრომლების მიმართ, ანუ მათთვის, ვინც „მისიანთა“ სიაში არ იწერებოდა. მაგალითად, ყველა თავისიან თანამშრომელს ნებისმიერ დროს შეეძლო, გასულიყო სამსახურიდან და, როცა მოესურვებოდა, მოსულიყო. ასევე გეტყვით, რომ  ჩვენთან, მუზეუმში, უმრავლესობა ცხოვრობს ერთი და იგივე ადგილზე. საინტერესოა, რატომ? ძალიან ბევრი თანამშრომელი ცხოვრობს კიკვიძის ბაღთან. სამი წელია, რაც მუზეუმს ომარ ლანჩავა ხელმძღვანელობს და სულ სკანდალები მოსდევს ამ პერიოდს. ერთი თანამშრომელი სამი თვით იყო წასული გერმანიაში. როცა ამბობდნენ, რომ კვალიფიკაციის ასამაღლებლად სამი თვით არის გერმანიაში წასული, რათა შეისწავლოს გერმანული ეთნოგრაფიაო ეს არის ცინიზმი და მსგავსი ბევრი რამ.“

მიმოზა ჟორჟოლიანი: „მეც ასევე განმიცხადეს, რომ არაკვალიფიციური კადრი ვიყავი. მე 1983 წლიდან ვმუშაობ ამ მუზეუმში და მის გარდა სხვა სამსახური არ მქონია. პრეზიდენტი ინაუგურაციის შემდეგ მოვიდა ჩვენთან, მიაქცია განსაკუთრებული ყურადღება მუზეუმს. ეს არის მართლაც იშვიათი მაგალითი, რომ ქვეყნის ხელისუფლება მუზეუმის თანამშრომლებს ხელფასებს უმატებს, შენობასაც აძლევს, რომ ეს ეროვნული კულტურის ძეგლები, რაც გვაქვს, შესამაბისად იყოს დაცული. ბატონმა ლანჩავამ დაარღვია პრეზიდენტის განკარგულება, დანიშნული ხელფასი რაც იყო, - 260 ლარის ოდენობით შეამცირა, შეაკოწიწა რაღაც შტატები და, რომ იტყვიან, რეფორმა გაატარა მიკერძოებით. ძირითად თანამშრომლებს ჩამოართვა ხელფასები. კონკრეტულად, მე 260 ლარიდან დამიყვანა 75-ზე 2010 წლის პირველი იანვრიდან. ასევე ხდებოდა შანტაჟიც, რომ დავრჩებოდი უმუშევარი, ასევე ფიზიკური განადგურების საფრთხე და ასე შემდეგ. მან ეს სიტყვიერი მუქარა განახორციელა 2010 წელს, შობა დღეს. მითხრა, რომ მარტო ვცხოვრობ და ჩემი მოკვლა ადვილია: რომ მოკვდები, შენი სიკვდილის მიზეზსაც ვერ გაიგებენო. ამის შემდეგ მე ვაცნობე ხელისუფლებას, რომ  საფრთხე მემუქრებოდა და ასეთ ცუდ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი. მე დამემართა რთული ავადმყოფობა ორი თვე ვიყავი პარალიზებული. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მე თუ დღეს ცოცხალი ვარ, სამართალდამცავი ორგანოების სიფხიზლის დამსახურებაა.“

მესამე ქალბატონმა, დარეჯან ივანიძემ, რომელიც ასევე გათავისუფლდა 2012 წლის 3 იანვარს, ჩვენთან საუბარი არ ისურვა და ტელეფონით მხოლოდ ეს გვითხრა: „ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ. ვილაპარაკებ მხოლოდ ერთ ადამიანთან და ეს არის პრეზიდენტი.“

მუზეუმის ადმინისტრაციის პასუხი მოკლეა: „მეცნიერ-კონსულტანტი მიმოზა ჟორჟოლიანი, ეთნოლოგიური კოლექციების ასისტენტ-რეგისტრატორი დარეჯან ივანიძე და მინის, ფაიფურის და კერამიკული კოლექციების ასისტენტ-რეგისტრატორი ნინო კუტივაძე გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1404
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია